კახათის #35-ე საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. „ქართული ოცნების“ დეპუტატის გია დანელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, მათი გაშველება პოლიციას მოუწია.
„თქვენ ხართ კრიმინალი. თქვენ ახლა უნდა იჯდეთ ციხეში“, - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა გია დანელიას.
გია დანელია კი „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ ის მანქანაში ტექნიკური მონტაჟის მეშვეობით აღმოჩნდა
„ჩამჭრელ შეკითხვებს რატომ მისვამთ? ეს იყო ტექნიკურად გაკეთებული მონტაჟი და ფაბრიკაცია“, - აცხადებს დანელია
14 მაისს „კურიერმა" ავტომანქანაში გადაღებული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრი მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები „მოვიდა ზევიდან".
„თათბირზე ვიყავი ახლა და თბილისიდან იყო წარმომადგენელი. კაროჩე, ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა... მოსყიდვა - მოისყიდეთო, გასატაცებელია - ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო", - ისმის „კურიერის" ჩანაწერში.
ვიდეოჩანაწერის თანახმად, „ქართული ოცნება", სავარაუდოდ, ოკუპირებული გალის რაიონში არჩევნებში გამარჯვების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობს.
„გალელ მაყურებლებს უნდა შევხვდე დღეს, გამიგე? მაგიტომ გამოვედი. გუშინ ინფორმაცია მივიღე, საზღვარი იკეტება. 30 კაცი გადმოდის. რა ჰქვია იმას, ოთარ თორდია და გიზო. ესენი ამ კაცს დაუკავშირდნენ და გადმოდიან.
დაიკეტება და იქით ხალხს დავკარგავთ. მითხრეს, რომ 30 კაცი გარანტირებული იყო" - ისმის ჩანაწერში.
პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩანაწერში ჩანს, „რუსთავი 2-თან" საუბარში ჩანაწერის ავთენტურობას უარყოფს: „ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, ეს მე არ ვარ".