იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი, რომლებმაც გუშინ კომპანია „დირსის“ მე-13 კორპუსი დაიკავა, შენობას ტოვებს. მათსა და ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა წარმატებით დასრულდა. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან 2020 წლამდე ბინებით დაკმაყოფილების პირობა მიიღეს.
როგორც „ლიბერალს“ ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, ამჟამად მოლაპარაკება დევნილების მეორე ნაწილთან მიმდინარეობს, რომლებიც მე-15 კორპუსში იმყოფებიან. სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ისინი თითოეული ოჯახის სიტუაციას და ბინით დაკმაყოფილების საკითხს ცალ-ცალკე განიხილავენ.
კომპანია „დირსის“ კორპუსებში 150-მდე დევნილი ოჯახი გუშინ შევიდა და ბინები დაიკავა. მას შემდეგ კორპუსებთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები შენობაში შესვლის უფლებას არავის არ აძლევდნენ, არც ჟურნალისტებს და არც გარეთ დარჩენილ დევნილებს.
დღეს შენობის გარეთ შეიკრიბნენ დევნილების ახლობლები, რომლებიც ცდილობდნენ, საკვები მიეწოდებინათ შიგნით მყოფი ოჯახებისთვის. ერთ-ერთი მათგანი „ლიბერალთან“ ჰყვებოდა, რომ შიგნით ბავშვები და მოხუცებიც არიან, მათ არ აქვთ წყალი და საკვები. ასევე, შენობაში ცივა და გაუსაძლისი პირობებია.
„აქ იმისთვის ვართ, რომ დევნილებს მოგვცენ ჩვენი კუთვნილი ჭერი, სხვას არაფერს ვითხოვთ, სხვისას არ ვითხოვთ, რაც გვეკუთვნის მხილოდ იმას“, - ამბობდა ერთ-ერთი დევნილი „ლიბერალთან“.