2019 წლის 17 ივნისს, საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.
რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლის სამეურვეო საბჭოები
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.
სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.
სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ.