იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განაცხადი აქვს შეტანილი, საბჭოს არამოსამართლე წევრებს - ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ეხმაურება. ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მიქაუტაძეს განაცხადი დარღვევით აქვს შედგენილი (მან სამის ნაცვლად ორი რეკომენდატორი მიუთითა).
„არანაირ ცვლილებას არ ვაპირებ არც ჩემს განაცხადში და ბუნებრივია, არ შეიძლება ეს სხვა განაცხადებშიც მოხდეს. ეს არის გამორიცხული. ამგვარი ჩარევა შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს", - აღნიშნავს მიქაუტაძე და განაგრძობს, - „რაც შეეხება რეკომენდატორებს, ასეთი გრაფა ძალიან ბევრია. ეს მიმარათულია საბჭოს აპარატისთვის ინფორმაციის მოძიების გასაიოლებლად. ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული ამ კითხვარში, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ზუსტად ასეთია რეკომენდატორების გრაფაც და არ შეიძლება რეკომენდატორების რაოდენობა განაპირობებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნების არსებობა-არარსებობის ფაქტს. ამაზე საუბარი არის სიცრუე და ღიმილის მომგვრელი“.
IPN.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აბსურდულს უწოდებს არამოსამართლე წევრების განცხადებას, რომლის თანახმად, იმისათვის, რომ გიორგი მიქაუტაძეს მისი ხარვეზით შევსებული განაცხადის გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეს, იუსტიციის საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტი უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის მსურველებს უკავშირდება და სთხოვს, დამატებით წარმოადგინონ ის დოკუმენტაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რეგისტრაციისთვის იყო აუცილებელი, თუმცა მათ ეს თავიდანვე არ წარუდგენიათ. გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად შეავსეს, შესაბამისად, ელექტრონულ დოკუმენტაციაში მანიპულაცია წარმოუდგენელია. მისივე განმარტებით, მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური იყო კომუნიკაცია განმცხადებლებსა და საბჭოს აპარატს შორის და ეს კომუნიკაცია არ შეიძლება ჩაითვალოს განაცხადის ფორმის შეცვლად ან რაღაც დანაშაულებრივ ჩარევად.
„ამ პროცესებში არანაირ მონაწილეობას არ ვიღებ. განაცხადის შევსება ელექტრონულად ხდებოდა და კონკრეტული ვადა იყო მითითებული, რა დროსაც შეწყდა განაცხადების მიღება. ეს განაცხადები იმ ფორმით არის შევსებული და დამახსოვრებული ამ პროგრამაში, როგორითაც ვადამდეა შევსებული. არანაირ ცვლილებას მე არ ვაპირებ არც ჩემს განაცხადში და ბუნებრივია, არ შეიძლება ეს სხვა განაცხადებშიც მოხდეს. ეს არის გამორიცხული. ამგვარი ჩარევა შეიძლება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს. დღეს მყავს 2 რეკომენდატორი და ხვალ მეყოლება 6?! გამორიცხულია ასეთი რამ. ხრიკებით, ასეთი მეთოდებით და ტყუილებით ცდილობენ ბრძოლას კონკრეტულ კანდიდატებთან. უკვე დისკრიმინაციასაც ემსგავსება. ეს უკვე სასაცილო ხდება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ არასდროს დაუმალავს არც ერთს და არც მეორეს ის, რომ არ სურთ ვიყო მოსამართლე, იუსტიციის საბჭოს მდივანი და ყველანაირი ფორმით ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია აქვთ გავრცელებული. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ არის, უბრალოდ, ბუნებრივია, რომ როდესაც ამხელა ბრიფინგებს უძღვნიან, ალბათ პასუხიც უნდა გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ალბათ, თორემ ჩემთვის, ეს მოულოდნელი არ იყო“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კიდევ ერთ განცხადებას, რომლის თანახმად ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების დროს საბჭოს მოსამართლე წევრის, თამარ ონიანის ჩამოშორებას ითხოვენ, გიორგი მიქაუტაძის თქმით, რიგი მიზეზების გამო, ამის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს.