
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეისთვის დაანონსებულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ჟურნალისტების წინაშე თავად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარდგა. როგორც მან განმარტა, გადაწყვიტა მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ მნიშვნელოვან კითხვებზე უშუალოდ უპასუხოს, თუმცა დაპირების მიუხედავად ჟურნალისტებს მაინც არ მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ პასუხი ყველაზე აქტუალურ შეკითხვაზე, შეწყალებულთა შორის როგორ მოხვდნენ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები.
მნიშვნელოვანი სიახლე, რაც პრეზიდენტმა ბრიფინგზე საზოგადოებას ამცნო, ის იყო, რომ ახალი წესების შემუშავებამდე მსჯავრდებულთა შეწყალებას აღარ აპირებს. „მერე ვნახოთ, ან ჩემ დროს, ან მომდევნო პრეზიდენტის დროს როგორ მოხდება შეწყალება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კიდევ ერთი ბუნდოვანი საკითხი, რომელსაც დღევანდელ ბრიფინგზე ვერ მოეფინა ნათელი არის ის, თუ შეწყალების რა მოდელს სთავაზობს პრეზიდენტი პარლამენტს. ზურაბიშვილმა განაცხადა: „წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს - წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს. ჩვენი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი. ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების შეშფოთება“.
„ლიბერალი“ შეეცადა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაერკვია, ისევ გულისხმობს თუ არა სალომე ზურაბიშვილის ეს „ინიციატივა“ მის მიერ მარტში პარლამენტში გამოსვლისას დაანონსებულ შეწყალების სისტემის ახალ კონცეფციას, რომელიც ამ კომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროში გადასვლას გულისხმობდა, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. თავად იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში კი მსგავს მოდელზე გადასვლის შესაძლებლობა არ დაგვიდასტურეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ მორატორიუმის გამოცხადება მნიშვნელოვნად აუარესებს მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას და ნაკარნახევია პრეზიდენტის შიშით, რომ სამომავლოდ მსგავსი სკანდალისგან დაიზღვიოს თავი. „წარმოვიდგინოთ იმ მსჯავრდებულთა მდგომარეობა, რომლებსაც შეტანილი აქვთ განცხადება შეწყალებაზე (რისი უფლებაც მათ, როგორც მოქალაქეებს გააჩნიათ) და სახელმწიფოსგან პასუხად მორატორიუმს იღებენ. ეს არის კრიზისი, რომელიც გამოწვეულია პრეზიდენტის ერთგვარი ფობიით, რომ მომავალში მის გადაწყვეტილებას არ მოჰყვეს სკანდალი. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მორატორიუმი, კრიზისი კიდევ უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს“.
ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, შეუძლებელი და გაუმართლებელია პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილების სხვაზე, მაგალითად - იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემა. მსგავსი ახალი მოდელის შემოღება კონსტიტუციაში ცვლილებებს საჭიროებს. იგი კრიზისიდან გამოსავლად მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფარგლებში შეწყალების საკითხთა კომისიის აღდგენას, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის იანვარში დაითხოვა. „ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია შეწყალების უფლებამოსილებას ექსკლუზიურად ანიჭებს პრეზიდენტს, დადებითად უნდა ჩაითვალოს შეწყალების ინსტიტუტის ისეთი მოდელის არსებობა, როდესაც პრეზიდენტი ქმნის სათათბირო ორგანოს - შეწყალების საკითხთა კომისიას. აღნიშნული მოდელი საკმაოდ დემოკრატიულია, მაგრამ რიგი საკითხები საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა მსჯავრდებულებს და საზოგადოებას არ დარჩეს ბუნდოვანებისა და არაობიექტურობის განცდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემისას“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
პრეზიდენტი შეწყალებაზე მორატოროუმს აცხადებს