ალექსანდრე ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა. წარდგენა დღეს ამაღლების ქუჩაზე, „ლადოს ბაღში“ გაიმართა.
„წარმოგიდგენთ პრინციპულ, კეთილსინდისიერ ადამიანს, პროფესიით ადვოკატს, ისეთ ადამიანს, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქართულ პოლიტიკას, როგორიც არის ლევან იოსელიანი“, - ამ სიტყვებით წარადგინა იოსელიანი ალექსანდრე ელისაშვილმა.
„ჩვენ 900 ხელმოწერა შევაგროვეთ და პირადად მე და ალეკო 300-მდე ოჯახში შევედით. ერთი რამ, რაც შემოგეფეთება და მერე მოსვენებას არ გაძლევს, სიღარიბისა და გასაჭირის გარდა, არის უიმედობა და ნიჰილიზმი, რაც ყველა ჩვენგანშია და განსაკუთრებით აქ, ამ ისტორიულ უბანში. იმიტომ, რომ ადამიანები ცხოვრობენ მოცემულობით სიმდიდრეში და არიან ძალიან ღარიბები, ჩვენი გუნდის ამოცანაა, ეს ნიჰილიზმი გავაქროთ“,- განაცხადა იოსელიანმა.