
თბილისის მერი კახა კალაძე ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მშენებლობა კანონის ფარგლებში მიდის, შენდება მხოლოდ პატარა სახლები, რაც ძველ უბანს და გარემოს არ დააზიანებს. კალაძის თქმით, ამ ადგილას ბარაკები იყო, ახლა კი მოსახლეობას პირობები გაუმჯობესდება.
„ადრე ბარაკები იყო ამ ადგილას და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ადამიანები. დღეს ხდება მათი პირობების გაუმჯობესება და ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ არანაირ კორპუსებზე საუბარი არ არის. ესენია ორ-სამსართულიანი ტერასული სახლები და არც კოეფიციენტის მატებაა და ყველაზე მთავარია, რომ კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცესი.
როცა ვნახე გადათხრილი ნაკვეთი, მეც გამიჩნდა ეჭვი, რა ხდებოდა. გადავამოწმეთ და კანონის სრული დაცვით კეთდება ყველაფერი“, - თქვა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ.
თბილისის მერმა თანამშრომლებს უსაყვედურა, რომ მოსახლეობას და აქტივისტებს არ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მშენებლობა კანონის ფარგლებში მიდის.
„ჩვენ ინვესტორი დავავალდებულეთ, რომ ეკლესიის ღობე, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო, გაემაგრებინათ და ეს ვალდებულება ინვესტორმა აიღო. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ სამუშაოებით დაიწყო და ეს სამუშაოები შესრულდა. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, სწორი მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს“, - განაცხადა მერმა.
კახა კალაძემ წუხილი გამოთქვა, რომ ქალაქში მშენებლობებს, რომელიც ადრე განვითარებად მიიჩნეოდა, ხალხი ახლა დანაშაულად აღიქვამს.
„სამწუხაროა, რომ ის, რაც წლების განმავლობაში ითვლებოდა აღმშენებლობად, განვითარებად, დღეს უკვე მშენებლობა მიიჩნევა ერთგვარ დანაშაულად.
ეს კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა მესმის, რატომაა ასეთი დამოკიდებულება. იმდენი არასწორი პროექტი განხორციელდა, იმდენი პროექტია ისეთ ადგილზე გაკეთებული, რომელიც არ უნდა გაკეთებულიყო, ადამიანებში ჩნდება გრძნობა, რომ ყველა მშენებლობა, არის ის კანონის ფარგლებში თუ არა, არის დაუშვებელი“, - თქვა კახა კალაძემ.
„ტფილისის ჰამქრისა" და „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობა გუშინ გააპროტესტეს.
ტერიტორიაზე, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება, აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა დაუშვებელია, რადგან ტვერელის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალი აქვს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამასთანავე, აღნიშნული ტერიტორია შედის თბილისის ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში.