თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლები B კატეგორიის ლიცენზიით მუშაობას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ. გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდგომ მიიღეს.
„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება. მეორე თხოვნა მათი მხრიდან ეხებოდა მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც მათ ჰქონდათ, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები, მომხდარიყო ამ ავტომობილების ჩანაცვლება და გვთხოვეს, რომ „ბ“ კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები იყოს დაშვებული. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ ეს დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში ის, რომ მარჯვენასაჭიანები აიკრძალება „ბ“ კატეგორიაში.
მათ აქვს წელიწად-ნახევარი იმისათვის, რომ ავტომობილები ჩაანაცვლონ. ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი გადადგმულია, რადგან კარგად გვესმის ამ ადამიანების და ზოგადად არსებული მდგომარეობა, ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩაანაცვლონ ავტომობილები და 2021 წლიდან უკვე მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვიდეო► ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია დასრულდა - ხვალ საინიციატივო ჯგუფი მერს შეხვდება