Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოქტომბრის ფლეილისტი

26 ოქტომბერი, 2019 15:53

ჩემს ფლეილისთში შესულია ოქტომბერში გამოსული ალბომების ცალკეული ტრეკები და სინგლები, რომლებიც მომეწონა და ღირსად ჩავთვალე ამ სიაში მოხვედრილიყო.

DIIV - თანამედროვე შუგეიზისა და დრიმ პოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდი; Hammock, რომლითაც დავიწყე post-rock ჟანრის გაცნობა ბევრი წლის წინ; Have A Nice Life  წინა დეკადის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოსტპანკ ალბომის ავტორები და კიდევ უფრო ძველი ბენდი და Wire ახალი სინგლით და კიდევ ბევრი სხვა.

სამწუხაროდ იუთუბზე ტრეკების უმეტესობა ჯერ არ დევს, ასე რომ სფოთიფაის გამოყენებაა რეკომენდირებული.

Nick Cave and The Bad SeedsGhosteen

ნიკ ქეივზე უკვე ბევრი ითქვა და მოსმენითაც ყველამ მოუსმინა, მაგრამ თავის ბენდთან ერთად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსია და მცირე კონტრიბუციას მეც შევიტან.

როგორც last.fm მეუბნება, ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არტისტია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვუსმენ. შესაბამისად, ახალ ალბომსაც დიდი იმედებით ველოდი.

Ghosteen,  ემბიენთ პოპითა და ბიბლიური ალეგორიებით მოყოლილი ისტორიებია. მოყოლილი და არა ნამღერი. ჩემი პირველი შთაბეჭდილებები, მკვეთრად ნეგატიური იყო ბენდის ახალი ჟღერადობის გამო. მუსიკა იმდენად მონოტონური და ერთფეროვანი მეჩვენა, რომ ეს მთელ ალბომს ოდნავ მოსაწყენს ხდიდა. არც უორენ ელისის საფირმო ვიოლინო ისმის სადმე. ნიკის მოკრძალებული მცდელობა, რომ ბრაიან ინო გამხდარიყო, მთლად წარმატებული ვერ გამოდგა.

 შემდეგი შთაბეჭდილება ბევრად უკეთესი იყო, მისმა მოყოლილმა ამბებმაც დაიწყეს მოქმედება. ალბომის მოსმენისას ისეთი განცდა მრჩებოდა, რომ ნიკ ქეივი ეკლესიაში დგას და მრევლს ესაუბრება - უზიარებს თავის ტკივილებს, ასწავლის, როგორ გადალახონ ტრაგედია და თან თავის მხრივ, ქრისტესთან აქვს კომუნიკაცია.

ის ძალიან კარგად ახერხებს იმ ტკივილისა და პირადი ტრაგედიის შენამდე მოტანას, რასაც ასე ძლიერ განიცდის შვილის გარდაცვალების შემდეგ. განსაკუთრებით ბოლო ტრეკში - Hollywood, კარგად ჩანს მისი მდგომარეობა - And I'm just waiting now, for my time to come. შენც იზიარებ გარდაუვალი სიკვდილით გამოწვეულ დარდსა და ნაღველს, რომელსაც თავს ვერავინ დააღწევს. ნიკ ქეივის ტრაგედია საერთო ხდება და შენც მისი დარდის გამზიარებელი ხარ. მისი ტრაგედია შენი ტრაგედიაა.

ბოლოს, ემოციურად შეძრული ვრჩები და ნაკლებად თუ მახსენდება, რომ ემბიენთ საუნდი არ მომეწონა. დამწუხრებული და ცოტა მაინც იმედგაცრუებული, ეგოისტი მსმენელის პოზიციიდან - იმის კიდევ ერთხელ გააზრებით, რომ ნიკ ქეივი ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც იყო 80-90-იან წლებში და ვეღარც ისეთ ალბომებს გამოუშვებს, როგორსაც მაშინ უშვებდა, მაგრამ ტრაგედია ყოველთვის იქნება მის მუსიკაში და ეს ტრაგედია, შენზეც იმოქმედებს.

TR/ST – Destroyer 1

The Destroyer - 1 TR/ST-ს, რიგით მესამე სტუდიური ალბომია, რომელიც 2019 წლის აპრილში გამოვიდა. ის ამავე სახელის მქონე ორ ნაწილიანი ალბომის პირველი ნახევარია. The Destroyer 2, მსმენელისთვის ნოემბრის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი.

TR/ST ოდესღაც Maya Postepski-სა და Robert Alfons-ის კანადური დუო, აწ უკვე ამ უკანასკნელის სოლო პროექტია.

პირველი ალბომი, რომელიც 2012 წელს გამოუშვეს სახელად TR/ST, 80-იანი წლების სინთპოპის საუკეთესო ტრადიციებშია გაკეთებული. ელექტროპოპი, ქოლდვეივი, გოთური სინთპოპ ელემენტები და ალფონსის სპეციფიკური, გამყინავი ხმა, იდეალურ კომბინაციას ქმნის. ალბომი ფაქტობრივად, როგორც ამბობენ ხოლმე, თავიდანვე განწირული იყო წარმატებისთვის.

The Destroyer-1, ამა წლის აპრილში გამოვიდა და განაგრძო წარმატებული სვლა. ალფონსმა ფემინური ფალსეტო უკან მოიტოვა და მისი ბუნებრივი ხმა უფრო ჟღერადია, რაც პირადად ჩემთვის ბევრად სასიამოვნო მოსასმენია. ბნელი, საცეკვაო და ძალიან catchy მუსიკა იდეალურ ალბომს ქმნის. ვეცადე რამდენიმე ტრეკი შემერჩია, მაგრამ ის შემთხვევაა, როცა ყველა მომწონს და ძნელია გამორჩევა.

The Destroyer-2 ოფიციალურად პირველ ნოემბერს გამოდის. ალბომის რამდენიმე სინგლის მოსმენა უკვე შესაძლებელია. როგორც ინტერნეტის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა - Apparently, Mr. Alfons hasn't destroyed us enough in the first half of the year. So The Destroyer-2 is coming up to put an end to our life once and for all - და მართლაც, ჩემთვის დესთროიერი წლის თუ არა, ნახევარი წლის საუკეთესო ალბომის რეალური კანდიდატია და მჯერა, რომ მეორე ნაწილი დაწყებულ საქმეს წარმატებით გააგრძელებს.

ეს მუსიკა ძალიან ადვილად აღსაქმელია და ადვილადაც აჰყვები. არ აქვს მნიშვნელობა მუსიკალურ გემოვნებას და თუნდაც მხოლოდ ივენთზე გართობის მიზნით მისულ ადამიანზე ადვილად მოახდენს გავლენას. მგონი, მხოლოდ დროის ამბავია ამ ბიჭის თბილისის რომელიმე კლუბის სცენაზე ნახვა.

Yosi Horikawa – Spaces

Spaces დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული რიგით მეორე ალბომია, რომელიც Horikawa-მ, მეგობართან ერთად დაარსებულ საკუთარ დამოუკიდებელ ლეიბლზე ჩაწერა.

Yosi Horikawa იაპონელი თვითნასწავლი საუნდ დიზაინერია. სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჟანრის მიქსით, საკუთარ მუსიკალურ სამყაროში გითრევს და ზემოქმედებს - ელექტრონული მუსიკა, field recordings, ჯაზი, ემბიენთი, ჰიპ ჰოპი და idm, ეს ყველაფერი შეიძლება ერთ ტრეკში შეგხვდეთ. ის ყოველდღიურ ხმებს, რაც ჩვენ ირგვლივაა და ხშირად გვესმის, მაგრამ  უყურადღებოდ ვტოვებთ, ახალ სიცოცხლეს და ჟღერადობას სძენს და ისე წარმოგვიდგენს.

ინსპირაციისთვის ბევრს მოგზაურობს და ყველაფერს იწერს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, ფილიპინებში, უცხო ხალხთან ერთად როგორ ეშვებოდა მდინარეზე ნავით. ნავი ჩაიძირა, მაგრამ ამ მოგზაურობისგან მუსიკალური ჩანაწერები დარჩა.

ასეთი, მსგავსი გამოცდილებების შედეგია 2019 წელს გამოშვებული ალბომი Space. არაორთოდოქსული field recordings და ძალიან სასიამოვნო idm მელოდიები. მაგალითად, ტრეკი Vietnam რიტმული დრამებისა და ჯუნგლებში ჩაწერილი ფრინველებისა თუ ცხოველების ხმების ნაზავია, Crossing-ში საცეკვაო მუსიკას ფონად იაპონიის რომელიღაც ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის ხმები მიჰყვება. შემდეგ ტრეკში, ამ ფონს ფერმის ხმები ცვლის.

ალბომი იდეალურია მათთვის, ვისაც ოდნავი ინტერესი აქვს ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკისადმი, ხოლო ვინც ამ ყველაფრით ჯერ არ დაინტერესებულა, მისთვის ეს ალბომი მშვენიერი დასაწყისი იქნება.

Swans – Leaving Meaning

Leaving Meaning ლეგენდარული ბენდის მე-17 სტუდიური ალბომია. ალბომის ოფიციალურად გასთრიმვის უფლება, ბენდმა ერთ-ერთ საიტს მისცა, სადაც ასევე ჯგუფის სოლისტთან ინტერვიუა.

Swans, ხმაური და მძვინვარებაა მუსიკაში. ბენდი 1982 წელს დაარსდა და მისი ლიდერი და სულისჩამდგმელი Michael Gira-ა. ამ პერიოდში მუსიკა იყო ნელი და საშინლად ბრუტალური - მინიმალისტური death metal, ჯირას ვოკალი და ნიჰილისტური ტექსტი. ეს მუსიკა ყველაზე კარგადაა გადმოცემული ლაივ ალბომში - „Public Castration Is A Good Idea“. Swans-ს მალევე შეუერთდა მუსიკოსი Jarboe, რომელმაც მეტი მრავალფერევნობა შესძინა ბენდს.

1996 წელს ჯგუფი დაიშალა, მაგრამ დაშლამდე გამოუშვეს - Soundtracks For The Blind, რომელიც პოსტ-როკ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომადაა მიჩნეული.

2010-ში ჯირამ აღადგინა Swans, თითქმის მთლიანად შეცვლილი შემადგენლობით. 2012 წელს გამოშვებულმა The Seer და შემდეგ To Be Kind-მა, ჯგუფს ძველი დიდება დაუბრუნა. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, მათი უნიკალური საუნდის დამსახურებაა. პლუს, ჰიპსტერული გამოცემები ძალიან დადებითად შეხვდნენ ორივე ალბომს, რამაც ასევე დიდი როლი ითამაშა, რომ Swans, თანამედროვეობის ერთ-ერთ საკულტო ბენდად ქცეულიყო.

ზოგჯერ ისეთ განწყობაზე ვარ, რისი გამოხატვაც სიტყვებით ცოტა რთულია. ასეთ დროს ვიცი, რომ არსებობს Swans და შემიძლია ყველაფერს მოვწყდე და მარტო დავრჩე მათ მუსიკასთან. ამ დროს მინდა, რომ მთელმა ამ აგრესიამ და მღელვარებამ, რაც მუსიკაშია, თავისთან წამიღოს. იცი რაც გელის მათი მუსიკის მოსმენისას, იცი, რომ მძიმე გამოცდილებაა, მაგრამ მაინც ილტვი ამ გამოცდილებისკენ. შენი ნებით შედიხარ Swans-ის სამყაროში. ასეთი ეფექტი აქვს Swans-ის ორ ალბომს The Seer და To Be Kind, მაგრამ ჯირას მაინც ვუყვარვართ და ჩვენზე ზრუნავს. ამ ალბომების ტრილოგიის ბოლო ნაწილი, The Glowing Man  უფრო მშვიდი და ჰიპნოზურია და  წინა ორი ალბომისგან მიყენებულ ზიანს აბალანსებს. მუსიკაც ბევრად პოსტროკისეულია - It's more like opium than cocaine.

ახლახანს გამოსულს Leaving Meaning-ში, ხმაური და მძვინვარება ისეთი დოზით არაა, როგორც ადრე. მუსიკა მომენტებში შედარებით მედიტაციურია, ethereal folk-ის ჟანრში, არც საფირმო 30-წუთიანი ტრეკია ლისთში. ეს ალბომი Glowing Man-ზე კიდე უფრო მსუბუქი და Chilling-ია. ალბათ წინა სამთან შედარებით ყველაზე სუსტია, მაგრამ მაინც Swans-ია და მასში არის ისეთი კარგი ტრეკები, როგორიცაა - Sunfucker, My Phantom Limb და Hanging Man.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^