სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად გამოკითხვაზე მივიდა. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის აფეთქების შესაძლო დაგეგმვასთან დაკავშირებით უნდა გამოკითხონ.
„დაკავებას არ ველოდები იმიტომ, რომ მე არაფერი არ ჩამიდენია ისეთი, რომ დამაკავებონ. ჩემზე წინ დასაკავებელი აქ რამდენიმე ადამიანი ზის, რომლებიც ჩემს წინაშე, მთელი საქართველოსა და ქისტი მოსახლეობის სისხლში გასვრილი ხელებით სხედან. ჩემ შემთხვევაში, არაფერი დანაშაული ან დანაშაულის მცდელობა ჩადენილი არ არის“, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მან არაფერი იცის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მისი ძმისშვილი მართლაც იყო ჩასული სოსო გოგაშვილის სოფელში. მაგრამ მიიჩნევს, რომ თუკი დანაშაული მზდადდებოდა სამართალდამცველებს მისი დაკავება უშუალოდ ფაქტზეც შეეძლოთ, რაც სუს-ს არ გაუკეთებია.
„მე როცა ვნახავ ამ კადრებს მაშინ გავცემ პასუხს რატომ იყო და რისთვის იყო. თუ ჩასული იყო, გეგმავდა, მცდელობა თუ იყო სად იყვნენ?! მაშინ თუ გეგმა იცოდნენ, დალოდებოდნენ და ფაქტზე დაეჭირათ. ეს უბრალოდ ჩემი განადგურების მიზანია, რომ განადგურდეს თემირლანის სამართალი“, - თქვა სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარებისა და მისი უარის შემდეგ 7 მაისს ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.
სუს-ის მიხედვით, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილთან მორის მაჩალიკაშვილთან ერთად ტერორისტულ აქტს გეგმავდა, რომლის მიზანიც სოსო გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების აფეთქება იყო. აუდიოჩანაწერის მიხედვით, გოგაშვილი მამის საფლავზე მისვლისას უნდა აეფეთქებინათ.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჩანაწერის გავრცელების შემდეგ განაცხადა, რომ მას შესაძლოა თემირლანის გამო შურისძიების აზრი ბევრჯერ გასჩენია, თუმცა პატივს სცემს კანონსა და ქვეყანას და ამას არ გააკეთებდა.