Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამაზონიისთვის ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაცაა

04 სექტემბერი, 2019 13:34

დღეს, როცა ამაზონის აუზის ეკოლოგიური სტაბილურობა უპრეცედენტო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რეგიონის ისტორიის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გავრცელებული წარმოდგენები, თითქოს ამ რეგიონში ადამიანები ან არ არსებობენ, ან მათ ცალსახად დესტრუქციული გავლენა აქვთ, არა მხოლოდ მცდარი, არამედ დამაზიანებელიცაა. ამგვარი მოსაზრებები ადამიანის ამაზონში ეკოლოგიურად ინტეგრირებული ყოფნის შესაძლებლობას უარყოფს და ამით, გამოსავლის მაგივრად, სასოწარკვეთილებისკენ გვიბიძგებს. ამაზონის ისტორია სავსეა მაგალითებით, რომლებიც ასეთ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს -სავსეა ამბებით, რომლებიც ადამიანსა და ამაზონის ბუნებრივ გარემოს შორის არსებულ თითქოს გადაულახავ კონფლიქტებს სცდება.

წელს ამაზონის ტყეში საგანგაშოდ ბევრი ხანძარი გაჩნდა - ხანძრის კერების რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა. ასეთი რამ ათი წელია არ მომხდარა.

წლის ეს პერიოდი ამაზონის დაბლობებში მშრალია. ადგილობრივი მეტყევეები და ფერმერები გაზაფხულისთვის ემზადებიან, რომელიც სექტემბერში დგება.

ჩრდილოეთის ტყეებისგან განსხვავებით, ტროპიკულ, უხვნალექიან რეგიონებში ამ მასშტაბის ხანძრები არაბუნებრივი და იშვიათია. წლევანდელი ხანძრების უმრავლესობაც ადამიანის გაჩენილია - ნაწილი დაუდევრობით, უმრავლესობა კი განზრახ, საძოვრებისა და სამეურნეო მიწებისთვის ტერიტორიის გამოსათავისუფლებლად. აგრობიზნესი, ხის მასალისა და შეშის ინდუსტრიები ამაზონს უზარმაზარ ზიანს აყენებს და მის ეკოლოგიურ მდგრადობას საფრთხეს უქმნის. კომერციული მიზნით ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩეხილი რომ არ იყოს, ამდენი ხანძარი ამაზონში ვერ გაჩნდებოდა.

პრივატიზაციისა და ლიცენზირების ტალღები ტყეს უფრო და უფრო დაუცველს ხდის. ამაზონის ინდუსტრიალიზაცია, მისი შემადგენელი ნაწილების კომოდიფიკაცია და გლობალურ სამომხმარებლო ჯაჭვში ჩაბმა რეგიონის ეკოლოგიურ მდგრადობასთან ცალსახად შეუთავსებელია.

ამასთან, აშკარაა კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ხანძრების წლევანდელ სიხშირეს შორის. კლიმატის ცვლილება ნალექის ციკლებსა და სეზონების ხანგრძლივობას ცვლის, ტემპერატურის მატებასთან ერთად კი იზრდება გვალვის სიხშირეც. მოხშირებული გვალვა, თავის მხრივ, ხანძრების გაჩენისა და გავრცელების წინაპირობას ქმნის. ტყეების კუმშვა და იქ დაგროვილი ნახშირბადის ატმოსფეროში გაფრქვევა ისევ კლიმატის ცვლილებას ამძაფრებს. ტყის განადგურება და კლიმატის ცვლილება ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესებია.

ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო მემარჯვენე ლიდერთა მონსტრების კორპორაციას - ორბანს, ერდოღანს, ტრამპსა და სხვებს - იანვრიდან შეუერთდა. ბოლსონარო კარგად ნაცნობი, ანტიეკოლოგიური რიტორიკის გამგრძელებელია, რომლის თანახმადაც ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის მხოლოდ ერთის არჩევაა შესაძლებელი, მისი არჩევანი კი თავისთავად ცხადია.

ბოლსონაროს, რომელიც, გარემოს დამცველებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების ფაქტობრივად ყველა ორგანიზებულ ჯგუფს ღიად უპირისპირდება, გარემოსთვის განსაკუთრებული ზიანის მიყენება შეუძლია. საჯარო ინსტიტუტები, რომლებიც ბრაზილიაში ჯერაც მოწყვლადია, მის ქმედებებზე დემოკრატიულ კონტროლს ვერ ამყარებენ. ბოლსონაროს ეფექტიანად ვერაფერი ზღუდავს, მის იურისდიქციაში კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოსისტემაა მოხვედრილი.

21 აგვისტოს, როცა რეგიონში ათეულათასობით ჰექტარ ტყეს ცეცხლი ეკიდა, ბოლსონარომ ხანძრების გაჩენა არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბრალა.

ამაზონის ისტორია ადამიანისა და ეკოსისტემების ურთიერთობის ისტორიაა. მისი ბევრი ეპიზოდი კონფლიქტების წყებაა, რომლის დროსაც ადამიანები დესტრუქციულ და ხშირად თვითდესტრუქციულ როლს ასრულებენ. წლევანდელი რეკორდული მასშტაბის ხანძრებიც დიდწილად ამგვარი ისტორიის გაგრძელებაა.

დღეს ადამიანი ამაზონის ბუნებრივ გარემოზე ძირითადად უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა, ამის მიუხედავად, ამ რეგიონის ისტორია, თანდათანობითი ეკოლოგიური რღვევის ამბავთან ერთად, ადამიანის ბუნებრივ გარემოში ეკოლოგიურად მდგრადად არსებობის ეპიზოდებსაც მოიცავს.

ამაზონში ყოველთვის არსებობდა ეკონომიკური ღირებულების შექმნის ეკოლოგიურად მდგრადი ფორმები. ევროპიდან ჩასულ პირველ მოგზაურებს ამაზონიაში დახვდათ დიდი, მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, სადაც მოსახლეობა ბუნებრივ გარემოში ცხოვრებას ისე ახერხებდა, რომ ამაზონური ეკოსისტემების არსებობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

მაგრამ ამაზონის დაბლობებში ევროპელი მოგზაურების გამოჩენას წითელას და ჩუტყვავილას პირველი შემთხვევებიც მოჰყვა. ჩამოტანილი დაავადებები თანდათან მთელ კონტინენტს მოედო. ქალაქები დაცარიელდა. ცივილიზაციები ისე გაქრა, რომ კოლონიზაციის პირველი დიდი ტალღისას ევროპელებს მათ ადგილას ნანგრევები დახვდათ.

კონტინენტის ზოგიერთ ნაწილში დასახლებები მთლიანად განადგურდა, სხვაგან გადამდებმა დაავადებებმა მოსახლეობის 90% შეიწირა. ომმა და კოლონიზაციამ კონტინენტზე სრული დემოგრაფიული კოლაფსი გამოიწვია.

ამაზონიის ვრცელი ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლა, რაც კონტინენტზე ევროპელების გამოჩენას მოჰყვა, მცდარი წარმოდგენებით შეინიღბა - თითქოს აქაური დაბლობები ადამიანებისგან თავისუფალი, ხელშეუხებელი სივრცეა; თითქოს ამაზონი ადამიანებისგან არასდროს დაცლილა; თითქოს ამაზონში მილიონობით ადამიანს არც არასდროს უცხოვრია.

ამ წარმოდგენას ამყარებდა აკადემიური პარადიგმაც, რომლის მიხედვითაც ამაზონის დაბლობებში ნიადაგი იმდენად უნაყოფოა, რომ მას დიდი მოსახლეობის შენახვა არ შეუძლია. ეს წარმოდგენა მეოცე საუკუნის ბოლომდე აკადემიური კვლევების დიდი ნაწილის მიმართულებას განსაზღვრავდა, თუმცა დაგროვილი არქეოლოგიური მტკიცებულებებით მას საძირკველი გამოეცალა.

მილიონობით ადამიანი ამაზონიიდან ჯერ ფიზიკურად განდევნეს, შემდეგ კი მათი კვალი ისტორიიდანაც გააქრეს.

თუმცა თანდათან შეგროვდა ამაზონიის შესახებ ალტერნატიული ისტორიოგრაფია, რომელიც ამაზონის ტყეში ხალხმრავალი ცივილიზაციების არსებობას არ უარყოფს.

ამ ალტერნატიული ისტორიოგრაფიის ნაწილია უცნობი ტერა პრეტას ამბავი. ტერა პრეტა - „შავი მიწა“ პორტუგალიურად- ხელოვნური ნიადაგის სახეობაა, რომელიც, სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ხის ნახშირის, თიხისა და სასუქისგან შედგება. ტერა პრეტას რეგენერაციული თვისებები აქვს და უნაყოფო ნიადაგის განოყიერება შეუძლია. ის მხოლოდ ამაზონის დაბლობებში გვხვდება და, როგორც არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, მისი გამოყენება ადგილობრივმა ცივილიზაციებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში დაიწყეს.

ამაზონის აუზის ისეთ რეგიონებში, სადაც ნიადაგი მინერალებისგან ბუნებრივად ირეცხება, ტერა პრეტა მიწის შედგენილობას იმდენად ცვლის, რომ მასში მკვებავი ელემენტები საუკუნეების განმავლობაში რჩება. ტერა პრეტა ნარეცხ ნიადაგში ეკოლოგიურად პროდუქტიული ტყეების წარმოქმნის შესაძლებლობას ქმნის.

ტერა პრეტას გავრცელების ზუსტი გეოგრაფიული არეალი დღემდე დადგენილი არაა, თუმცა, კვლევების თანახმად, ის ამაზონის დაბლობებში ათეულობითათას კვადრატულ კილომეტრს ფარავს. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ტერა პრეტა ამაზონის ტყის ერთ მეათედს ანოყიერებს. რომ არა ადგილობრივი მოსახლეობის ეს გამოგონება, ამაზონის ტყე იმ ფორმით, როგორიც დღესაა, ზოგიერთ რეგიონში არ იარსებებდა.


    რუკაზე ლურჯად გამოსახულია ამაშონში ტერა პრეტას გავრცელების არეალი

ტერა პრეტას ამბავი აშკარა მაგალითია იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ცივილიზაცია და ტროპიკული ტყე არა მხოლოდ თანაარსებობდნენ, არამედ ერთმანეთის არსებობის საშუალებას ქმნიდნენ.

ეკოლოგიურად მდგრადი ეკონომიკური სისტემების მაგალითების მოსაძებნად კოლუმბამდელი ისტორიის გახსენება აუცილებელი არცაა. სამოცდაათიანი წლებიდან ჩიკო მენდესი და მისი რეზინის მომპოვებელი ადგილობრივი კოოპერატივის წევრები მათ სათემო ტერიტორიაზე აგრობიზნესისა და მეცხოველეობის კომპანიების გასადევნად წლების განმავლობაში ებრძოდნენ ბრაზილიის ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი ცენტრალურ ხელისუფლებას.

მათი კოოპერატიული მოდელი, რომელიც რეზინის ეკოლოგიურად მდგრადი წარმოების შექმნას ითვალისწინებდა, ეწინააღმდეგებოდა ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობას, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება მაშინაც მხარს უჭერდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩიკო მენდესის და მისი თანამოაზრეების მოდელის წარმატება არაერთხელ დადასტურდა, მათი ბრძოლა ტრაგედიით დასრულდა -1988 წლის 22 დეკემბერს ჩიკო მენდესი სიცოცხლეს გამოასალმეს, პროკურატურამ კი მისი მკვლელობა სათანადოდ არ გამოიძია. იმ წელს ბრაზილიაში 90 გარემოს დამცველი აქტივისტი მოკლეს.

1990 წელს, მას შემდეგ, რაც ჩიკო მენდესის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, რეგიონში შეიქმნა ჩიკო მენდესის სახელობის მომპოვებელი ინდუსტრიისგან დაცული რეზერვაცია, რომელიც დღესდღეობით მთელს ამაზონის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. იქ რეზინის მდგრადი მოპოვება დღემდე მიმდინარეობს.


ასე აგროვებენ (ხის დაუზიანებლად) რეზინას

მიუხედავად იმისა, რომ ჩიკო მენდესის სახელობის დაცული ტერიტორიის ფარგლებში წელს სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლები ხანძარი გაჩნდა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაცული ტერიტორიაზეც კი უფრო და უფრო ხშირად აწყდებიან გაჩეხილ ტყეს. პრივატიზაციისა და ლიცენზირების შეწყვეტის გარეშე ამაზონში ეკოლოგიური რღვევა გარდაუვალია.

ამაზონში ხანძრის კერების გაჩენა, სავარაუდოდ, სექტემბერშიც გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა გაიზარდოს კიდეც.

ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და მეტყევეობა არა მხოლოდ ამაზონის სიმწვანეს, არამედ ადამიანების საცხოვრისი საშუალებების კვლავწარმოებასაც უპირისპირდება. ამაზონიაში ადგილობრივი თემები აგრობიზნესის წინააღმდეგ დღესაც იბრძვიან, რეგიონში ინდუსტრიალიზაციის პროცესისა და ლიცენზიების გაცემის შეწყვეტას, მიწების მათთვის დაბრუნებას ითხოვენ. ამით ისინი აგრძელებენ ამაზონის ალტერნატიულ ისტორიას, რომლის მიხედვითაც, ცივილიზაცია ამაზონური ეკოსისტემების მტერი კი არა, მისი ნაწილია. ამაზონიისთვის ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაცაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^