
„უსაფრთხოების ზომები ყოველთვის დაცულია, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „ენერჯი პლიუსის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა, დავით ყულიჯანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მუშებმა აღჭურვილობა არ გამოიყენეს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
„მოხდა ასეთი შემთხვევა, მუშები აწარმოებდნენ გალესვის სამუშაოებს. ჩამოვარდნენ სიმაღლიდან, ხარაჩო წამოედო რაღაც კონსტრუქციას. ჩვენც დავათვალიერეთ ეს ტერიტორია. ვარდნა მოხდა 8-9 მეტრის სიმაღლიდან. საბედნიეროდ, ორი მუშა კარგად არის, მესამე კი რჩება საავადმყოფოში. მისი მდგომარეობაც სტაბილურია. უსაფრთხოების ზომები ყოველთვის დაცულია, გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა. ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი გამოყენება. ჩვენი წარმომადგენელი, ვინც კურირებს ამ საქმეს, არ იმყოფებოდა ადგილზე. რა თქმა უნდა, ამ თემაზეც ვიმსჯელებთ. მთავარია, კარგად არიან ახლა მუშები. ეს ბიჭები არიან ჩვენი კომპანიის თანამშრომლები“, - განაცხადა დავით ყულიჯანაშვილმა.
ჟურნალისტებთან დღეს სასაუბროდ გამოჩნდნენ „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დაშავებული მუშები, რომლებიც აცხადებენ, რომ სამშენებლო პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმები თავად არ დაიცვეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მუშების თქმით, ისინი დამცავ საშუალებებს მუდმივად იყენებენ, მაგრამ დაბალი სიმაღლიდან გამომდინარე, ამჯერად დამცავ საშუალებებზე უარი თქვეს.
„ჩვენი უფროსიც გასული იყო. მალე რომ დაგვემთავრებინა, ასე მოვიქეცით. სიმაღლეზე ასვლისას ეს კონსტრუქცია გამოედო აივანს, კონსტრუქცია გადმოიწია, ცალი მხარე ჩამოვარდა და ცალი მხარე კორპუსის აივანზე შერჩა. ვეღარ გავსწორდით და გადმოვვარდით. რეალურად დავარღვიეთ უსაფრთხოება. როცა მუშაობას ვიწყებთ, სულ ვიცავთ ხოლმე უსაფრთხოებას“, - განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ გიორგი ლიპარტელიანმა.
„ლიბერალთან" საუბრისას საწინააღმდეგოს აცხადებს „პანორამას" მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა, რომელიც „ლიბერალმა" მომხდარიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ ჩაწერა.
ასევე, 16 აპრილს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა „პანორამა თბილისის" მშენებლობა შეაჩერა.