ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ბართლომე „ტვ პირველთან“ ქართველი საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველის მიმართ გაკეთებული კომენტარის გამო განმარტებას აკეთებს. არქიმანდრიტმა რაჭველიშვილის მიერ ბერა ივანიშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, „აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის“ ასე გამოეხმაურა.
„რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - არქიმანდრიტი ბართლომე მომღერლის მიერ ბერას კრიტიკაზე
არქიმანდრიტი ბართლომე აცხადებს, რომ რაჭველიშვილის დაწერილ ქვეტექსტში მან ბერას მისამართით დამცირება და შეურაცხყოფა ამოიკითხა. მამაო ამბობს, რომ მას რაჭველიშვილი არ დაუწყევლია და ეს მხოლოდ მის მიერ გამოთქმული აზრი იყო, რათა მომღერლისთვის ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო.
„მე ეს არ დამსიზმრებია და ჩემი პირველი სტატუსი არ ყოფილა, ეს მისი ისტერიული გამოხტომის გამო მოხდა. მე მას პასუხი გავეცი. ახალგაზრდა ადამიანს საცოდავო, კრეტინო და უბედურო უწოდა, ეს ნაკლები წყევლა გგონიათ?“, - პასუხობს მამაო დიანა ტრაპაიძის კითხვას, რატომ დაწყევლა ანიტა რაჭველიშვილი.
დიანა ტრაპაიძის კითხვაზე - „სასულიერო პირები ასე იქცევიან?“ არქიმანდრიტი ბართლომე ასე პასუხობს:
„სასულიერი პირები არ ვიცი როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. როგორც მოვიქეცი განვმარტე. რაჭველიშვილი მინდოდა, რომ რაღაც პოზიციაზე დამდგარიყო და ბოდიში მოეხადა. ამ ადამიანთან პიროვნული პრობლემა არ მაქვს. აქ პოლიტიკა რა შუაშია?
უნდა დამთავრდეს ის პერიოდი, როდესაც მამა არ მოგწონს და მის შვილს ასე პირადად ეხები. მე მაშინ არ ვაქტიურობ მხოლოდ, როდესაც ქვეყანაში ცუდი არ ხდება. მე დავდივარ ციხეებში და ადრეც დავდიოდი, ამიტომ ვიცი, რაც ხდებოდა და ხდება ახლა. წყევლა ადამიანის შემაკავებელი უნდა იყოს. ანიტა რაჭველიშვილი არ დამიწყევლია, უბრალოდ მინდოდა მიმხვდარიყო რომ ახალგაზრდა ადამიანზე ამ ფორმით თავდასხმა არ შეიძლება. შეიძლება ბერა ივანიშვილი სადაც შემხვდება ვერც მიცნოს“,-აცხადებს არქიმანდრიტი.
ტრაპაიძის კითხვაზე შეეხმიანა თუ არა ამ კომენტარის გამო მას საპატრიარქო, მამაო პასუხობს, რომ ჯერჯერობით არავინ, ხოლო თუ ვინმე რამეს ჰკითხავს, ის თავის პოზიციას დააფიქსირებს.
„არ დამიწყევლია და ამაზე აპელირებას ნუ აკეთებთ. მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი რომ ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა. მე თავს არავის დავსხმივარ. ახალგაზრდა ადამიანის შეურაცხყოფა დაუშვებლად მიმაჩნია. როგორ შეიძლება ქველმოქმედების გამო ასე გალანძღო ადამიანი და ბოდიში არ მოიხადო. რაჭველიშვილმა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების და ახალგაზრდების წინაშე. მე არ მაქვს ბოდიში მოსახდელი“, - აცხადებს მამა ბართლომე.
მისივე თქმით, მამების გამო შვილებმა პასუხი არ უნდა აგონ. ამიტომ ყველა ასეთ გამოხტომაზე კრიტიკული შეფასება ექნება.
„როგორც მომღერალი ბრწყინვალეა. ეს იყო ისტერიული წერილი და მინდოდა რაღაცას მიმხვდარიყო. ვინც მე გამლანძღა, სულ „ნაციონალები“ იყვნენ. ასევე ტროლები. ღმერთმა ამ ხალხისგან საქართველო დაიფაროს“,-განაცხადა მამაომ.