Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვისი თითის ანაბეჭდი აღმოჩნდება „მუქარის წერილზე“? - ხაზარაძემ დედანი პროკურატურას გადასცა

21 ოქტომბერი, 2019 15:28

პოლიტიკური მოძრაობა - „ლელოს“ ლიდერმა  მამუკა ხაზარაძემ  ე.წ. „მუქარის წერილის“ დედანი და მასზე ჩატარებული თითის ანაბეჭდების ექსპერტიზის დასკვნა  პროკურატურას ჩააბარა. „ჩვენ უნდა დავიცვათ, ამოვწურეთ სამართლებრივი გზები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუ შედეგი ვერ დადგა, არსებობს სხვა სამართლებრივი საშუალებებიც. ამიტომ როგორც მოგახსენეთ და შეგპირდებით, ჩვენ სამართლებრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ საქმეს. ჯერჯერობით ვაცლით პროკურატურას" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, ახალი მტკიცებულების გადაცემით, პროკურატურას უკვე გამოეცლება სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრისთვის ადრე დასახელებული არგუმენტი: რომ ხაზარაძის მიერ არ ყოფილა წარდგენილი წერილის დედანი და ასევე არ ასახელებდა, წერილის გადამცემ, შუამავალი პირის ვინაობას. „როგორც კი გამოძიება დაიწყება პირი, რომელმაც მოიტანა წერილი, მზადაა ჩვენების მისაცემად,“ - განაცხადა კორძაძემ.

მცირე კომენტარი გაკეთება მოუხდა, ბრალდების მთავარ ადრესატს საქართველოს პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას. „არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ",- განაცხადა გახარიამ.

პროკურატურაში ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და „ლიბერალს“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, წერილის მიღების შემდეგ მოახდენენ.

ზვიად კორძაძის განცხადებით, ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, „მუქარის წერილზე“ ფიქსირდება 17 მკაფიოდ გარჩევადი თითის ანაბეჭდი. რაც შეეხება 120 ანაბეჭდის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ადვოკატის განმარტებით, ათობით კვალი მართლაც აღმოჩნდა, ოღონდ  წერილთან ერთად გაგზავნილ სხვა საკვლევ ნიმუშზე - ე.წ. ფაილზე და კონვერტზე.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროკურატურას საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად ყველანაირი რესურსი გადასცეს. გამოძიებას მოუწევს მხოლოდ დაქტილოსკოპიურ ბაზაში თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირება და შემდეგ ამ ადამიანებისთვის კითხვის დასმა: „საიდან მოხვდა მათი ანაბეჭდები მუქარის წერილზე? იგი აქამდე ინკოგნიტოდ დარჩენილი, მამუკა ხაზარაძისთვის წერილის გადამცემი შუამავლის საკითხსაც შეეხო და პირობა დადო, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში ეს პიროვნება ჩვენებას მისცემს.  

ზვიად კორძაძე საქმეში მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მონაწილობას დელიკატურად გამოეხმაურა: „არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან, შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არ არის, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ, ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა. გიორგი გახარია არის თუ არა ის პირი, რომელიც იყო უშუალოდ, ასე ვთქვათ, მუქარის ავტორი თუ გიორგი გახარია არის პირი, რომელმაც წერილი გამოგვიგზავნა, ეს ჩვენი საქმე არ არის და არც ვიცით. მამუკა ამბობს, რომ წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან, დანარჩენი არის მთლიანად გამოძიების საქმე“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

„მუქარის წერილის” გასაჯაროების საკითხს დღეს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. “წარადგინოს ე.წ. 120 ანაბეჭდიანი წერილი, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც შეეხება კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოებს, მათი ვალდებულებაა, კანონის შესაბამისად იმოქმედონ, დაიცვან ყველა სამართლებრივი პროცედურა და გასცენ დასმულ შეკითხვას პასუხი. დაველოდოთ პროცესს, ჯერ წარადგინოს და შემდგომ მოვითხოვოთ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი”, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა, რომ „ტვ პირველის“ საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რეპუტაციას დაუნგრევდნენ.  

გასაჯაროვებული წერილის მიხედვით დასახელებული იყო სამი მოთხოვნა: 

„უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან);

უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი);

„არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი“.

მამუკა ხაზარაძემ წერილის ასლი პროკურატურის წარმომადგენლებს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა. წერილის დედანი კი კი ექსპერტიზის ჩასატარებლად ლონდონში გაგზავნა.

გიორგი გახარია წერილის ავტორობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ „წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება“. 

მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილზე“ თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^