ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამო, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის გამართული სპეციალური ტექნიკური შეხვედრა დასრულდა.
„მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც შევუდგებით დღეიდანვე", - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვთ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები თუმცა, „მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება“.
კახა ქემოკლიძის თქმით, შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად სოფელ ერგნეთში.
გუშინ, 29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს აღება.