„როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს,“ - განაცხადა კახა კალაძემ 1 აპრილს გამართული აქციის შესახებ
თბილისის მერის ამ განცხადებას დამოუკიდებელი პროფკავშირი „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პასუხობენ. ორგანიზაციის წევრი, ნენო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მოძრაობა სრულიად დაცლილია პარტიულობისგან, თუმცა არის პოლიტიკური, „რადგან ვითხოვთ უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას“.
ნენო ჩარკვიანის თქმით, 1 აპრილს აქციაზე პარტიული ინტერესის მქონე ადამიანებიც იყვნენ, რომლებსაც ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ მათთან ერთად ბრძოლას და თანამშრომლობას არ აპირებენ.
„ეს აქცია მოაწყო ახალგაზრდების ჯგუფმა, რომელსაც თან ახლდა პოლიტიკურად მართული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მოგვიწოდებდნენ თავიანთი გარკვეული მიზნების შესრულებისკენ, მინდა, თბილისის მერს მივმართო - დიახ, ჩვენ ვართ ახალგაზრდები, თუმცა ეს არ ნიშნავს ჩვენს არაკომპეტენტურობას, „სოლიდარობის ქსელი“ არის დამოუკიდებელი პროფკავშირი და უკვე რამდენიმე წელია, იბრძვის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. შესაბმისად, ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება დასაქმებულებთან ერთად ბრძოლის, რადგან ქვეყანაში უკვე წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა არაჰუმანური პოლიტიკა, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი და აინტერესებს მხოლოდ ბიზნესი და ეს არ არის მოძრაობა, რომელიც აუცილებლად მხოლოდ მმართველ პარტიას ეწინააღმდეგება, ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ძალიან დიდი ხანია. ვიბრძვით უკეთესი სოციალური სახელმწიფოსთვის, რომელიც დღემდე არ გვაქვს ამ ქვეყანაში. ასევე აქციაზე იყვნენ მოსული გარკვეული პარტიული წარმომადგენლობის მქონე პირები, რომლებსაც ჩვენ პირდაპირ განვუცხადეთ, რომ ჩვენ მათთან ერთად არ ვიბრძოლებთ და არ ვიმუშავებთ“, - განაცხადა ნენო ჩარკვიანმა