Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარი ბექაურის კინორჩევები

25 ოქტომბერი, 2019 16:16
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

არჩევნები - ცოტა უჩვეულო ფილმია. ერთი შეხედვით, ბანალური სიუჟეტი სკოლის არჩევნებზე და მოსწავლეებზე, რომელთაც სხვადასხვანაირი ოცნებები აქვთ. მთავარ როლს რიზ უიზერსპუნი თამაშობს და ამ სურათში ისეთი პატარა და სხვანაირია, რომ ოდნავადაც არ ჰგავს სექსუალურ ქერათმიან ადვოკატს. რიზის გმირი - სკოლის არჩევნების მოგების სურვილით შეპყრობილი, ბეჯითი მოსწავლე - საშინლად გამაღიზიანებელი ხდება მასწავლებლისთვის, რომელსაც აცოფებს გოგონას თავდაჯერებულობა, მისი მტკიცე უნარი ყოველთვის მიაღწიოს სასურველს. ალბათ, იმიტომ, რომ როცა განვლილ ცხოვრებას აფასებს, აცნობიერებს: თავადაც რომ ჰქონოდა ეს უნარი, მისი აწმყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა... და მაინც, ალექსანდრ პეინის ამ სურათში რაღაც ნამდვილად უჩვეულოა. თითქოს არაფრით გამორჩეული ისტორიის უკან ბევრი ისეთი ნიუანსია, რომ ჩვენდაუნებურად ცხოვრებისეულ საკითხებზე გვაფიქრებს და გვაიძულებს, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ: „რამდენად სწორია ჩვენი ოცნებები?“

სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“ - ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ უეს ანდერსონი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორია, ინდივიდუალური ხელწერითა და სტილით. ფაქტობრივად შეუძლებელია მისი ვიზუალი ვერ იცნო, ან სხვაში აგერიოს. ანდერსონის დამოკიდებულება ფერების, კოსტიუმებისა და ნახატებისადმი განსაკუთრებულია, რაც ყველაზე კარგად მაინც „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტში“ გამოჩნდა. ფილმის საოცარი ვიზუალი ოსკარებზეც სათანადოდ დაფასდა და ოთხი ოსკარის მიღების გარდა, „ბუდაპეშტი“ 2014 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი დამოუკიდებელი ფილმი გახდა.

და ყველაფერი განათდა - მიუხედავად იმისა, რომ ელაიჯა ვუდი მთავარ როლს ბრწყინვალედ თამაშობს, ჩემი საყვარელი გმირი მაინც უკრაინელი ალექსია. განსაკუთრებით ის სცენა მიყვარს, როცა ბაბუის ისტორიის გამოსაძიებლად უკრაინაში ჩასული ამერიკელი ჯონათანი სანახევროდ დანგრეული შენობების დანახვაზე ალექსს ეკითხება, ეს რა არისო და ალექსი პასუხობს, საბჭოთა კავშირიო. და რა მოხდაო, განაგრძობს ჯონათანი შეშფოთებით. ალექსი კი ცოტა ხანს პაუზას აკეთებს და მოკლედ მოუჭრის: „დამოუკიდებლობა...“ ფილმი სავსეა აბსურდული სცენებით, რომლებიც თან გვაცინებს და თან მწარე სიმართლეებზე საუბრობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯონათან საფრან ფოერის რომანი, რომელიც ლივ შრაიბერმა ეკრანზე გააცოცხლა - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დებიუტი გამოდგა ლიტერატურაში. იმდენად წარმატებული, რომ წიგნმა 21-ე საუკუნის საუკეთესო წიგნებს შორის მყარად დაიკავა ადგილი.

პერსეპოლისი - შეზღუდვები, რეპრესიები, სოციალური ნორმების ცვლილება, რელიგიური პოლიციის ტერორი, საზოგადოების განათლებული ნაწილის სრული უიმედობა და „იატაკქვეშა“ წვეულებები, რომელიც მათთვის გართობის ერთადერთი საშუალებაა. ირანელი მწერალი და ილუსტრატორი, მარჯან სატრაპი წიგნშიც და ფილმშიც ისლამურ რევოლუციასა და საკუთარ ბავშვობაზე გვიყვება. ასახავს გზას, რომლითაც ქვეყანა განვითარების გაცილებით ადრეულ საფეხურზე ბრუნდება; ღია საზოგადოება იქცევა მკვეთრად დახურულ სისტემად, სადაც უმცირესი დევიაციაც კი სასტიკად ისჯება... მძიმე თემის მიუხედავად, ისტორია შავი იუმორითაა მოთხრობილი და რეჟისორი ყველაზე ტრაგიკულ მომენტებშიც კი ახერხებს ჩვენს გაცინებას. ფილმში თავადაც ასე იქცევა - აშკარად თუ ფარულად დასცინის ცვლილებებს და წესებს, რაც ისლამურ რევოლუციას მოჰყვა. მისი ირონია იმდენად სახიფათო ხდება, რომ გოგონას მშობლები ევროპაში გზავნიან, სადაც ის ახალ კულტურასთან მოსარგებად რთულ პროცესს გადის და მისდამი სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს ებრძვის... ფილმის გმირი მარჯან სატრაპის რა გითხრათ, მაგრამ რეალურმა მარჯან სატრაპიმ „პერსეპოლისით“ ნამდვილად დაამსხვრია სტერეოტიპები და მსოფლიოს სულ სხვანაირი აღმოსავლეთი უჩვენა.

ფლიბეგი - დასასრულს კი ერთ სერიალს გირჩევთ, რომელიც წლევანდელ „ემი“- ზე საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა. თუმცა, უფრო ტრაგიკომედიაა, სადაც თანამედროვე ადამიანის მარტოსულობა, ნევროზი და ილუზიები, რომლებშიც მარტოობის დასაძლევად ვეშვებით, საოცარი სიზუსტითაა გადმოცემული. სერიალის შემქმნელი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი - ფიბი უოლერ-ბრიჯია, რომელიც თავისი ნიჭითა და გულწრფელობით ასეთივე გულწრფელ აღფრთოვანებას იწვევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^