Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაროკოდან ჰიტლერამდე

25 ოქტომბერი, 2019 11:04

ჩვენთვის თითქმის „შინაური“, სახელოვანი ლიტველი რეჟისორის, ოსაკარას კორშუნოვასის „ტარტიუფი“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე გამორჩეული, კრიტიკულ-კრეატიული და პოლიტიკური წარმოდგენა აღმოჩნდა. მოლიერის ათასჯერ მოთელი და გადაღეწილი ტექსტი სრულიად ახლებურად „იმზირება და იკითხება“, რაც ავინიონის საერთაშორისო ფესტივალის მაყურებელს 2018 წელს, ნამდვილად არ გამორჩებოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაირგვარი დღევანდელი ორგონ-ტარტიუფებით დაღლილმა, მან არა აბსტრაქტული ფარისევლები, არამედ საკუთარი საშიში რეალობა დაინახა და ამოიცნო. „ტარტიუფი“ სწორედ ავინიონის ფესტივალისა და ლიეტუვას ნაციონალური თეატრის ერთობლივი კოპროდუქციაა, რომლითაც წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა.

კორშუნოვასის „ტარტიუფი” მახვილგონივრული, დამცინავი, ზუსტი და სატირულია. სპექტაკლი იწყება როგორც ოდნავ რომანტიკული, სასაცილო ფარსი და მთავრდება როგორც მკვეთრი პოლიტიკური სატირა - უკვე გამარჯვებული, პედესტალზე მდგარი ტარტიუფი ბაროკოს ეპოქის საცეკვაო მოძრაობიდან რბილად გადაინაცვლებს ჰიტლერის ცნობილ ჟესტამდე... მას აღარსად ეჩქარება,  რადგან ორგონის მთელი ქონება ხელში ჩაიგდო.

სცენაზე მწვანე ლაბირინთია (მხატვარი და სცენოგრაფი ვიტაუტას ნარბუტასი). მომხიბლავად და კომპაქტურად აგებული სივრცე  - ორგონის ბაღი, ლამის მინიატურული ვერსალია, სადაც კლასიკურ სკულპტურებთან და ვაზებთან ერთად, კომპიუტერის მაგიდა, „მონუმენტური“ თეთრი მაცივარი და ქათქათა უნიტაზია. ბროლის ჭაღები და სცენის სიღრმეში არსებული ეკრანი  (რომელზეც დრო და დრო, კულისებში გასული მსახიობების დაღლილი და ოდნავ გროტესკული სახეები აღბეჭდება) ელეგანტურად დაასრულებს ამ ჭრელი და პოსტმოდერნული სცენოგრაფიის ამსახველ სურათს. ყოველივეს შემხედვარე, მოდარაჯე კრიტიკოსს მეხსიერებაში გაუელვებს მარსელ დუშანის ეპოქალური “პისუარიც“ და პიტერ გრინუეის ფილმის, “მხატვრის კონტრაქტის“ კადრებიც.

დასაწყისში პერსონაჟებს ბაროკოს ეპოქის პარიკები მოსავთ, თუმცა ამ სასაცილო და გალანტური თამაშით დაღლილები მალევე განიძარცვებიან და მაყურებელს თანამედროვე კოსტიუმებით ევლინებიან. „ადამიანის ცოდვებზე ფიქრისას“ მადამ პერნელი (ნელი სავჩენკო) ხელს მოულოდნელად პისტოლეტს წამოავლებს და გაისვრის. შემდეგ კი გულისამაჩუყებელ სიტყვას წარმოთქვამს „საშუალო ასაკის მსახიობების მწარე ხვედრის შესახებ“… დიახ, კორშუნოვასის მძაფრი ფანტაზია ძალიან  ბევრ რამეს ქსოვს, რითაც მოლიერის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს ახლებურად შემოსავს.

ორგონი (კიასტუტის სინერასი) მახვილგონივრულ პიარ-სვლას მართავს  სოციალური ქსელების სახით (ეკრანზე ორგონის facebook-ს კი ვხედავთ). დიახ, აუცილებლად სჭირდება პიარი, რადგან მოქმედი პოლიტიკოსია და სურს ხალხის ხმები მოინადიროს. მისი ჰობი ხალხის სიახლოვეა, ლირიკული სიმარტივე და გულწრფელი ინტონაცია: პირდაპირ უყურებს კამერის ობიექტივს და მსახიობივით თამაშობს ხალხისა და აუდიტორიის წინაშე.

ტარტიუფი ორგონისთვის წარმატებით შერჩეული საარჩევნო კამპანიის ნაწილია; ქუჩაში ნაპოვნი უპოვარი, მაგრამ „სასარგებლო იმპერიული წმინდანი“ (ტარტიუფის ასოციაცია სპექტაკლის ბოლოს, პუტინთან ლამის გამჭვირვალეა). მას თითქოს ყველაფერი მომადლებული აქვს - ნაკეთი რელიგიური ქარიზმით დაწყებული, „მაჩოს“ იმიჯით დამთავრებული. თანაც ახალ სოციალურ და პოლიტიკურ თამაშში ის ძალიან საჭირო კაცია.

კორშუნოვასი გვიჩვენებს გაიძვერა პოლიტიკოსებს, ფლიდებს, მატყუარებს, ფარისევლებს, რომელთათვისაც თამაში პროფესიად იქცა და რომლებმაც ფაქტობრივად და მეტაფორულად სცენიდან განდევნეს მსახიობები. რადგან, თავად დაეპატრონენ ხცენას.

ტარტიუფი (რემიგიუს ბუჩიუსი) თავდაპირველად არანაირ შეშფოთებას არ იწვევს -  თვინიერი, ფეხშიშველი და ზრდილობიანი კაცია. თავმდაბლად და წყალობასავით იღებს ყველა საჩუქარს. მისი ეროტიკული გაბაასებაც კი ელმირასთან მოზრდილ ეპიზოდში (ვესტა გრაბშტაიტე მერლინ მონროს სექსუალური იმიჯით, პატარა ნაბიჯებით, ლამაზ და წითელ კაბაში ), თითქოს თავშეკავებული და გალანტურია. მაგრამ, საკმარისია ხელშეკრულება გააფორმოს ორგონთან (ეკრანზე მათი ლუციფერული ამბორი ლამის ორწუთიანი სტოპ-კადრით აღიბეჭდება), რომ მაშინვე ნათელი ხდება - ის სინამდვილეში კარგად ნაცნობ „მწვანე კაცუნასებრთა“ ოჯახიდანაა; მტაცებელი, რომელიც მაშივე ყველაფერს ეპატრონება, რაზეც ხელი მიუწვდება... და რომელიც არავის და არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს.

ელმირას შეცდენის სცენაში ორგონი გამჭვირვალე, პლექსიგლასის მაგიდის ქვეშ იმალება და ცხადია, თავიდანვე ყველაფერს ხედავს. პრინციპში, თავიდანვე ნათელია, რომ განსაკუთრებული „შეცდენა“, ელვირას არც სჭირდება... სამვემ თავიდანვე იცის თამაშის წესები. ისიც ცხადია, რომ კორშუნოვასი მოლერის პიესას დგამს როგორც პოლიტიკოსებისა და მათ მიერ გაბითურებული ხალხის მამხილებლ, მძლავრ და გრანდიოზულ ფარსად; ან თუ გნებავთ, „შეშფოთებული“ ევროპის დრამად, სად კომუნიზმის აჩრდილების ნაცვლად. ტარტიუფებად გადაცმული „მწვანე კაცუნები“ დაძრწიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^