Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარი ბექაურის კინორჩევები

18 ოქტომბერი, 2019 13:56
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

მკვლელის ჩამოყალიბება - 2005 წელს Netflix-მა დოკუმენტური სერიალის გადაღება დაიწყო. ისტორია იმდენად შემზარავია, რომ მისი რეალურობა ძნელი დასაჯერებელია. თუმცა, სტივენ ეივერის ამბავი ნამდვილად მოხდა და ჯერაც არ დასრულებულა... 23 წლის ეივერის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დასდეს ბრალი და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობიდან 18 წლის შემდეგ, დნმ-ის ტესტის წყალობით, მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ სასამართლოს, შერიფისა და პროკურორის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პასუხად, ის მეორედ დააპატიმრეს - ამჯერად ახალგაზრდა ფოტოგრაფი ქალის სასტიკი მკვლელობისთვის. როცა ეს მოხდა, Netflix-მა სერიალის გადაღება დაიწყო და კორუმპირებული სისტემის მთელი ჭაობი სააშკარაოზე გამოიტანა. საზოგადოება შოკში ჩააგდო სტივენ ეივერის ამბავმა. თუმცა, ისტორია ისევე გაგრძელდა, როგორც დაიწყო - ადამიანი სისტემის წინააღმდეგ მარტო დარჩა. 

ერთ ღამეს - „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას,“ - თქვა მერაბ მამარდაშვილმა და პასუხად დარბაზიდან გააძევეს. ეს ერთსეზონიანი დრამაც - „ერთ ღამეს“ სიმართლეზეა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. მთავარი გმირი - ტურტუროს პერსონაჟი რეალურია. მას არ აქვს პირადი ცხოვრება, კარიერა, სოციალური ურთიერთობები. ის არ არის გამარჯვებული ადამიანი. რეალურ ცხოვრებაში კი ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას, ხშირად დამარცხებული ადამიანები არიან, „დამარცხებული“ - ზოგადი სტანდარტებით, თორემ მათ ალბათ, ყველაზე უკეთ შეძლეს არსებობის საზრისის და საკუთარი თავის შეცნობა. ხოლო როგორც ამავე სერიალის ერთ-ერთი გმირი ამბობს: „მნიშვნელობა არ აქვს, სად ხარ, ციხეში, გარეთ თუ სხვაგან. მთავარია, იცოდე, ვინ ხარ.“

ნადირობა - ერთი სცენაა: მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, ჩამოწერონ ის ქმედებები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმართავენ, რათა სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი არ გახდნენ. ბიჭების მხარე ცარიელი რჩება, გოგონების შუშის დაფა კი სხვადასხვა ფერის წარწერებით მთლიანად იფარება. თითქოს დიდი არაფერი, ჩვეულებრივი მინი-სერიალია გოგონებზე, რომელთა ინტიმური ფოტოებიც ინტერნეტში ვრცელდება, თუმცა ავსტრალიური სატელევიზიო შოუ ძალიან მწვავე და აქტუალურ საკითხს ეხება და ნათლად წარმოაჩენს მის სავალალო შედეგებს, იმ ფსიქოლოგიურ მხარეს, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს... ვფიქრობ, ამ ოთხი სერიის ნახვა ჩვენს სექსუალურ შევიწროებაზე მოღლიცინე საზოგადოებას დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიურად ქალები და რას ნიშნავს მათთვის მოძალადე სოციუმში ცხოვრება.

როცა ისინი დაგვინახავენ - ესეც წლევანდელი, ესეც ოთხ-ეპიზოდიანი მინი-სერიალი, თუმცა, სერიალი, რომელიც ყველანაირ სამართლიანობის რწმენას დაგიმსხვრევთ და ეჭვის შეტანას გაიძულებთ იმ მოსაზრებებში, რაც ღირებულებებს და პრინციპებს ეხმიანება. სტივენ ეივერის ამბის არ იყოს, ისტორია იმდენად სასტიკია, რომ მისი დაჯერება გვიჭირს და პასუხს ვერ ვცემთ კითხვას: „როგორ მოახერხეს ადამიანებმა, ასე დაუნდობლად გაეწირათ სხვა ადამიანები, მთლიანად გაენადგურებინათ მათი ცხოვრება?“ 1989 წელს, ცენტრალ პარკში მომხდარი ბრუტალური დანაშაულისთვის ხუთი აფროამერიკელი მოზარდი დააპატიმრეს. დეტექტივებმა იცოდნენ, რომ ისინი დამნაშავეები არ იყვნენ, მაგრამ შეძრულ საზოგადოებას განტევების ვაცი სჭირდებოდა და დაკითხვებისას მოზარდებზე ზეწოლით საქმე მარტივად შეიკერა... „როცა ისინი დაგვინახავენ“ - ჰქვია სერიალს, თუმცა, ამ ხუთი შავკანიანი მოზარდის ისტორიის ნახვის მერე გვრჩება განცდა, რომ ისინი ვერასდროს დაინახეს.

პატრიკ მელროუზი - არათუ გასული წლის, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო შოუ. სერიალი ბუკერის პრემიის ლაურეატის, ედვარდ სენტ-ობინას რომანს ეფუძნება და წამალდამოკიდებული ადამიანის ამბავს გვიყვება, ისტორიას, სადაც ბავშვობის ტრავმები, ოჯახური ძალადობა, გაუპატიურება და ბევრი ის სისასტიკეა, რასაც ადამიანი დამოკიდებულებამდე მიჰყავს. ბრწყინვალე თხრობის გარდა, ძალიან შთამბეჭდავია სერიალის ვიზუალური მხარე, თუმცა, ყველაზე დიდ აღფრთოვანებას მაინც ბენედიქტ კამბერბეტჩის შესრულება იწვევს. ეს მის კარიერაში უდაოდ საუკეთესო შესრულებაა და პრინციპში, გასაკვირი არცაა: ხუთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ მისი საოცნებო როლი - პატრიკ მელროუზი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^