Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როცა თავს ზემოთ ჭერი არ არის

23 ივნისი 2016

ჭერის გარეშე

ვაგზლის მოედანთან ახლოს. გვიანი ღამე. დრო, როცა უსახლკარო ადამიანები მეტროს გვერდით, მიწისქვეშა გადასასვლელში დასაძინებლად იკრიბებიან. ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან, ზოგს ხელში ბაზრიდან გამოტანილი მუყაოს ქაღალდები უჭირავს, ძირს იფენს და უხმოდ წვება. ზოგს  სხვადასხვა წვრილმანით გამოტენილ ტომარაზე ურჩევნია წოლა. მთავარია, ჯერ თბილა და ყინვისგან დამატებითი თავდაცვის საშუალებები  არ სჭირდებათ. ჯერჯერობით. ზამთრამდე.

“თბილისი ცენტრალის” პირველ სართულზე, ტექნიკის მაღაზიების ჩაყოლებაზე, კუთხეში, კახა თავის მოტანილ ხის სკამზე ზის. შუახნის კაცია. ფეხები უშუპდება და თითქმის არ დადის. 2007 წელს რუსეთიდან დეპორტაციაში მოჰყვა.

ცოლთან ერთად თბილისში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. პერიოდულად დაქირავებულ მუშად მუშაობდა. მერე ცოლს სიმსივნე აღმოაჩნდა, ამიტომ მკურნალობის თანხების დასაფარად სახლი გაყიდეს. სექტემბერში ცოლი დაეღუპა. მას კი ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და ქირის გადახდა ვეღარ შეძლო. ორი თვეა დღეს და ღამეებს აქ, ვაგზალზე ატარებს.  სოციალური შემწეობაც მოეხსნა.

ლილო -  დროებითი თავშესაფარი  უსახლკაროებისთვის

ქუჩაში მცხოვრები ადამიანების ზუსტი რიცხვი უცნობია. 2013 წელს, ზამთარში,  ყინვისგან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. საგანგებო რეჟიმში, მოსკოვის გამზირზე კარვები გაიხსნა. იქ ადამიანები ქუჩიდან სამართალდამცველებს მიჰყავდათ ან თვითონ აფარებდნენ თავს.

2015 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ ლილოს დასახლებაში უსახლკაროების თავშესაფარი გახსნა, რომელიც 200 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ახლა 170-მდე ბენეფიციარი ჰყავთ. მათი უმეტესი ნაწილი კარვებიდან გადმოიყვანეს, ნაწილი შემდეგ მივიდა. უსახლკაროებს  თავშესაფარში ყოფნა მაქსიმუმ თორმეტი თვე შეუძლიათ, მერე ინდივიდუალურად განიხილავენ მათ საქმეს, შესაძლებელია იქ დარჩენის დროის გახანგრძლივებაც.

ლილოს თავშესაფარში ქალების და კაცების განყოფილებები ცალ-ცალკეა. აქ ძირითადად ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ. ოთახებში 2-სართულიანი საწოლები დგას. თითოეულ ოთახში 10-მდე ბენეფიციარია. მათ ელემენტარული მოხმარების საგნებს იქვე აძლევენ.

მანანა დერეფანში გვხვდება. სახლი ქმრის ჯანმრთელობის გამო დაკარგა. მერე ძმისშვილთან ცხოვრობდა, რომელიც დაიჭირეს. ახლა ელოდება, როდის გაათავისუფლებენ, რომ ძმისშვილმა თავშესაფრიდან წაიყვანოს.

...კახას თავშესაფარში წასვლა არ უნდა. ამბობს, რომ ქუჩაში დროებითაა და ასე ურჩევნია. რუსეთში მისი ახლობლები ცხოვრობენ, ამიტომ ნოემბერს ელოდება, როცა პირობითი სასჯელი მოეხსნება და იქ წასვლას შეძლებს.

არასათანადო საცხოვრებელი პირობები

აეროპორტის გზა, მარჯვნივ თუ გადაუხვევთ, პირდაპირ სოფელ ალექსევკაში  მიგვიყვანს. სოფლის ოდნავ განაპირა მხარეს ორსართულიანი ავარიული შენობა დგას. შესვლისთანავე ნესტის სუნია, კედლები წვიმითაა გაჟღენთილი. აქ არაა ელექტროენერგია, გაზი, წყალს მეზობლებისგან ეზიდებიან. შენობას არ აქვს საპირფარეშო და საკანალიზაციო სისტემა.

დერეფანში თოკზე ბავშვების ტანსაცმელია გაფენილი. ირგვლივ უამრავი უსარგებლო ნივთი ყრია. დერეფნის მარცხენა მხარეს, ერთ ოთახში ლალი ლელუაშვილი ქმართან ერთად ექვსი წელია ცხოვრობს:

“20 წელი ფაქტობრივად, მინდორზე ვცხოვრობდით. სეტყვის დროს შვილებს ტანსაცმელს თავზე ვაფარებთ და ასე ველოდებით გამოდარებას. მრავალშვილიანი დედა ვიყავი, სამი შვილი დამეღუპა. სახლი ერთ-ერთის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გავყიდეთ. მას მერე, ასე, ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ბოლოს ამ შენობას მოვადექით. ცარიელი იყო და დასახლება გადავწყვიტეთ”.

ოთახში წყალი ჩამოსდით. გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების გამო ქმარსაც ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო.

თავიდან ოთხი წელი აქ მარტოები იყვნენ. მერე მათთან კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახი დასახლდა.

ეკა გულიშვილი ქმართან და ექვს შვილთან ერთად სოფელ ალექსევკაში უკვე მეორე წელია ცხოვრობს. წლების წინ ბინის ქირას გამგეობა უხდიდა. მერე ლოტკინზე ცხოვრობდნენ, სადაც მეპატრონემ ბინა გაყიდა და ახალი სახლის მოძებნა ვეღარ შეძლეს. ეკას საშვილოსნოს სიმსივნე აქვს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ქმარსაც და ვეღარ მუშაობს. ერთ-ერთი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. სარგებლობენ სახელმწიფოს სოციალური შემწეობებით. ავარიულ შენობაში ფანჯრებისა და კარის გასაკეთებლად კრედიტი აიღეს.

ვიდეო: სოფო აფციაური

“ჩემი პირველი და მთავარი პრობლემა ბინაა. მინდა, რომ ყოველ დილით არ მაწუხებდეს ისეთი საყოფაცხოვრებო პრობლემები, როგორიცაა ბავშვების დაბანა, სისუფთავის შენარჩუნება. ცუდ ამინდში, შინაც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ნესტში და ბეტონზე ცხოვრებისგან ბავშვები სულ გაციებული არიან. პატარას ახლაც ახველებს”.

ბინის ქირის მოთხოვნით გამგეობაში განცხადება შეიტანა. მთავრობის დადგენილებით, გამგეობას შეუძლია უსახლკარო პირები ქირით უზრუნველყოს. ეს თანხა 300-დან 500 ლარამდე მერყეობს. დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე. გამგეობაში ეკას უთხრეს, რომ თუ ბინას იპოვიდა, გამგეობა მეპატრონეს 300 ლარს გადაუხდიდა. ეკა ამბობს, რომ 4 თვეა ბინას ეძებს, თუმცა თანხის სიმცირისა და ბავშვების რაოდენობის გამო, მეპატრონეები ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს ეუბნებიან.

გამოსახლების შიშის ქვეშ - კერძო და სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილები

აგურის ძველი, ორსართულიანი შენობა, რომელიც ადრე რკინიგზის საავადმყოფო იყო, ახლა 50-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახის თავშესაფარია.

ქეთევან ლარცულიანი მარტოხელა დედაა. სამი შვილი ჰყავს. მისი უსახლკარობის მიზეზიც დედის ჯანმრთელობა გახდა. ბინა გაყიდეს. წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ წასასვლელი არსად ჰქონდა, ამიტომ 2012 წელს სოციალურად დაუცველების ტალღას ამ შენობაში შემოჰყვა. ყოფილ საავადმყოფოს შენობაში ორი პატარა ოთახი აქვთ. წლების განმავლობაში ელექტროენერგია გარე განათების ბოძიდან შემოჰყავდათ. გაზი ახლაც არ აქვთ. კანალიზაციის სისტემა რამდენიმე თვის წინ ადგილობრივმა გამგეობამ მოუწესრიგა, თუმცა ქეთევანის თქმით, სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულეს და წყალი ოთახში ამოსდის.

ქეთევანი მეტროს თანამშრომელია. ყოველ წელს თბილისის მერიაში ბინის მოთხოვნით განცხადებას აგზავნის, მაგრამ პასუხი იქიდან ერთნაირია: ”გვესმის თქვენი მდგომარეობა, ბინა გეკუთვნით, მაგრამ ახლა არ შეგვიძლია თქვენი დახმარება. ფაქტობრივად მერია გვეუბნება - გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო”.

საცხოვრისის უფლება - რას აკეთებს სახელმწიფო?

თავშესაფრის მოთხოვნით თბილისის მერიას წლიდან წლამდე უამრავი ადამიანი მიმართავს. მხოლოდ 2012-2013 წლებში თბილისის მერიაში 10 000-ამდე განცხადება შევიდა, თუმცა აქედან მერიამ დროებითი საცხოვრებლით 24 განცხადება დააკმაყოფილა, 22 ადამიანს კი ერთჯერადი დახმარება გაუწია. სავარაუდოდ, დანარჩენი ადამიანები იმათ რიგებში აღმოჩნდნენ, ვინც შემდეგ უფუნქციო, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობები დაიკავეს. თბილისის მასშტაბით სულ 401 შენობაა, სადაც ათი ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. ნაწილმა შეძლო  შენობაში არსებული ფართის დაკანონება, მაგრამ უმეტესობა ამ ობიექტებში ცხოვრებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აგრძელებს. თვითნებურად დაკავებულ შენობებში მცხოვრები ადამიანები ძირითადად იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველები არიან. ავარიულ და საცხოვრებლად უვარგის შენობებში, რომლებიც წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი, ოჯახები მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობენ. არ აქვთ ელექტროენერგია, გაზი, წყალი, კანალიზაციის სისტემა, გათბობის საშუალება.

სათანადო საცხოვრისის უფლება აღიარებულია საერთაშორისო და ადგილობრივ სამართალში, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს უფლება ხშირად ირღვევა.

საქართველოს მიერ აღიარებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლი ეხება ადამიანის უფლებას,  ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა; აგრეთვე უფლებას - განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად სათანადო ზომები უნდა მიიღონ. აქვე კომიტეტის მიერ განმარტებულია, რომ ეს უფლება არ უნდა იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მას, მაგალითად, თავშესაფრით უზრუნველყოფასთან გაათანაბრებდა, რაც მხოლოდ ჭერის ქონას ნიშნავს. იგი განხილული უნდა იყოს, როგორც ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება.

რაც შეეხება ადგილობრივ  დონეზე მარეგულირებელ ნორმებს,  სათანადო საცხოვრისის უფლების შესახებ სპეციალური კანონმდებლობა არ არსებობს. ზოგადი შინაარსის დებულებები ძირითადად „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონშია თავმოყრილი. ამ კანონის მიხედვით, უსახლკაროდ შეიძლება ჩაითვალოს მუდმივი განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არქმონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო. გარდა იმისა, რომ ამ მუხლის მიხედვით არც ისე ცხადია, ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ, არ არსებობს ზუსტი მონაცემები და სტატისტიკა, რამდენი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც 2006 წელს მიღებული კანონით ეს ვალდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეკისრებათ. უსახლკარო პირების შესახებ ძირითადი კომპეტენციები და უფლება-მოვალეობები სწორედ ადგილობრივი თვითმართველობის პრეროგატივაა. კერძოდ, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფა, თავშესაფარში მყოფი პირების რეგისტრაცია და რეგისტრირებული უსახლკარო პირების შესახებ ინფორმაციის სოციალური სააგენტოსთვის მიწოდება.

უსახლკაროს სტატუსის მისაღებად პირის რეგისტრაციის პროცედურის წესები თბილისის საკრებულომ მხოლოდ 2015 წელს მიიღო დადგენილებით „თბილისის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“. ამ წესების მიხედვით, ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს უსახლკაროდ, თბილისის მერიას მიმართავს განცხადებით. ორი კვირის განმავლობაში მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის სპეციალური კომისია ამ განცხადებას შეისწავლის. სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია იღებს გადაწყვეტილებას, ვის მიანიჭოს უსახლკაროს სტატუსი და ვის არა. ამისთვის ის იყენებს ყველა იმ ინფორმაციას, რაც ამ პირის შესახებაა დაცული ქვეყანაში არსებულ საინფორმაციო ბაზებში, მაგალითად, ამოწმებს პირის შემოსავალს, ქონებრივ მდგომარეობას, მეწარმეთა ბაზას, საბანკო გადარიცხვებს, ასევე, აქვს თუ არა გადაკვეთილი საზღვარი.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ კომისიამ მუშაობა 2016 წლის იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის უსახლკაროს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით განცხადება 1100-ამდე ადამიანს აქვს შეტანილი. კომისიამ 450-ამდე განცხადება უკვე განიხილა, დაახლოებით 250 პირს მიანიჭა სტატუსი, დანარჩენს კი, როგორც მერიაში ამბობენ, „კომისიამ მოტივირებული უარი უთხრა“. 

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ამბობს, რომ უსახლკაროს სტატუსის მინიჭების შემდეგ „ადამიანს ეძლევა უფლება, რომ სახელმწიფომ ის თავშესაფრით, სოციალური საცხოვრისით ან სხვა ალტერატიული პროგრამით უზრუნველყოს“.

გასული წლის დეკემბერში მერიამ ლილოს დასახლებაში გახსნა თავშესაფარი, სადაც კარვებში მცხოვრები უსახლკარო ადამიანები გადაიყვანეს. თავშესაფარი 200-ამდე ადამიანზეა გათვლილი. ამჟამად იქ 170 უსახლკარო ცხოვრობს. თავშესაფრით სარგებლობის ვადა 10-დან 18 თვემდეა. ლილოს თავშესაფარი არ არის ოჯახებისთვის და ის მხოლოდ ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. თავშესაფრისგან განსხვავდება ორხევში მდებარე მერიის სოციალური საცხოვრისი, სადაც სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ის 72 ოჯახზე იქნება გათვლილი. გარდა ამისა, განცხადებით მიმართვის შემთხვევაში არსებობს ბინის ქირის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გამგეობები საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ბინის ქირას უხდიან. ქირის თანხა 300 ლარია. თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ, გამონაკლის შემთხვევებში, როგორიცაა მრავალშვილიანი ოჯახები ან სტიქიით დაზარალებული ადამიანები, ეს თანხა 500-600 ლარამდეც შეიძლება გაიზარდოს. ამ პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია. უსახლკარო ადამიანები ამბობენ, რომ 300 ლარად, ფაქტობრივად, შეუძლებელია თბილისში ბინის დაქირავება. ამას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მეპატრონეები უარს ამბობენ ხელშეკრულების გამგეობასთან გაფორმებასა და გაქირავების ოფიციალურ რეგისტრაციაზე. ბინის ქირის პროგრამა მოქმედებს რეგიონებშიც, სადაც უსახლკაროების მხრიდან მიმართვიანობა ასევე ხშირია, თუმცა რეგიონებში, ქირის პროგრამის გარდა, არ არსებობს არანაირი ალტერნატიული საშუალება - თავშესაფარი თუ სოციალური საცხოვრისი. 

გელა ჩივიაშვილი ამბობს, რომ ეს სამი საშუალებაა, რომლებითაც სახელმწიფო უსახლკაროებს ეხმარება. რაც შეეხება კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში თვითნებურად შესულ ადამიანებს, ჩივიაშილის თქმით, ეს ობიექტებიც  თავისებურ სოციალურ საცხოვრისებად შეგვიძლია განვიხილოთ. რადგან მოქალაქეები წლებია ამ შენობაში ცხოვრობენ, იკავებენ ფართს  და მეტნაკლებად დაკმაყოფილებული არიან საცხოვრებლით. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ  ამ ობიექტებზე სახელმწიფოს მხრიდან ფულის დახარჯვა არამიზნობრივია და ამ შენობებში ვერაფერს გააკეთებენ, რადგან ეს ადამიანები სხვის ქონებაში უკანონოდ არიან შეჭრილი.

„შეჭრილებზე პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, სახელწმიფომ არ უნდა აიღოს. საკუთრება კერძოა თუ სახელმწიფო, ორივე დაცული უნდა იყოს. ღირსეულ საცხოვრებელზე მოქალაქის უფლება კი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმალური, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს იმდენად გლობალური თემაა, ამას თბილსის მერია ვერ გადაწყვეტს. ეს საერთო სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნაწილია“, - ამბობს გელა ჩივიაშვილი.

სოციალური პოლიტიკის გარეშე

სათანადო საცხოვრისის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სახალხო დამცველმა გასულ წელს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მიუთითა, რომ ამ სფეროში ადამიანის უფლებები სისტემურად ირღვევა. უსახლკარო პირები  საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ფენას წარმოადგენენ. მათ არ მიუწვდებათ ხელი მინიმალურ სოციალურ ბენეფიტებსა და საყოფაცხოვრებო პირობებზე.

სახალხო დამცველის აპარატის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების სპეციალისტი ბექა ჯავახაძე ამბობს, რომ  უსახლკარო ადამიანები ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის აპარატს და ამის დასტურია ისიც, რომ 2010 წლიდან დღემდე სათანადო საცხოვრისთან დაკავშირებული უფლების თავი მუდმივად ხვდება სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში.

როგორც ბექა ჯავახაძე ამბობს, ამ უფლების რეალიზებას ორი უმნიშვნელოვანესი სისტემური ხარვეზი აფერხებს: ერთია აბსოლუტურად გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, რადგან უსახლკარო პირის არსებული დეფინიცია ბუნდოვანი და გაუგებარია; ასევე, კანონში არაა ჩადებული გარანტიების სისტემა, როგორ და რა ფორმით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ ამ ადამიანებისთვის თავშესაფრები. მეორე სისტემური პრობლემა კი არის სოციალური პოლიტიკის არარსებობა - როგორ უნდა მოხდეს უსახლკარობის შემცირება ქვეყანაში, მისი დაძლევა და ამ ადამიანების გაძლიერება. ამის  შესახებ სახელმწიფოს არც ხედვა და არც გეგმა არ გააჩნია.

„პრობლემა მასშტაბური და მწვავეა. შესაბამისად, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი და პრობლემის დაძლევისა და აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავება. თვითნებურად დაკავებულ შენობებში ადამიანები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ - არ აქვთ ელექტროენერგია, გაზი, სასმელი წყალი, არ მუშაობს კანალიზაციის სისტემა. სანამ გეგმა შემუშავდება ეს უნდა მოწესრიგდეს, რადგან ასეთი სახის ვალდებულება გარანტირებულია საერთაშორისო პაქტით, რომელიც სათანადო საცხოვრისის უფლებას იცავს. ეს ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს“, - ამბობს ბექა ჯავახაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში გასულ წელს შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც უსახლკარო პირებთან დაკავშირებით სამთავრობო სტრატეგია უნდა მოემზადებინა. ამ ჯგუფში სხვადასხვა უწყებასთან ერთად სახალხო დამცველის აპარატიც იყო ჩართული. ჯგუფმა სტრატეგიაზე მუშაობა ზაფხულში დაასრულა, თუმცა სტრატეგია ამ დრომდე სამინისტროს არ დაუმტკიცებია. პროცესი შეჩერდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ამჟამად მომზადებულია სტრატეგიის დოკუმენტის პირველადი ვერსია. თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტი უნდა ასახავდეს ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის დაძლევის მიმართულებებს, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან მიზნებს, არსებული რეალობის როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სტრატეგიული დოკუმენტის საბოლოო შეჯერებული ვარიანტის შემუშავება დროში გახანგრძლივდა.

სამინისტროში ამბობენ, რომ დოკუმენტი დამუშავების სტადიაშია და მიმდინარეობს მისი შიდა განხილვები.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ სახელმწიფო არ აღიარებს უსახლკარობას, როგორც პრობლემას, არც მის სტრატეგიაში და არც პოლიტიკაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.  ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თავად უსახლკარობის დეფინიციაა, რადგან უსარგებლოა და არ  ფარავს უსახლკარობის მრავალ ფორმას,  რომელიც რეალობაში არსებობს.

„საცხოვრისის უფლება, პირველ რიგში, იმიტომ გაჩნდა, რომ უსახლკარობა არის სისტემური პრობლემა. სახელწმიფომ ამ პროცესში თავისი თავი უნდა დაინახოს. ყველა ქვეყანაში უსახლკარობა ძირითადად ისეთ სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა სახელმწიფო პოლიტიკის ჩავარდნები და ხარვეზები. როცა ვეცნობით ამ ადამიანების პრობლემებს, ყველა შემთხვევაში ვხვდებით, რომ უსახლკარობის მიზეზი გახდა სახელმწიფო პოლიტიკის გაუმართაობა ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ჯანდაცვის პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა, ოჯახში ძალადობის პოლიტიკა, ასევე, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების მიმართ არასათანადო პოლიტიკა... და მასზე ადეკვატური რეაქციის არქონა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა სახელწმიფომ ვერ დააზღვია საკუთარი მოქალაქეები და ახლა რეაქციონერული პოლიტიკით ხელმძღვანელობს, თუმცა რეალურად არც პრევენციული და არც რეაგირების პოლიტიკა არ აქვს. სახელმწიფო არც კი ხედავს ამ პრობლემას“, - ამბობს ლინა ღვინიანიძე.

უსახლკარობა, როგორც წესი, ასოცირდება მხოლოდ ჭერის არმქონე მოსახლეობასთან, რომელიც საზოგადოების მეტნაკლებად ხილული ნაწილია, რადგან მათ ვხვდებით ქუჩებში, მეტროში, სადაც ისინი ღამეებს ათევენ. თუმცა, უსახლკარობას აქვს კიდევ მრავალი ფორმა, რომელიც EMC-ის კოორდინატორის თათული ჭუბაბრიას აზრით, ქვეყნის სოციალურმა პოლიტიკამ უნდა დაინახოს. უსახლკაროები არიან არა მხოლოდ ჭერის არმქონე პირები, არამედ ისინიც, ვისაც არასათანადო საცხოვრებელი აქვს, მაგალითად, ე.წ „შეჭრილები“, რომლებიც  სიცოცხლისა დ ჯანმრთელობისთვის საშიშ შენობებში ცხოვრობენ და არ აქვთ ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი, მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობებიც კი. გარდა ამისა, უსახლკაროდ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანები, რომლებიც დროებით საცხოვრებლებს, სპეციალიზებულ ინსტიტუციებს, თავშესაფრებს, პანსიონატებს, ციხეებს არიან შეფარებული. ქვეყნის უსახლკარობის პოლიტიკა ყველა ამ ადამიანს უნდა ხედავდეს.

*მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში „უსახლკაროთა ჯგუფების პირობების და სახელმწიფო პოლიტიკის ტრანსფორმაციის მიზნით უსახლკაროთა ფორმების კვლევა“ . პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^