Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უილიამ ფოლკნერი - კაცი, რომელსაც გამარჯვების სწამდა

06 მაისი, 2019 12:38

ამერიკული ლიტერატურის სიამაყე, ნობელის პრემიის ლაურეატი, მაღალი მოდერნიზმის დიდოსტატი, რომელიც წერდა მოთხრობებს, ფილმის სცენარებს, ლექსებს, ესეებს, პიესებს და ყველაზე მეტად იოკნაპატოფას ოლქის შესახებ შექმნილი რომანებითაა ცნობილი, 1897 წლის 25 სექტემბერს, ნიუ-ოლბანიში, მისისიპის შტატში დაიბადა.

უილიამი უნივერსიტეტის საქმეთა მმართველის  -  მარი ჩარლზ ფოლკნერისა და მოდ ბატლერ ფოლკნერის პირველი შვილი იყო. მომავალ მწერალს სამი ძმა და სახელოვანი წინაპარი, ასევე  -  უილიამ (კლარკ) ფოლკნერი ჰყავდა, რომელიც სამოქალაქო ომში, სამხრეთის ჯარების რიგებში იბრძოდა და პოპულარული იყო რომანით  -  „მემფისის თეთრი ვარდი“.

ამ კაცმა მომავალი მწერლის ცხოვრებაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი შეასრულა. სამოქალაქო ომის გმირი, „ძველი პოლკოვნიკი“, როგორც ოჯახში უწოდებდნენ, ხშირად ჰყვებოდა სამოქალაქო ომის ამბებს, რამაც შემდგომში ფოლკნერზე განსაკუთრებული კვალი დატოვა. როგორც მწერლის ბიოგრაფები აღნიშნავენ, „ოჯახის ღმერთი“ ფოლკნერის მწერლობაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა.

როდესაც უილიამი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ოჯახი საცხოვრებლად ოქსფორდში, მისისიპის შტატში გადავიდა და შემდეგ, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარეს.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე

დედამისი  -  მოდი, ბებია  -  ლელია ბატლერი და ბავშვის გადია  -   კაროლინა, ანუ კალი ბარი, ის ქალები იყვნენ, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რომ უილიამისთვის წარმოსახვა განევითარებინათ. მოგეხსენებათ, ეს ფოლკნერის უძლიერესი მხარეა.

დედაც და ბებიაც კარგი მკითხველები, ბრწყინვალე მხატვრები და ფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანები იყვნენ. ასე რომ, ახალგაზრდა ფოლკნერს ვიზუალური არტისტიზმი, ვიზუალური ენა სწორედ მათ განუვითარეს. სკოლაში გაგზავნამდე დედამ წერა-კითხვაც ასწავლა და ისეთი მწერლები შეაყვარა, როგორებიც იყვნენ: ჩარლზ დიკენსი, ძმები გრიმები... მომავალი მწერალი სკოლაში კარგად მომზადებული წავიდა, პირველ წლებში კარგადაც სწავლობდა, თუმცა ეტაპობრივად „აურია“ და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ საშუალო სკოლა არ დაუსრულებია.

მიუხედავად ამისა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ფოლკნერი განსაკუთრებულ, არაფორმალურ განათლებას იღებდა, მათ შორის კალი ბარისაგან, მისი ფერადკანიანი გადიისაგან, რომელმაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ეს ქალი შეგვიძლია იოლად ამოვიცნოთ დილსის  -  ყველაზე კეთილი და ადამიანური პერსონაჟის სახეში, რომელიც არა მხოლოდ რომან „ხმაურსა და მძვინვარებაში“, არამედ ფოლკნერის სხვა ნაწარმოებებშიც გვხვდება.

საერთო ჯამში ბავშვობა საოცრად საინტერესო გარემოში გაატარა, მუდმივად ესმოდა ამბები ოჯახზე, ფოლკნერების ისტორიაზე, სამოქალაქო ომზე, მონობაზე, კუ-კლუქს-კლანზე, რაც, მომავალში აისახა კიდეც მის შემოქმედებაზე.

უილიამ ფოლკნერის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი 17 წლის ასაკში დადგა, როდესაც მან ფილიპ სტოუნი გაიცნო. ლიტერატურით გატაცებულმა სტოუნმა, რომელიც თავადაც წერდა, ფოლკნერსაც მწერლობისკენ უბიძგა.

(სხვათა შორის, ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი არ იყო, ფოლკნერი ხშირად ესწრებოდა ლექციებს. შემდეგში იგი უნივერსიტეტის „სიგმა-ალფა-ეფსილონის“ საძმოს შეუერთდა, რამაც მწერლობაზე ოცნებები გაუძლიერა).

როგორც გითხარით, სტოუნი ლიტერატურით იყო გატაცებული, ის ფოლკნერის ერთგვარ მენტორად იქცა და არაერთი მწერლის შემოქმედებასაც აზიარა, მათ შორის იყო ჯეიმზ ჯოისიც. მოგეხსენებათ, მომავალში, ჯოისმა ფოლკნერის მწერლობაზე დიდი გავლენა იქონია.

XX საუკუნის 20-იან წლებში ფოლკნერი პოემებსა და მოკლე მოთხრობებს წერდა, სტოუნი კი მის ნაშრომებს გამომცემლობებს უგზავნიდა. ფოლკნერის არცერთი ნაწარმოები დასაბეჭდად არ მიუღიათ.

უცნაური ამბავი მოხდა ფოლკნერის ცხოვრებაში 1918 წელს  -  მან გვარი, უფრო სწორად კი გვარის დაწერილობა შეიცვალა. მანამდე ბაბუის გვარი იწერებოდა, როგორც  -  Falkner; როგორც ამბობენ, მწერლის გვარის მითითებისას ასოთამწყობმა Falkner-ის ნაცვლად, Faulkner აკრიფა. ხოლო როდესაც უილიამისთვის უკითხავთ, შეეცვალათ თუ არა გვარის დაწერილობა, მას უპასუხია, რომ მისთვის ორივე ფორმა მისაღები იყო.

სხვათა შორის, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ფოლკნერის ცხოვრების კიდევ ერთი გარდამტეხი მოვლენა  -  ესტელ ოლდჰემი, მწერლის ბავშვობის მეგობარი, რომელიც უილიამს პატარაობიდანვე უყვარდა, სხვა კაცს  -  „წარმატებულსა და უმაღლესდამთავრებულს“ მიჰყვება ცოლად. ამ ფაქტით გულდაწყვეტილი ფოლკნერი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობასა და ფრონტზე წასვლას გადაწყვეტს. ამ ამბავშიც ხელი ეცარება  -  სიმაღლის გამო იწუნებენ... იმედგაცრუებული, კანადის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალებში ეწერება მოხალისედ და ბრიტანეთის არმიის საფრენოსნო სკოლაში შედის. თუმცა მოსამზადებელი კურსის გავლამდე პირველი მსოფლიო ომი სრულდება.

სულ მალე, 1919 წელს ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატის ლიტერატურული დებიუტიც შედგა  -  ერთ-ერთ ჟურნალში მისი ლექსი „ფავნის ნაშუადღევი“ გამოქვეყნდა. მოგეხსენებათ, სტეფან მალარმეს აქვს ლექსი  -  „ფავნუსის ნაშუადღევის დასვენება“. ფოლკნერის ლექსიც სწორედ ამ ნაწარმოების რემისცენციაა. საგულისხმოა, რომ ფავნის სახეს ფოლკნერი კარგა ხანს არ შორდებოდა, რადგან მისი ლექსების კრებულს, ავტორის პირველ წიგნს, რომელიც 1924 წელს გამოიცა, „მარმარილოს ფავნი“ ერქვა.

მომდევნო წელს, ერთ ისტორიულ დღეს, ნიუ-ორლეანში, ფოლკნერი მწერალ შერვუდ ანდერსონს გაიცნობს. სწორედ ანდერსონმა უბიძგა, რომ პოეზიას „შეშვებოდა“ და მეტი დრო პროზისთვის დაეთმო, ეწერა იმაზე, რაც ყველაზე უკეთ იცოდა: ამერიკის სამხრეთზე, იქაურ პრობლემებზე, სამხრეთელ ადამიანებზე, სამოქალაქო ომზე, ძველ გვარებზე, არისტოკრატიის დაცემაზე და ა.შ. ამისთვის კი რაიმე ადგილი შეერჩია, ისეთი პატარა, როგორც საფოსტო მარკაა.

ფოლკნერის შემოქმედებაში, ასეთ, საფოსტო მარკასავით პატარა მიწად, იოკნაპატოფა იქცა  -  გამოგონილი ოლქი, სადაც ვითარდება კიდეც მწერლის ნაწარმოებების უმეტესობის მოქმედება.

იოკნაპატოფა მისისიპის შტატის ლაფაიეტის ოლქს ეფუძნება, სადაც მწერალმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. თავად სახელი ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ენის ორი სიტყვისგან  -  იოკონა და პატოფა მოდის. ვირჯინიის უნივერსიტეტში გამოსვლისას ფოლკნერმა ეს სახელი თარგმნა, როგორც  -  „წყალი ნელა მიედინება ვაკეზე“. სწორედ აქ მოათავსა ფოლკნერმა თავისი პერსონაჟები, შექმნა მთელი საგა, ამერიკის სამხრეთის ისტორია, რომელშიც, ბუნებრივია, განსაკუთრებული ადგილი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომმა დაიკავა, რომელშიც სამხრეთელები სასტიკად დამარცხდნენ.

ამ საგის პირველი ნაწარმოები „სარტორისი“ იყო. რომანი სრულად მხოლოდ 1973 წელს გამოქვეყნდა, სათაურით  -  „დროშები მტვერში“.

1929 წელს ფოლკნერმა ამ საგის და ზოგადად, მთელი მისი შემოქმედების მთავარი ნაწარმოები  -  „ხმაური და მძვინვარება“ გამოაქვეყნა; ამავდროულად, დაქორწინდა ესტელ ოლდჰემზე, ქალზე, რომელმაც თავის დროზე სხვა კაცი არჩია. იქიდან გამომდინარე, რომ ფოლკნერის ნაწარმოებები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, ოჯახის შესანახად მან Metro Goldwyn Mayer-თან გააფორმა ხელშეკრულება და კვირაში 500 დოლარად, ფილმებისთვის წერდა სცენარებს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მისი ტალანტის შესაბამისი საქმიანობა, კაფკასა და ბარათაშვილის მსგავსად, საქმეს მთელი გულმოდგინებით ასრულებდა.

ამ პოზიციაზე 15 წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, როდესაც ნობელის პრემია მიიღო, მსოფლიო სახელი მოიხვეჭა და ევროპის შემდეგ, ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გახდა პოპულარული, ჰოლივუდს გამოეთხოვა. ორჯერ მიიღო პულიცერის პრემია, აღიარეს XX საუკუნის ყველაზე დიდ ამერიკელ მწერლად, „ხმაური და მძვინვარება“ კი XX საუკუნის ინგლისურენოვანი ლიტერატურის სიაში მეექვსე ნომრად შევიდა. ამ სიაში მოხვდა მისი სხვა ნაწარმოებებიც: „სული რომ ამომდიოდა“, „აგვისტოს ნათელი“, „აბესალომ, აბესალომ!“ (არ მახსოვს, რომ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ჩატარებულიყოს გამოკითხვა, სადაც XX საუკუნის 100 საუკეთესო წიგნში „ხმაური და მძვინვარება“ არ მოხვედრილიყო).

მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მწერალი, კაცი რომელსაც მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანი არათუ გადარჩება, არამედ გაიმარჯვებს კიდეც, 1962 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ხმაური და მძვინვარება“

იმის მიუხედავად, რომ „ხმაური და მძვინვარება“ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, პირველ ეტაპზე მას პრაქტიკულად არანაირი კომერციული წარმატება არ მოჰყოლია, რადგან კრიტიკოსებისგან განსხვავებით, მკითხველებს ნაწარმოები არ მოეწონათ.

რომანი, რომელიც მრავალი ტექნიკით, მათ შორის ცნობიერების ნაკადის გამოყენებით არის დაწერილი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, მეტნაკლებად ცნობილი მხოლოდ ორი წლის შემდეგ გახდა, როდესაც 1931 წელს ფოლკნერმა მეექვსე რომანი  -  „ტაძარი“ გამოაქვეყნა. ნაწარმოები, რომელშიც ქალიშვილის მოტაცების სენსაციური ისტორია, ბოროტების მთელი სიღრმე, ბუტლეგერობა, მკვლელობა, გაუპატიურება და ა.შ. გხვდება, დაწერილია მოკლე წინადადებებით, ფოლკნერის საფირმო ნიშნის  -  შეყოვნებული აზრის გარეშე. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მკითხველი, რომელსაც „ტაძარი“ მოეწონა, ავტორის სხვა ნაწარმოებებით, შესაბამისად, ფოლკნერის მთავარი წიგნითაც დაინტერესდა.

რომანის მოქმედება  -  ჯეფერსონში, იოკნაპატოფას ოლქის დედაქალაქში ვითარდება, ხოლო სიუჟეტური ხაზი გვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაეცა და ჩაქრა ამერიკის სამხრეთის ერთ-ერთი არისტოკრატიული ოჯახი  -  კომპსონების გვარი.

ზოგადად, ოჯახის დაცემის თემა ХХ საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ამ თემასთან დაკავშირებით „ბუდენბროკების“ გახსენებაც შეიძლება, მაგრამ, ფოლკნერთან ეს ამბავი სრულიად განსაკუთრებულად არის წარმოდგენილი.

რომანში მოქმედება თითქმის 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. აღწერილია მოვლენები, რომლებიც მოხდა 1910 და 1928 წლებში. ამავდროულად, ვხვდებით 1910 წლამდე მომხდარ ამბებსაც. კომპსონების ოჯახი შეეჯახა ფინანსურ კატასტროფას, რის შედეგადაც დაკარგეს წლობით გამყარებული პატივისცემა, ხოლო ოჯახის წევრების უმეტესობამ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

რომანი 4 ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მსგავსი ეპიზოდების სიმრავლით, სხვადასხვა პერსონაჟის  -  სხვადასხვა თვალთახედვით დანახული ერთი და იმავე ეპიზოდით უკავშირდება, სადაც სხვადასხვა აქცენტები ისმება. სიუჟეტის ეს გადაწნულობა, სტრუქტურის არახაზოვანება, დროის ცვალებადობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მკითხველს, რომ საერთოდ ვერ გაერკვეს ამ წიგნში.

ამას ემატება ისიც, რომ, ე.წ. ფლეშბექებისთვის ფოლკნერმა  -  კურსივი, ანუ დახრილი შრიფტი გამოიყენა. სხვათა შორის, თავდაპირველად ავტორს უცნაური, ლიტერატურაში მანამდე გაუგონარი ამბავი ჰქონდა განზრახული. სურდა, რომ სხვადასხვა პერსონაჟის მიერ გადმოცემული ამბავი განსხვავებული ფერის საღებავით ყოფილიყო წიგნში. რა თქმა უნდა, ამას გამომცემელი არ დასთანხმდა.

ყველაფერთან ერთად კი, ცალკე ამბავია ის, რომ ამ წიგნის მოკლე შინაარსის გადმოცემა აბსოლუტურად შეუძლებელია, თუ არ გჯერათ, სცადეთ...

რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომლისგანაც ფოლკნერია დავალებული. უკვე ვახსენეთ ჯეიმზ ჯოისი, ცნობიერების ნაკადთან დაკავშირებით შეგვიძლია ვახსენოთ ვირჯინია ვულფი, მაგრამ შეუძლებელია არ დავინახოთ ის, ე.წ. პოლიფონიურობა, რომელიც ასე ახასიათებდა დოსტოევსკის რომანებს და „ხმაურისა და მძვინვარების“ მსგავსება „ძმებ კარამაზოვებთან“  -  არა მხოლოდ სიუჟეტურად, არამედ იმითაც, რომ ორივეგან ოჯახის ამბებია მოთხრობილი, რომ მამა სვამს, რომ ერთ-ერთი შვილი ფაქტობრივად გაგიჟდება და ა.შ.

მსგავსებით, ფოლკნერი ბალზაკსაც ჰგავს, იმიტომ, რომ, ე.წ. გამჭოლი პერსონაჟები მასთანაც გვხვდება. მაგალითად, ამ რომანში კვენტინი მოკვდება, „აბესალომ, აბესალომში“ კი გაცოცხლდება და ფაქტობრივად, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი გახდება.

მიუხედავად ამისა, როდესაც მსგავსებებზე ვსაუბრობთ, რეალურად ეს არაფერს ნიშნავს, ფოლკნერი სულ სხვაა, რადგან სრულიად წარმოუდგენელია შინაგანად ასეთი ორიგინალური და გამორჩეული მწერალი.

როგორც უკვე ვთქვით, ნაწარმოები 4 ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში გვხვდება ბენჯამენ კომპსონის, 33 წლის კაცის ნაამბობი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს და დროზე მეტად სივრცეში ორიენტირებს. იმის მიხედვით, თუ რომელი მომვლელი ახლავს ბენჯის, შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა დროს ხდება მოქმედება.

მეორე ნაწილი ბენჯის უფროს ძმას, კვენტინ კომპსონს ეძღვნება, ჰარვარდის სტუდენტს, რომელმაც თავი მოიკლა. ეს ნაწილი ისეა დაწერილი, ფოლკნკერს ამის გარდა სხვა რომ არაფერი შეექმნა, მაინც ამერიკის ნომერ პირველი მწერალი იქნებოდა.

ავტორი ასეთი მაღალი დონით არ დაკმაყოფილდა და მესამე ნაწილი ცინიკური კაცის, უმცროსი ჯეისონის პირით გვიამბო. მეოთხე ნაწილში მოულოდნელად შემოიყვანა ობიექტური ავტორი - დამკვირვებელი  -  დილსი, კომპსონების ფერედკანიანი მსახური, რომლის რეალური პროტოტიპი მწერლის გადია იყო. ამ ნაწილში ავტორი სწორედ დილსის, მაღალი ზნეობის უკეთილშობილესი ადამიანის თვალით დანახულ კომპსონებს გვიხატავს.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ რომანში სულ ორი ნათელი წერტილია: დილსი და კედი კომპსონი.

1945 წელს ფოლკნერმა რომანის ერთგვარი დანართიც დაწერა, კომპსონების ოჯახის ოცდაათგვერდიანი ქრონიკა  -  1699-დან 1945 წლამდე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჩაითვალოს რომანის ნაწილად ან მის კომენტარად, მაგრამ ვისაც „ხმაური და მძვინვარება“ წაუკითხავს, ამ დანართის წაკითხვასაც ვურჩევთ.

დასასრულ, შევეხოთ დასაწყისს, სათაური  -  „ხმაური და მძვინვარება“ შექსპირიდან მოდის. როდესაც განათლებული ინგლისურენოვანი მკითხველი ამ წიგნს იღებს ხელში, მან შესანიშნავად იცის, რომ „ხმაური და მძვინვარება“ „მაკბეტში“ გხვდება, სადაც ვკითხულობთ, რომ ცხოვრება იდიოტის მოთხრობილი ზღაპარია, რომელიც სავსეა ხმაურითა და მძვინვარებით, მაგრამ აზრი არა აქვს.

ეს სერიოზული განაცხადია, რადგან ფოლკნერის რომანი სწორედ სულიერად თუ გონებრივად აშლილი ადამიანის ტექსტით იწყება! თხრობის მანერა სავსეა ხმაურით, მძვინვარებით, მაგრამ მასში თითქოს არ დევს შინაარსი.  

ფაქტია, ფოლკნერმა ისე დაწერა რომანი, რამდენჯერმე თუ არ წავიკითხეთ, მისი შინაარსი არ გაგვეხსნება.

რომ შევაჯამოთ, „ხმაური და მძვინვარება“ XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია, ვინაიდან თავად ეს საუკუნეც სავსე აღმოჩნდა აბსურდით, უშინაარსო ხმაურით, მძვინვარებითა და სიკვდილით. თავად ფოლკნერიც ხშირად უსვამდა ხაზს, რომ ცხოვრებისგან განსხვავებით, ლიტერატურა სრულყოფილია, მას შინაარსი აქვს.

აი, ჩვენ წინაშეა სრულყოფილი რომანი, რომანთა რომანი, რომლის დაწერის შემდეგ ფოლკნერს თავისუფლად შეეძლო კალმის გვერდით გადადება, რადგან ამ სიდიადის მან ვეღარაფერი შექმნა, ან რა გასაკვირია!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^