პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის ბრალდებებს ეხმაურება. მეუფე ამბობს, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მას გახარია და გომელაური უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.
გახარია ამბობს, რომ პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის წარსულის სიმბოლო, დღევანდელი დღის სიმბოლო და მომავლის სიმბოლოა. მისივე თქმით, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს. პრემიერის თქმით, ამის შესახებ პირველად გაიგო და შოკირებულია.
„მართალია ამ გაგონილით შოკირებული ვარ, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ ეს მეუფე ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო. თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური „ეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქი გადავაყენოთო. მისი თქმით, მათ პატრიარქად მეუფე შიოს (მუჯირი) დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.