
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარის სადი გუვენის განცხადებით, სტამბოლში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი მარცხდება.
მთავარი ოპოზიციური ძალის „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ 4 159 650 ხმა მიიღო, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა კი დაახლოებით 28 000 ხმით ნაკლები - 4 131 761 ხმა მიიღო.
გუვენის თქმით, ამჟამად დათვლილია 31 102 საარჩევნო ყუთის ბიულეტენები. დარჩენილია 84 საარჩევნო ყუთის მონაცემები. შესაბამისად, დიდი ალბათობით, თურქეთის უდიდესი ქალაქის მერი ოპოზიციის კანდიდატი გახდება.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ მისი მმართველობისას პირველად წააგო დედაქალაქი ანკარაც. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ თურქეთის დედაქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, მანსურ იავასმა ხმების 50.89% მიიღო, AKP-ის კანდიდატმა კი ხმების 47.06% მოაგროვა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაინც ერდოღანის პარტია იმარჯვებს. AKP-მა ხმების დაახლოებით 44% მოაგროვა, მისმა მოკავშირე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ კი 7%-ზე მეტი მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი თურქეთის მონაცემებით ისევ ხელისუფლების ალიანსი ლიდერობს.
ამ არჩევნებში, თურქეთში ამომრჩეველმა მერები და ქალაქის საბჭოების წევრები, მუხთარები (უბნების წარმომადგენლები) და უხუცესთა საბჭოს წევრები 5 წლის ვადით უნდა აირჩიოს.
ერდოღანის პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ანკარაში დამარცხდა