„ცვლილებების დროა!“, „დაუცველი დამცველები“, „ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია!“, „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ - გაფიცული სოციალური მუშაკები აქციას თბილისის გარდა ბათუმში, ქუთაისსა და თელავშიც მართავენ. ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა დღეიდან, 25 მარტიდან დაიწყეს.
სოციალური მუშაკები გაიფიცნენ
რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან
გაფიცულებს მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW) და სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა სამუშაო პირობების გამო, რომელიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით შრომითი დავა წამოიწყეს. სოციალურმა მუშაკებმა შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვალს მიმართეს სამინისტროს.
მედიაციის პროცესი 18 თებერვალს დაიწყო და მათი თქმით, უშედეგოდ დასრულდა - „მოდავე მხარეს არ მიგვიღია არავითარი რეალური დაპირება“. მედიაციის დასრულების შემდგომ, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება მოიპოვეს.