Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის უფლება - აიღებს თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებლობას

07 მაისი, 2019 16:26

უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს დღეს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე.

შეხვედრის მიზანი იყო, გაეხსნა დისკუსია და შეეფასებინა უსახლკარობასთან დაკავშირებით არსებული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკა, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საიმისოდ, რომ უსახლკარობა უფლებრივ ჭრილში იქნას დანახული, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სახელმწიფო ამ კუთხით და როდის უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.

უსახლკარობა - როგორია არსებული მდგომარეობა? 

უსახლკარობასა და სათანადო საცხოვრისის უფლების შესახებ ბოლო წლების განმავლობაში სამი კვლევა მომზადდა: უფლება სათანადო საცხოვრებელზე - ძირითადი გამოწვევების ანალიზი; უსახლკარობა - სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი; საბინაო პოლიტიკა საქართველოში; 

კვლევები აჩვენებს, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო (მძიმე სოციალური მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ა.შ),  წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი დარჩა ჭერის გარეშე. ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში განთავსდა, სადაც არასათანადო პირობებში ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან დღემდე არ არსებობს ერთიანი ხედვა, პოლიტიკა, რომელიც უსახლკარობის მიზეზების შეისწავლიდა. ასევე, არავის შეუფასებია მასშტაბი, რადგან არ არსებობს უსახლკაროთა რაოდენობის ერთიანი სტატისტიკა. 

დღევანდელი შეხვედრა ღია საზოგადოების ფონდის  დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ დისკუსია ამ საკითხზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც კვლევებით აღმოჩნდა, ქვეყანაში უსახლკაროთა რაოდენობა ძალიან დიდია, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება სათანადო საცხოვრისით მათი უზრუნველყოფა . 

ქეთი ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს უსახლკარობის ერთიანი ეროვნული სტატისტიკა, ამიტომ მონაცემების მოპოვება რეალურად თვითმმართველობებიდან ხდება.

„ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მონაცემი, რომ 2016 -2017  წლებში მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს მიმართა 8 600 მეტმა ადამიანმა, საცხოვრისის უზრუნველყოფის მოთხოვნით. გვაქვს მონაცემები დაახლოებით იმავე წლებში და ცოტა ადრე, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 300 მეტმა ადამიანმა მიმართა და ა.შ. მაგრამ  არ ვიცით ზუსტად, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში რამდენი მიმართვიანობა იყო. მეორე პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, ესაა უსახლკარობის დეფინიცია. ჩვენს კანონმდებლობაში ეს დეფინიცია არსებობს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე სტანდარტებთან მიმართებაში გაცილებით ვიწროა. როგორც ჩანს, ძალიან ბევრია სამუშაო. ძალიან კარგია, რომ მთავრობა მზადაა, იმუშაოს ამ საკითხზე, მაგრამ ისეარ უნდა მოხდეს, რომ ეს იყოს ზედაპირული - გაიწეროს სტრატეგია, როგორც დოკუმენტი და ეს სადღაც დარჩეს", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა. 

სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის ყოფილმა წევრმა, ანა ფირცხალაშვილმა კონსტიტუციის ახალ ჩანაწერზე ისაუბრა, რომლის შესავალ, ზოგად ნაწილში მითითებულია, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოქალაქის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ სათანადო საცხოვრისი, როგორც უფლება, არაა აღიარებული კონსტიტუციით და სასამართლოში ამ ჩანაწერით ვერ იდავებს ადამიანი. ანა ფირცხალაშვილის თქმით, ამ ჩანაწერმა მოგვცა ის, რომ სახელმწიფო უნდა შეეცადოს, დაგეგმოს საჯარო პოლიტიკა ისე, რომ გაითვალისწინოს და უზრუნველყოს ადამიანებისთვის სათანადო საცხოვრებელი.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, სადაც პირველად გაჩნდა მე-5 მუხლი, ჩანაწერი სოციალურ სახელმწიფოზე, ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით.

„ევროპის ბევრ ქვეყანაში კონსტიტუციონალიზებულია უფლება საცხოვრისზე. ასეთი კონსტიტუციაა პორტუგალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, თუმცა არსებობს ისეთი კონსტიტუციებიც, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის, სადაც ეს უფლება არაა პირდაპირ გაწერილი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოები მაინც გადიოდნენ და მსჯელობდნენ ამ უფლებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენს კონსტუტუციაში ასახულიყო საცხოვრისის ნაწილი. ეს ჩანაწერი ავალებს სახელმწიფოს სამივე შტოს, შეიმუშაოს იმგვარი პოლიტიკა (რა თქმა უნდა, არსებული რესურსის ფარგლებში), რომ ეს უფლება იყოს გონივრული, პროგრესირებადი და ხელმისაწვდომი", - ამბობს ანა ფირცხალაშვილი. 

2015 წლის მონაცემებით, თბილისში 401-მდე სახელმწიფო ობიექტში უნებართვოდ მცხოვრები ოჯახების  რაოდენობა 9805-ს შეადგენდა. ამ ოჯახებიდან, 2764 სოციალურად დაუცველი, ხოლო 2013 სხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახი იყო. 

თბილისი მუნიციპალიტეტს 2016-2017 წლებში 8 661 ადამიანმა მიმართა საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით. 2010-2016 წლებში ქუთაისი მუნიციპალიტეტს საცხოვრებლის მოთხოვნით 1694 ადამიანმა მიმართა. ბათუმში, ამავე პერიოდში, 2320 განცხადებაა მიღებული. 

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კოტე ერისთავმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უსახლკარობის დაძლევის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთონ დაინტერესებული პირები და  ამ პრობლემასთან ბრძოლა იყოს სისტემური, თანმიმდევრული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი. საბოლოო ჯამში კი იყოს ეფექტიანი უსახლკარობის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით.

კოტე ერისთავმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განისაზღვრება უსახლკარობის ცნება ქართული კანონმდებლობით და რამდენად მნიშვნელოვანია სწორი განმარტება: „იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა უსახლკარობის პოლიტიკამ უზრუნველყოს საცხოვრისის უფლების სრულყოფილად რეალიზება, იმ უფლების რომელიც საქართველოს კონსტიტუციითა განმტკიცებული და ასევე აღიარებულია ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით, რომლის ხელმომწერებიც ვართ, გვჭირდება, საცხოვრისი უფლების შინაარსი, განმარტება იყოს საერთაშორისო სტადარტებთან შესაბამისი".

საქართველოს მიერ აღიარებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლი ეხება ადამიანის უფლებას,  ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა; აგრეთვე უფლებას - განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. რაც შეეხება ადგილობრივ  დონეზე მარეგულირებელ ნორმებს, ზოგადი შინაარსის დებულებები ძირითადად „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონშია თავმოყრილი. ამ კანონის მიხედვით, უსახლკაროდ შეიძლება ჩაითვალოს მუდმივი განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო. 

რას აპირებს სახელმწიფო? 

2018 წელს საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით აიღო ვალდებულება, შეიმუშაოს უსახლკარობასთან დაკაშირებით სახელმწიფო პოლიტიკა, იმუშაოს სათანადო საცხოვრისის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. 

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, თეა გვარამაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ  ცალკეული ჩანაწერები და ვალდებულებები აქვს აღებული იმავე თვითმმართველობებს, ქვეყანას არ აქვს ერთიანი ხედვა, როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, არ არის გამიჯნული უფლებამოსილებები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, საკანონმდებლო რეგულაციებიც ბუნდოვანია. 

„2015 წელს გვქონდა მცდელობა. სხვადასხვა უწყება და არასამთავრობო ორგანიზაცია  შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ვნახოთ, რა გამოწვევებია. მაშინ იყო აქცენტი უსახლკარობის დაძლევის სტრატეგიაზე, ვინ არიან რისკჯგუფები და როგორია საერთაშორისო გამოცდილება. თუმცა იმის გამო, რომ ეს არის ძალიან მასშტაბური პრობლემა და კომპლექსური საკითხი, მაშინ ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა და ვალდებულება, შევასრულოთ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში", - განაცხადა თეა გვარამაძემ. 

რაც შეეხება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადების ვადებს, თეა გვარამაძე ამბობს, რომ პირველი ეტაპი არის უწყებათაშორისი კომისიის შექმნა. კომისიამ სტრატეგიის დოკუმენტი მთავრობას დასამტკიცებლად  2021 წლისთვის უნდა წარუდგინოს. მთავრობის დადგენილებით 12 აპრილს სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელიც სათანადო საცხოვრისის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს. კომისიის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია იქნება, ხოლო კომისიის დანარჩენი წევრები - სხვადასხვა უწყების მინისტრის მოადგილეები. კომისიასთან ერთად სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება. 

„მოლოდინი ამ პროცესიდან გვაქვს ძალიან დიდი. ალბათ, ამ მუშაობის განმავლობაში ბევრს ვიკამათებთ და მოსაზრებებაცს გავცვლით, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს ვალდებულება აუცილებლად შესრულდება და გვექნება საცხოვრისზე პოლიტიკის დოკუმენტი თავისი სამოქმედო გეგმით, რომელშიც შევა ძალიან რეალისტური მიზნები და ამოცანები", - ამბობს თეა გვარამაძე. 

როცა თავს ზემოთ ჭერი არ არის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^