Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-ს პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს მჩაგვრელობას ლგბტ მოქალაქეებისადმი - NGO-ები

31 მაისი, 2019 20:44

„ჩვენი აზრით, აღნიშნული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი", - არასამთავრობო ორგანიზაციები „თბილისი პრაიდის” შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ ლგბტ ადამიანებისთვის დამამცირებელ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებას, სადაც, უწყების თქმით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ 23 ივნისს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი საჯარო მსვლელობის – ღირსების მარშის – სათანადო დაცვას. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი.

2012 წლიდან ლგბტ აქტივისტები ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებიან. ყოველ წელს ლგბტ აქტივისტებს უცხადებენ, რომ მომეტებული საფრთხის გამო უწყება, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მოქალაქეების დაცვა, გამოხატვისა და შეკრების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა და მშვიდობის შენარჩუნება, საკუთარ მოვალეობას ვერ შეასრულებს. შსს-ს მთავარ არგუმენტად მოჰყავს გარემოება, რომ მათ ძალებს აღემატება დიდი რაოდენობის კონტრდემონსტრანტების შეკავება და იმ ძალადობის თავიდან აცილება, რომელიც, შესაძლოა, ლგბტ ადამიანების შეკრებას მოჰყვეს. სამწუხაროდ, ეს არგუმენტი ჩვენი მოსახლეობის და საერთაშორისო პარტნიორების თვალში შესაძლოა, ლეგიტიმურად აღიქმებოდეს.

ლგბტ ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა იმ პირობებში, რომ მათ ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი იმ სოციალურ სიკეთეებზე, რომლებიც ისედაც შეზღუდული აქვთ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას და სოციალური პროტესტი ხშირად ერთადერთი გზა არის იმისათვის, რათა ადამიანებმა გამოთქვან უკმაყოფილება და სამართლიანად მოითხოვონ ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობები. 

ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს აღნიშნული საჯარო შეკრებების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ბოლო წლების განმავლობაში, მიუთითებს, რომ ამ წლების მანძილზე მათ არ გადაუდგამთ სათანადო ნაბიჯები არსებული აგრესიის შესამცირებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება პრაიდით ან ნებისმიერი სხვა საჯარო დემონსტრაციით არ შემოიფარგლება. აღნიშნული საჯარო შეკრებები მხოლოდ და მხოლოდ ნათლად წარმოაჩენს საზოგადოებაში არსებულ აგრესიას - კონცენტრირებულად ამ დღესა და ადგილას. თუმცა, ლგბტ ადამიანები მსგავს თავდასხმებს, ძალადობასა და გარიყვას ყოველდღიურად განიცდიან. წლების განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოთხოვნისა და რეკომენდაციის მიუხედავად, სახელმწიფოს არც ერთხელ არ ჩაუტარებია საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, არ უმუშავია განათლების სიტემის რეფორმაზე თანასწორობის იდეის გასავრცელებლად,  ძალადობისა და ჩაგვრის პრევენციაზე, საზოგადოებაში არსებული რადიკალური ჯგუფების გაუვნებელყოფასა და რადიკალიზაციის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური მიზეზების ახსნასა და მოგვარებაზე. პირიქით, სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ყოფილა წახალისებული ჰომოფობია საკონსტიტუციო თუ საკანონმდებლო ინიციატივებით, ჰომოფობიური გამონათქვამებით, რადიკალური ჯგუფებისადმი ლოიალური მიდგომით, რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციითა და დანაშაულის წახალისებით. შესაბამისად, უმწვავეს ჰომოფობიაზე, ჩაგვრასა და ვითარებაზე, სადაც ლგბტ აქტივისტებს არ შეუძლიათ საჯაროდ შეკრება, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს ეკისრება. აღნიშნული იმ შემაშფოთებელი მდგომარეობის მაჩვენებელია, რომელშიც ლგბტ ადამიანებს დანარჩენი 364 დღე უწევთ ცხოვრება.

მოვითხოვთ, სახელმწიფომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესამცირებლად, მათ შორის:

  • საჯაროდ ისაუბრონ ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ქვეყანაში და საზოგადოებას აუხსნან ის მიზეზები, რის გამოც ლგბტ აქტივისტებს წართმეული აქვთ უფლება, საჯაროდ შეიკრიბონ და გააპროტესტონ თავიანთი გაუსაძლისი ყოველდღიურობა არსებულ სოციალურად უთანასწორო, ჰომოფობიურ გარემოში;  
  • განახორციელონ კონკრეტული და ხელშესახები საკანონმდებლო რეფორმები ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომელთა შესახებაც არაერთი რეკომენდაციაა გაცემული წლების მანძილზე;
  • აღასრულონ არსებული კანონმდებლობა და სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავე პირების პასუხისგებას;
  • შეწყვიტონ ლგბტ ადამიანების სიცოცხლის უფლებით მანიპულირება საარჩევნო ხმების დასაგროვებლად და ამ გზით მოსახლეობაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივება/წახალისება;
  • გაატარონ აუცილებელი რეფორმა განათლების სისტემაში მიმღებლობის და თანასწორობის პრინციპების დასანერგად და გასავრცელებლად;
  • გამოიკვლიონ  საზოგადოებაში არსებული რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, პოლიტიკური კავშირები და რადიკალიზაციის სოციო-ეკონომიკური და კულტურული მიზეზები და დასახონ აღნიშნული პრობლემების მოგვარების და რადიკალიზაციის პრევენციული სტრატეგია", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თანასწორობის  მოძრაობა – Equality Movement

მედიის განვითარების ფონდი – MDF

„შსს აცხადებს, რომ ვერ დაგვიცავს, ამით ჩვენი უფლებები ილახება" - პრაიდის ორგანიზატორები

შსს: „თბილისი პრაიდს“ ისეთ ადგილებში სურს ღონისძიებები, სადაც საფრთხის მაღალი რისკია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^