თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ავტობუსის მძღოლობის მსურველმა 25 ქალმა გაიარა კურსები, თუმცა დარჩა 2-კვირიანი ტექნიკური გადამზადების ეტაპი, რომლის შემდეგაც, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, დასაქმდნენ.
კომპანიის ინფორმაციით, გადამზადებას „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება ითვალისწინებს. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ გადამზადებულ 21 ქალს უკვე აქვს მართვის მოწმობა, 4 ქალიც აპირებს მართვის მოწმობის აღებას. ორკვირიანი პრაქტიკული სწავლებისთვის ამ 21 ქალიდან სამი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი ეტაპობრივად პრაქტიკულად შეისწავლიან ავტობუსის მართვას, მარშრუტს, ქალაქში მოძრაობას და ა.შ.
კომპანიის ინფორმაციით, ეს ის ქალები არიან, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, შეისწავლონ ავტობუსის მართვა და მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დასაქმდნენ. მათი ინფორმაციით, ქალები ამის შესახებ ინფორმირებულები არიან. ამ ეტაპზე კომპანიას ავტობუსის მძღოლების ვაკანსია არ აქვს.
ამჟამად ავტობუსის 1400 მძღოლიდან მხოლოდ 2 ქალია.