ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენციის ფარგლებში ტარდება წარმატებული ნარკოპოლიტიკების მოდელირებული გამოფენა, იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც ნარკოპოლიტიკა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და მიმართულია ჯანდაცვის გამოსავლების და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობისა, კეთილდღეობის და უფლებების გაუმჯობესებისაკენ.
გამოფენაზე წარმოდგენილია მტკიცებულებები თუ როგორ შეცვალა ადამიანებისა და საზოგადოების ცხოვრება ნარკოპოლიტიკის რეფორმამ და როგორი გავლენა იქონია მან ჯანდაცვის გამოსავლების გაუმჯობესებაზე, მათ შორის აივ/შიდსის და C ჰეპატიტების ეპიდემიებზე ეფექტიან პასუხზე.
გამოფენა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიმღები პირების დარწმუნებას ნარკოპოლიტიკის რეფორმის დადებით გამოსავლებზე და მათზე გავლენის მოხდენას საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციისათვის.
„ლიბერალი" ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენციის მედიამხარდამჭერია.
პორტუგალია - ხისტი ნარკოპილიტიკიდან ჰუმანურ მიდგომებამდე
ისტორია
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პორტუგალია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, სადაც ავტორიტარული ძალაუფლება ჯერკიდევ 1920-იან წლებში ჩამოყალიბებული პოლიტიკურად ორიენტირებული ფაშისტური დაჯგუფებების მიერ იყო განხორციელებული. პორტუგალია წმინდა კათოლიკური, ტრადიციული და კონსერვატიული ქვეყანა იყო, რომელსაც ავტორიტარული დიქტატორი ანტონიო სალაზარი მართავდა. სალაზარის მმართველობის პერიოდში, კათოლიკური ეკლესია დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე. დიქტატირული რეჟიმის დამხობის შემდეგ, 1970 წლებიდან ეს პრობლემა უკვე შესამჩნევი გახდა. ნახევარსაუკუნოვანი იზოლაციის შემდეგ, პორტუგალიელები არ იყვნენ მზად იმ დიდი ცვლილებებისთვის, რაც 1970-იანი წლების შემდეგ მოხდა. მათ არანარი ცოდნა არ გააჩნდათ ნარკოტიკების შესახებ, არ იცოდნენ განსხვავება მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებს შორის, რა პრობლემებს იწვევდა და რა რისკის ქვეშ აყენებდა მათ ჯანმრთელობას და სოციალურ-კულტურულ მდგომარეობას. 1999 წლისთვის პორტუგალია მეორე ადგილზე იყო ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (ნიმ) აივ-ინფექციის პრევალენტობით და ამ პოპულაციაში შიდსის გავრცელების უმაღლესი მაჩვენებელი ჰქონდა ევროკავშირში (EMCDDA, 2000). 1999 წელს ასევე გაიზარდა ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილის რიცხვი და მიაღწია პიკს (57%-იანი მატება 1997 წ-დან).
ევროპარლამენტარი: პორტუგალიამ დაამტკიცა, რომ დეკრიმინალიზაცია წარმატებული პოლიტიკაა
კუჭავა: პორტუგალიაში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დეკრმინალიზაცია აუცილებელია
ნარკოპოლიტიკა
პორტუგალიამ 2001 წლის, ივლისში 30/2000 კანონის საფუძველზე მოახდინა ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების და საკუთარი მოხმარების მიზნით 10 დღის ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზაცია. ეს ცვლილებები არ ახდენს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ლეგალიზაციას, ფლობა კვლავ აკრძალულია და ისჯება ადმინისტრაციული სახდელით, როგორიცაა ჯარიმა ან სათემო სერვისებში ჩართვა. ადმინისტრაციული სახდელის ტიპს განსაზღვრავს „გადარწმუნების კომისია“, რომელიც წარმოადგენს იურისტისგან, სოციალური მუშაკისგან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლისგან შემდგარ რეგიონალურ პანელს. პირი, რომელიც ფლობს ნარკოტიკულ საშუალებას პოლიციის მიერ მისი რეფერირება ხდება კომისიაში, სადაც ის უნდა წარდგეს 72 სთ-ის განმავლობაში.
კომისია წყვეტს დაუწესოს ისეთი სანქციები როგორიცაა სათემო სამსახური, ჯარიმა, პროფესიული ლიცენზიის შეჩერება და დანიშნულ ადგილებზე დასწრების აკრძალვა. თუმცა კომისიის წევრთა ძირითადი მიზანია დაარწმუნონ ახალი მომხმარებელი, რომ არ განაგრძონ მოხმარება, ხოლო დამოკიდებულების მქონე მომხმარებლები წაახალისონ, რათა ჩაერთონ მკურნალობაში. ისინი განსაზღვრავენ პირი დამოკიდებულია თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ აკისრებენ შესაბამის სანქციებს. ჯარიმები არასდროს არ გამოიყენება დამოკიდებული პირებისათვის. მათ კომისია მკურნალობაში ან სასწავლო პროგრამაში ჩართვის რეკომენდაციას აძლევს. კომისიის მიზანია მკურნალობაში ჩართვა მომხმარებლის სურვილებს ემყარებოდეს და არ იყოს ძალადობრივი. იშიათად სხვა სანქციები (არა მონეტარული) ეკისრებათ პირებს, რომლებიც უარს განაცხადებენ მკურნალობაზე. გადარწმუნების კომისია შექმნილია პორტუგალიის ყველა რეგიონში და მათთან რეფერირება ხდება როგორც პოლიციიდან, ასევე სასამართლოდან.
დეკრიმინალიზაციასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა რესურსების გამოყოფა პრევენციაზე, მკურნალობაზე, ზიანის შემცირებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე.
დეკრიმინალიზაციის გავლენა მოხმარების მასშტაბზე:
- ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება პორტუგალიაში ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია
- ზოგად მოსახლეობაში მოხმარების მაჩვენებელმა ოდნავ იმატა 2007 წლისთვის (მსგავსი ცვლილება დაფიქსირდა იმავე პერიოდში ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგრამ ეს ცვლილება უმეტესად დაფიქსირდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხმარების მაჩვენებელში, რომელიც ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი ინდიკატორია პრევალენტობის დასადგენად. ბოლო წლის და ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხმარების მაჩვენებელი სტაბილური დარჩა, ხოლო უკანასკნელი კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც 2012 წელს ჩატარდა, ეს მაჩვენებელი 2001 წლისაზე ოდნავ დაბალიც კი იყო
- შემცირდა მოხმარება მოზარდობის ასაკში. ისეთ სენსიტიურ ასაკში, როგორიცაა 15-24 წელი, რეფორმის გატარების შემდეგ შეიმჩნევა მოხმარების სტაბილური კლების ტენდენცია (ექსტაზის უმნიშვნელოდ მატების გარდა);
დეკრიმინალიზაციის გავლენა ჯანდაცვის ინდიკატორზე
- მნიშვნელოვნად გაიზარდა მკურნალობაში ჩართული პრობლემურ მომხმარებელთა რაოდენობა;
- აივ/შიდსის ახალი შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ზიანის შემცირების პროგრამების გაფართოების და დეკრმინალიზაციის შედეგად მომხმარებელთა მნიშვნელოვნად გაზრდილმა მონაწილეობამ სამედიცინო და სოციალურ პროგრამებში თითქმის სრულად აღმოფხვრა ინექციური გზით ინფექციის გავრცელების საშიშროება.
- დრამატულად შემცირდა ზედოზირების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი. დეკრიმინალიზაციის პირობებში შესაძლებელი გახდა ზიანის შემცირების იმ პროგრამების ფართოდ გავრცელება, რომლებიც ამცირებს ზედოზირებით გარდაცვალების რისკებს. 2001-2012 წლებში დოზის გადაჭარბებით გარდაცვლილთა მაჩვენებელი დაახლოებით 10-ჯერ არის შემცირებული;
დეკრიმინალიზაციის გავლენა ძალოვან ინდიკატორზე
- ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულთა რიცხვი ციხეში შემცირდა 44%-დან 21%-მდე 1999-2012 წლებში
- ნარკოტიკული დანაშაულისათვის დაკავებულ და სასამართლოში წარდგენილ პირთა რიცხვი შემცირდა 14.000-დან 6000-მდე თითოეულ წელს
- პოლიციის ფოკუსის გადატანა მოხდა გაცილებით მძიმე დანაშაულებზე და გაიზარდა ამოღებული ნარკოტიკების (კოკაინი, ჰეროინი, კანაფი და ექსტაზი) რაოდენობა.
დასკვნა
პორტუგალიის მსგავსი პატარა ქვეყანა, რომელიც ცნობილია თავისი კონსერვატიული ფასეულობებით, ძლიერი კათოლიკური ტრადიციითა და დემოკრატიის მცირეხნიანი ისტორიით, გახდა ნარკოპოლიტიკური რეფორმის საერთაშორისო, მისაბაძი მოდელი. მოხმარების საკითხის ჯანდაცვის სფეროზე დაქვემდებარებით, პორტუგალიამ მსოფლიოს თვალსაჩინო მაგალითი მისცა, თუ როგორ შეიძლება ეროვნულმა ნარკოპოლიტიკამ ყველასათვის სასიკეთოდ იმუშაოს. პორტუგალიის მაგალითი ამტკიცებს, რომ დეკრიმინალიზაცია არ ზრდის ნარკოტიკის მოხმარებას. უფრო მეტიც, მან აჩვენა, რომ ჰუმანურ და პრაგმატულ სტრატეგიებს, შეუძლია შეამციროს ნარკოტიკების მოხმარება, დამოკიდებულება, რეციდივიზმი და აივ ინფექცია.
ავტორი: მარიამ ფაშალიშვილი - ადიქციის კვლევების მაგისტრანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.