Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კლიმატის ცვლილება და მისი გენდერული თავისებურებები ► ფემინსტრიმი

12 ივნისი, 2019 11:35

მოუსმინეთ ნინო ჯანაშიას პოდკასტს

„გამარჯობა, თქვენ უსმენთ ფემინსტრიმს ნინო ჯანაშიასთან ერთად. დღეს ვისაუბრებთ კლიმატის ცვლილებაზე და მის გენდერულ თავისებურებებზე.

ალბათ გვსმენია ცნობილი ფრაზა, რომ კლიმატის ცვლილება ყველას გვეხება. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენა არაპროპორციულად ვრცელდება და ყველაზე მეტად საზოგადოების ღარიბ, დაუცველ და მცირე რესურსების მქონე ნაწილს აზარალებს.

ჩემს პოდკასტებში მოგიყვებით: რატომ არის კლიმატის ცვლილება გენდერულად მარკირებული; რა ზეგავლენა აქვს მას ქალებზე; და ამასთანავე, რა შესაძლო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ქალების გაძლიერებას კლიმატის ცვლილებაზე.

კლიმატი დედამიწაზე ყოველთვის იცვლება, ისტორიულად ამ გლობალურ ცვლილებას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი განაპირობებდა, მაგრამ ამჟამად საქმე განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს. როგორც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების უმრავლესობა თანხმდება, დედამიწის საშუალო ტემპერატურის სწრაფი მატება გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური საწარმოო საქმიანობით, განსაკუთრებით კი წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარებითა და ეკოსისტემებზე მავნე ზემოქმედებით. ამ აქტივობის შედეგია სათბურის გაზების დიდი რაოდენობით ატმოსფეროში გაფრქვევა, რაც ქმნის, ე.წ. „სათბურის ეფექტს“ .

ფაქტია, რომ თუკი სათბურის გაზების გაფრქვევების რადიკალურ შემცირებას სასწრაფოდ არ დავიწყებთ, სულ რაღაც 10–20 წელიწადში უამრავი კრიზისის წინაშე აღმოვჩნდებით.

კატასტროფის აცილების გზა ერთადერთია - ადამიანებმა უნდა შევწყვიტოთ სათბურის გაზების გაფრქვევა. პრაქტიკაში კი, სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება - CO2-ის გაფრქვევა წლიდან წლამდე მზარდია.

ჩნდება ფუნდამენტური კითხვა - შესაძლებელია თუ არა არსებული დომინანტური სისტემების პირობებში აუცილებელი ცვლილებების შეტანა? ხომ არ დგას სისტემის ცვლილების მწვავე საჭიროება, როგორც ამას მრავალი გარემოს დამცველი აქტივისტი მოითხოვს?

სანამ სისტემის ცვლილება იგვიანებს, სულ უფრო და უფრო მკვეთრად ვგრძნობთ კლიმატის ცვლილების შედეგებს.

დედამიწის საშუალო ტემპერატურის მატებით გამოწვეული მოვლენები არ ხდება მხოლოდ ჩვენგან შორს და არ ეხება მხოლოდ არქტიკაზე მცხოვრებ თეთრ დათვებსა და ანტარქტიდაზე მცხოვრებ პინგვინებს. კლიმატის ცვლილებისა და მისი თანმხლები მოვლენების პირისპირ თითოეული ჩვენგანი აღმოჩნდება.

ცვლილებები სახეზეა საქართველოშიც. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში იმატა სტიქიური უბედურებების რიცხვმა, გახშირებულია გვალვები, სითბური ტალღები, ტყის ხანძრები, სეტყვა, წყალდიდობები და ზვავები. საქართველოს მთელ რიგ ტერიტორიებზე მოსალოდნელია სახნავ-სათესი მიწების გამოფიტვა და გაუდაბნოება.

ამ და სხვა მრავალი სახიფათო ტენდენციის გამო მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ავითარებს კლიმატის ცვლილების პოლიტიკურ დოკუმენტებს, სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებს.

ამ დოკუმენტებში შეტანილ ღონისძიებებს დიდი გავლენა ექნება ჩვენს სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაზე, კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ გარემოს დამცველების თავის ტკივილი. ეს პროცესი კომპლექსური სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფენომენია. თუმცა, ხშირად ძირითადი ყურადღება ამ პროცესის მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს ეთმობა, რაც ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილობრივ სურათს გვაძლევს, და შესაბამისად, პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივი გადაჭრის გზას გვთავაზობს.

მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტები, ეთიკური და პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, იყოს გენდერულად სენსიტიური, სადაც გათვალისწინებული იქნება მოწყვლადი ჯგუფების თავისებურებები, საჭიროებები და მათი გაძლიერების კონკრეტული პროგრამა.

კლიმატის ცვლილების დროს ერთ-ერთ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან ქალებიც. მიუხედავად იმისა, რომ კაცებისგან განსხვავებით, ქალებისთვის მენსტრუაციის, ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი კვება და წყლის რესურსებზე წვდომა, ეს არ არის მათი მოწყვლადობის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ქალთა მოწყვლადობას კლიმატის ცვლილების მიმართ უპირველეს ყოვლისა არა მათი რაიმე ბიოლოგიური მახასიათებელი, არამედ პატრიარქალურ საზოგადოებაში მათი დისკრიმინაცია, კულტურული და ეკონომიკური დაქვემდებარებული მდგომარეობა განაპირობებს.

კლიმატის ცვლილების დროს ქალები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან არსებული გენდერული უთანასწორობის, სტრუქტურული ბარიერების, ფინანსებზე, ინფორმაციაზე წვდომისა და სხვა სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური უთანასწორობის განმაპირობებელი მიზეზების გამო.

ეს განსაკუთრებულად კარგად ჩანს ღარიბ, განვითარებად ქვეყნებში, სადაც კაცებისგან განსხვავებით, ქალებს ხშირად არ აქვთ სამსახური, საკუთრება, წვდომა რესურსებზე, განათლებაზე, შეზღუდულია ან საერთოდ არ არსებობს მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შედეგად, მსოფლიო მასშტაბით, სწორედ ქალები არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა უმრავლესობაში (70%).

ამგვარ დისკრიმინაციას ხშირად ქალებისთვის ფატალური შედეგები მოაქვს. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, ბუნებრივი კატასტროფების დროს მეტი ქალი იღუპება, ვიდრე მამაკაცი. დაღუპული ქალების უმრავლესობა, როგორც წესი, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონენი არიან. თვალსაჩინო მაგალითისთვის, 1991 წელს ბანგლადეშში გამანადგურებელმა ციკლონმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა 90% ქალები იყვნენ. არსებობს სხვა მსგავსი მაგალითებიც. ქალების გადარჩენის შანსებზე გავლენას საზოგადოებაში მათი ტრადიციული როლი ახდენს. განვითარებად ქვეყნებში ბევრმა ქალმა არ იცის ცურვა, ხშირად კრიზისულ სიტუაციაში ისინი ელოდებიან მეუღლეს ან ოჯახის სხვა წევრს. 

ბუნებრივ კატასტროფას გადარჩენილი ქალები, ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ამ ტენდენციასაც ისევ და ისევ ქალების რესურსებზე შეზღუდული წვდომა და დამკვიდრებული გენდერული როლები განაპირობებს. ბუნებრივი კატასტროფის დროს, როგორც წესი, ხდება ადამიანების დამცავი მექანიზმების მოშლა, მაგალითად, ნადგურდება თავშესაფარი, სწრაფად გადაადგილების საშუალებები, ჯანდაცვის სერვისები, არ ხერხდება ინფორმაციასთან წვდომა, პოლიციას განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა, იზღუდება კომუნიკაცია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. გაჭირვებულ მოსახლეობაში, კატასტროფამ ჩამოთვლილი სოციალური სტრუქტურები შეიძლება კიდევ უფრო დაასუსტოს. ასეთ ვითარებაში ქალები განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არიან დაცული. მაგალითისთვის 1989 წელს, კალიფორნიაში, ლომა პრიეტას მიწისძვრის შემდეგ აღნიშნულ დასახლებაში ქალებზე სექსუალური ძალადობა 300 პროცენტით, ხოლო ოჯახში ძალადობა 46 პროცენტით გაიზარდა. არსებობს სხვა მრავალი მაგალითიც: 2005 წელს ქარიშხალი კატრინას და რიტას დროს შეერთებულ შტატებში ეროვნული სექსუალური ძალადობის რესურსცენტრის კვლევის თანახმად სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა 93,2 პროცენტი ქალი იყო.

აქ ჩამოთვლილი და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გამოც ქალები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, დღემდე იშვიათად ხვდება კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში. აღსანიშნავია ისიც, რომ კლიმატის ცვლილების საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების ჩართულობა ჯერ კიდევ უმნიშვნელოა, მაშინ, როცა ქალთა გაძლიერება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა პირდაპირ კავშირშია მათთან.

მომავალ პოდკასტებში ვრცლად მოგიყვებით უშუალოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, მაგალითად, რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი სოფლად მცხოვრები ქალები; მოგიყვებით ეკომიგრაციასა და ქართველ ეკომიგრანტ ქალებზე. 

ასევე, მინდა, ვრცლად ვისაუბრო ქალების როლზე, თუ რატომ არის ქალთა გაძლიერება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა აუცილებელი წინაპირობა ჩვენი პლანეტის გადასარჩენად. "

დააკლიკეთ ბმულს და შემოუერთდით ფემინსტრიმს

--------------------------------------------------------------------------------------

პროექტს  “ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^