სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველი უმაღლესი ორგანოა. საქართველოს საჯარო სკოლებმა სამეურვეო საბჭოები მიმდინარე წლის ივნისში უკვე მეოთხედ აირჩიეს. საბჭოების შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ საჭიროებიდან გამომდინარე სკოლას სკოლასთან დაკავშირებული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის შესაძლებლობა ჰქონოდა.
სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტს, აკონტროლებს დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ეს მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომლებიც სკოლის ავტონომიურობას უზრუნველყოფს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხშირად სკოლები სამინისტროსგან დამოუკიდებლად დირექტორებს ვერ ირჩევენ, სკოლის მწირი ბიუჯეტი კი ძირითადად მასწავლებლების ხელფასებსა და კომუნალურ გადასახედებს ფარავს, სკოლის განვითარებისთვის კი თავისუფალი თანხები არ რჩება.
გარე შეფასებები ცხადყოფს, რომ სამეურვეო საბჭოების საქმიანობა სკოლებში უმეტესად ფორმალური და ნაკლებად ეფექტურია. სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკა, ფინანსების სიმწირე, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მშობელთა და მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია - არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომელთა გამოც სკოლის დონეზე გადაწყვეტილების მიღებას დაბრკოლებები ექმნება.
2005 წელს ზოგადი განათლების მართვის ცენტრალიზებული მოდელი, ე.წ. სასკოლო დონეზე მართვის მოდელით შეიცვალა. სამეურვეო საბჭო, როგორც სკოლის საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანო, ამ მოდელის განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
სკოლის სამეურვეო საბჭო პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლისგან შედგება. მშობლები და მასწავლებლები ირჩევენ სამეურვეო საბჭოს, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან, საბჭოებში სათათბირო ხმის უფლებით თითო წევრი დანიშნონ.
რეფორმა დეცენტრალიზაციისკენ გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ეს შესაძლებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო სკოლების უმეტესობაში მასწავლებლებმა და მშობლებმა ვერ გამოიყენეს.
იურისტი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც სკოლებში თვითმმართველობის როლი დაასუსტა და ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებას დაუდო სათავე, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესული ცვლილებები იყო. ამის საილუსტრაციოდ კი რამდენიმე მათგანზე ამახვილებს ყურადღებას.
უფრო კონკრეტულად კი 2008 წელს "ზოგადი განათლების" კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, შესაძლებელი გახდა სამეურვეო საბჭოსთვის დირექტორების იმ კანდიდატის განმეორებით წარდგენა, რომელიც დირექტორად არ აირჩიეს. ამავე ეტაპზე განხორციელებული ცვლილებებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის უფლება მიენიჭა.
ცვლილებების მეორე ნაკადი 2009 წელს განხორციელდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაუჩნდა უფლებამოსილება, გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დირექტორის გათავისუფლება უკანონო იყო.
მშვენიერაძის შეფასებით, ამგვარმა რეგულაციებმა სამინისტროს როლი სკოლის თვითმმართველობაში თანდათან გაზარდა, შესაბამისად შეასუსტა სკოლის დამოუკიდებლობა.
მისი თქმით, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, არსებული სისტემა შენარჩუნდა და სკოლების ავტონომიის გაძლიერების კუთხით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა.
მშვენიერაძე ამბობს, რომ 2004-2008 წლებში პროცესი დეცენტრალიზაციის გზით მიდიოდა, თუმცა ხელისუფლებამ გარკვეული ინტერესების გათვალისწინებით, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც შესაძლოა სასკოლო საზოგადოებაზე, როგორც საარჩევნო ელექტორატზე კონტროლის გაძლიერება ყოფილიყო, ჩიხში შეიყვანა პროცესი და ცენტრალიზაციისკენ უკუსვლა დაიწყო.
„დღეს სკოლას აქვს ილუზორული ავტონომია. თითქოს ძალიან ბევრი უფლებამოსილება აქვს მიცემული, მაგრამ საკმარისია ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოინდომოს, მას შეუძლია ყველაფერში ჩაერიოს: საბჭოს გადაწყვეტილება დირექტორის არჩევის შესახებ გვერდზე გადადოს და სხვა აირჩიოს; შეამოწმოს აუდიტის სამსახურით და ერთი გაფრთხილებით დირექტორი სახლში გაუშვას; დირექტორებისათვის ან სკოლებისათვის სავალდებულო გახდა განათლების მინისტრის ინდივიდუალური აქტების შესრულება. ამ უფლებამოსილების პირობებში სკოლის დღევანდელ მოქმედ მოდელს ავტონომიური ვუწოდოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამეურვეო საბჭო არსებობს, თავის მოტყუებაა",- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
21-ე სკოლის დირექტორის, თამარ ამზაშვილის თქმით, დეცენტრალიზაციამ სკოლებს მეტი დამოუკიდებლობა მოუტანა. ამ თავისუფლებას კი თან ახლდა პასუხისმგებლობა, რაც გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას გულისხმობდა. ცენტრალურ მართვას მიჩვეული სასკოლო საზოგადოებისათვის, მწირი ცოდნისა და გამოცდილების გამო, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ აღმოჩნდა. არც სახელმწიფოს მხრიდან ყოფილა ხელშეწყობა მათი დამოუკიდებლობის გაძლიერებისათვის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საბჭოებმა სკოლების უმეტესობაში არსებობა ფორმალურ დონეზე განაგრძო.
ამზაშვილი სამეურვეო საბჭოს, გამართულად მუშაობის შემთხვევაში, ისე განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, რომელიც ავტორიტარული მართვის საპირისპიროდ სკოლის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამის შედეგი კი დამოუკიდებლად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თაობის აღზრდაა.
მისი თქმით, სკოლებში ყველაზე უკეთ იციან მათი საჭიროებები, ძლიერი და სუსტი მხარეები. ამიტომ ადგილობრივი პრობლემები, ინდივიდუალურად რეგიონისთვის თუ თემისთვის დამახასიათებელი საჭიროებები სკოლებმა დამოუკიდებლად უნდა გადაჭრან. სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა სკოლების ავტონომიას და სამეურვეო საბჭოებს, რომელიც სკოლის დონეზე დამოუკიდებლი გადაწყვეტილების მიღების ასპარეზია.
თუმცა, ამზაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ საბჭოების მუშაობას სისტემური ხასიათი არ აქვს. საბჭოს ქმედითობა დამოკიდებულია მხოლოდ პიროვნულ ფაქტორებზე - რამდენად მოტივირებულია დირექტორი, მასწავლებელი ან მშობელი.
ამზაშვილი მიიჩნევს, რომ სურვილის შემთხვევაში, მწირი ბიუჯეტის პირობებშიც სასკოლო თემის ჩართულობით ბევრი საინტერესო ინიციატივა შეიძლება განხორციელდეს. ამის მაგალითად სკოლაში გასულ წელს შექმნილი "სკოლის მხარდამჭერთა ასოციაცია" მოაქვს.
ასოციაცია თემის მობილიზების შესაძლებლობაა, რომელშიც სკოლის კურსდამთავრებულები არიან გაერთიანებული. ისინი სკოლის ბაზაზე შეხვედრებს მართავენ, სკოლის საჭიროებებზე საუბრობენ და მათი მოგვარების გზებს ეძებენ.
"შარშან ჩემი სამეურვეო საბჭო სერიოზული გამოწვევის წინაშე დავაყენე, როცა სკოლის მხარდამჭერთა ასოციაციის ჩამოყალიბება შევთავაზე. ჩვენს სკოლას ახლო ურთიერთობა აქვს გერმანულ მხარესთან. სულ გულში მქონდა იქ ნანახი სასკოლო კორპუსები თუ დარბაზები, რომლებიც სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა ააშენეს. მინდოდა რაღაც მსგავსი ჩვენთანაც შექმნილიყო. ბევრი კურსდამთავრებული ჰყავს სკოლას, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფინანსებზე, ჩვენ მათი ინტელექტუალური რესურსი გვჭირდება", - ამბობს ამზაშვილი.
თამარ ამზაშვილი ჰყვება, რომ შარშან ასოციაციის ორგანიზებით აკადემიურ წრეებში მომუშავე სკოლის კურსდამთავრებულები მოსწავლეებისთვის სალექციო კურსებს ატარებდნენ. გარდა ამისა, მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებისთვის მომზადებაში ეხმარებოდნენ.
ამგვარად, მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგაც სასკოლო საზოგადოების წევრები არიან, რომლებიც სკოლას დამოუკიდებლად განვითარებაში ეხმარებიან.
21-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, დავით წამალაშვილი საბჭოების მუშაობაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ეს მათ მეტ შესაძლებლობას აძლევს შვილების საჭიროებებზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დაგეგმვის პროცესში ბავშვებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. თუმცა ამბობს, რომ ხშირად მშობლები ამ პასუხისმგებლობას გაურბიან და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის სურვილი ნაკლებად აქვთ.
განათლების სპეციალისტი გიორგი გახელაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა სამეურვეო საბჭოების მუშაობის პოზიტიური პრაქტიკის შეგროვება და შემდგომ სხვებისთვის გაცნობა. მისი თქმით, დღეს საზოგადოებაში გაცილებით ჭარბი ინფორმაციაა პასიური და ფორმალური საბჭოების შესახებ, ვიდრე პოზიტიური მაგალითების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური მაგალითები მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. მისი თქმით, ის საბჭოები, რომლებიც დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობას ახერხებენ, სხვებსაც უნდა გაუზიარონ გამოცდილება და დაარწმუნონ ისინი, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება არსებულ რეალობაშიც შესაძლებელია.
"თითქმის არ გვაქვს იმის მაგალითები, რომ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შელახვისა თუ შეზღუდვის გამო რომელიმე ადმინისტრაციულ თუ სახელმწიფო ორგანოსთან დავა ჰქონოდეს. ამას გამბედაობა სჭირდება. გამბედაობას კი მსგავსი მაგალითების გაცნობა აჩენს", - ამბობს გახელაძე.
ის მიიჩნევს, რომ არსებულ რეალობაშიც, სამეურვეო საბჭოებს მოტივაციის შემთხვევაში შესწევთ ძალა საკუთარი გადაწყვეტილებები დაიცვან.
ვინ უნდა გახდეს სკოლებში ამ მოტივაციის გამღვივებელი? "ეს შეიძლება იყოს მოსწავლეთა ერთი ჯგუფი, ან საზრიანი დირექტორი, რომელიც მიხვდება, რომ სამეურვეო საბჭო მისთვის დამატებითი კონტროლი კი არ არის, არამედ მისი მხარდამჭერი, მისი ტვირთის შემამსუბუქებელია", - ამბობს გახელაძე და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში დირექტორი სამინისტროს წინაშე კი არა, საზოგადოების წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
ქვეყანაში ორი ათას ასამდე სკოლა ფუნქციონირებს. ეს სკოლები ერთმანეთისგან გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური კონტექსტისა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორის მიხედვით განსხვავდებიან. მიუხედავად ამისა, მათი მართვა ერთნაირი მოდელის მიხედვით ხდება.
განათლების სპეციალისტი თამარ ბრეგვაძე მიიჩნევს, რომ ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ყველა სკოლის ერთნაირი მოდელით მართვა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სკოლის კონტექსტიდან გამომდინარე ზოგან კარგად იმუშავა საბჭოებმა, ზოგან - არა.
თუმცა, როგორც ის განმარტავს, ინდივიდუალური მიდგომის დანერგვა არ არის მარტივი. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა საინფორმაციო სისტემის შემუშავება. ჯერჯერობით ქვეყანაში არ გვაქვს სისტემა, რომელიც სკოლების, როგორც ორგანიზაციების შეფასებისას, თავს მოუყრიდა ინფორმაციას სკოლის მართვის, მიღწევებისა თუ მიზნების შესახებ.
ბრეგვაძე ამბობს, რომ ამგვარი ინფორმაციის არსებობა, სახელმწიფოს სკოლების ინდივიდუალური შეფასების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამის მიხედვით დაგეგმოს შემდეგი ნაბიჯები, ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით გააძლიეროს სკოლები.
ბრეგვაძე პროფესიული ასოციაციების გაძლიერებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ისეთი გაერთიანებები, რომლებიც პროფესიულ საჭიროებებზე კოლეგებთან ერთად მუშაობენ, შექმნის სისტემას, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და "თავის თავს თავადვე მოუვლის".
დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღეს არსებული სკოლის ფორმალური ავტონომიურობის შენარჩუნება შედეგს ვერ მოიტანს, საჭიროა სკოლების დამოუკიდებლობის გაძლიერება, რაც მხოლოდ კანონმდებლობის რეგულირებით ვერ მოხერხდება. ნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისა და სკოლის დონეზე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების სურვილი სასკოლო საზოგადოებაში გაძლიერდეს.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.