მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა, მორის მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმე გასაიდუმლოებულია. მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილი მოწმის სახით დაიკითხა 2018 წლის ზაფხულის თვეში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა. კუბლაშვილმა შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ 6-7 საათის განმავლობაში ვიყავით შენობაში და კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის შენს გვერდით“ , რომ მათ იციან ყველა ინფორმაცია ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ. გამოკითხვა იყო ვრცელი და მან დამაჯერებელი და ზუსტი ინფორმაცია მისცა. ხმამაღლა და ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ საფუძველი იმისა, რომ მორის მაჩალიკაშილი დააკავონ, არ არსებობს და ვფიქრობ, არც იარსებებს. იქიდან გამომდინარე, რომ გახლავართ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხელი მოვაწერე საქმეს, გავეცანი მასალებს, რომელიც არის გასაიდუმლოებული. მე სამართლებრივი უფლება არ გამაჩნია, რომ საქმის დეტალებზე ვისაუბრო. დღეს გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს და იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ, ძალიან ადრეა,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.