„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ყველა ინფორმაცია აქვს და ფაქტია, რომ ამის შესახებ გარკვეული მიზეზების გამო არ საუბრობს.
„გუშინ უკვე გავეცით ეროვნულ ბანკს პასუხი, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეროვნულ ბანკს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ვიდრე ამბობს, ამიტომაც ამაზე მეტის საუბარი უკვე წარმოუდგენელია. ყველაფერი ძალიან კარგად იციან და ყველა ინფორმაცია აქვთ, რაც ხდებოდა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია მისი შემოწმება. გვენეტაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკის გარეშე არც ერთი ტრანზაქცია არ ხორციელდება. გვენეტაძის განმარტებით, თავად ბანკმა უნდა აკონტროლოს ტრანზაქციები და დანაშაულის აღმოჩენა და გამოძიება სებ-ის ფუნქცია არ არის.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სებ-მა მიმართა „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტს, თუმცა აუდიტის დასკვნა, სადაც „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით „ფულის გათეთრების“ ნიშნები ჩანს, „თიბისი ბანკს“ არ გააჩნია.
სებ-ის განცხადებას გუშინვე მოჰყვა საპასუხო განცხადება. საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" „პროგრეს ბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას მოითხოვს.