Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟაკარანდას ყვავილობა - აირჩიე შენი ცხოვრების გზა

17 აგვისტო, 2020 14:32

მეი მასკის შინაგანი ძალა, სილაღე და გაბედულება, დიდწილად, მისმა ოჯახმა და ბავშვობისდროინდელმა გამოცდილებამ განაპირობა. წიგნის მეექვსე თავში ავტორი თავის მშობლებზე და მათ ოჯახურ თავგადასავლებზე ჰყვება. ისინი თავისუფალი და უშიშარი ადამიანები იყვნენ: ორი კანადელი, ქიროპრაქტიკოსი მამა და მოცეკვავე დედა, რომლებიც საცხოვრებლად და თავგადასავლების საძიებლად სამხრეთ აფრიკაში გადაბარგდნენ და ყოველ წელს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, დაკარგული ქალაქის საძიებლად, კალაჰარის უდაბნოში მიემგზავრებოდნენ. 

წიგნის ამ მცირე ფრაგმენტში ბევრი რამაა თავმოყრილი: დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა, ერთმანეთისა და სამყაროს მიმართ სიყვარული და, რაც მთავარია, შინაგანი თავისუფლება.

გამომცემლობა: სეზან ფაბლიშინგი
მთარგმნელი: გიორგი არონია
რედაქტორები: შორენა შავერდაშვილი, ელზა ნაბახტეველი
გამოცემის თარიღი: ოქტომბერი, 2020

თავი 6

ადამიანთა უმრავლესობა სოციალური ნორმების მიხედვით ცხოვრობს. მამაჩემს ასე არ უცხოვრია, ის უჩვეულო კაცი იყო - სურდა მთელი მსოფლიო შემოეფრინა. 

მამაჩემს, ჯოშუა ჰალდემანს, უყვარდა ახალი ადგილების აღმოჩენა და მხოლოდ მანქანით მოგზაურობას არ სჯერდებოდა, რის გამოც, ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი - „ბელანკას“ მარკის თვითმფრინავი ჰყავდა. პროპელერიანი იყო, კორპუსს კი ტილო ჰქონდა გადაკრული. თვითმფრინავს „ვინი” დაარქვა, დედაჩემის პატივსაცემად. 

სინამდვილეში, დედას ვინიფრედი ერქვა, მაგრამ ყველა ვინს ეძახდა. საოცარი ადამიანი იყო და რაც თავად ასაკში შევედი, ეს სულ უფრო მეტად დავაფასე. 

დედა კანადის ერთ პატარა ქალაქში, მუს ჯოში გაიზარდა, სადაც მისი მშობლები ინგლისიდან გადაბარგდნენ. მამაჩემის წინაპრები კი 1727 წელს ფილადელფიაში შვეიცარიიდან ჩავიდნენ. მამა მინესოტაში დაიბადა და ოთხი წლის იყო, ოჯახი სასკაჩევანის პროვინციის ქალაქ უოლდექში რომ გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ფერმა გააშენეს. 

ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი დიდი დეპრესიის შემდეგ გაიცნეს. კანადური დიდი დეპრესია საშინელი დრო იყო, როცა ადამიანები რიგებში იდგნენ, საჭმელს და ბავშვებისთვის პირველადი მოხმარების მედიკამენტებს მათხოვრობდნენ. გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ და ხშირად, ბარტერული გაცვლით  გაჰქონდათ თავი. იქამდე მამაჩემმა ქიროპრაქტიკული მედიცინა დავენპორტში, აიოვის შტატში შეისწავლა. ღამის გასათევი ადგილის მოსაპოვებლად ცხენებს ხედნიდა, საკვებს კი ქიროპრაქტიკული მომსახურების სანაცვლოდ იღებდა. იმ დროს დედაჩემი თექვსმეტი წლის იყო. ის „მუს ჯო თაიმზ-ჰერალდში“ მუშაობდა. გაზეთის შტატში ორადორი თანამშრომელი დატოვეს, მათ შორის დედაჩემი, და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე ნაკლებს უხდიდნენ. ოჯახსაც ამ ყოველკვირეული მცირე გასამრჯელოთი არჩენდა. 

ოციოდ წლის იყო, ცეკვაში რომ დაიწყო მომზადება და ცეკვისა და დრამის ხელოვნების შესასწავლად ჩიკაგოში, ნიუ-იორკსა და ვანკუვერში იმოგზაურა. წარმოგიდგენიათ, იმ დროში, მარტოხელა გოგომ, რამხელა მანძილი გაიარა? აი, ეს არის ნამდვილი გამბედაობა! 

დიდი დეპრესიის შემდეგ, ჩემი მშობლები რეჯაინაში დასახლდნენ, სასკაჩევანის პროვინციაში, სადაც ორივემ თავ-თავისი ბიზნესი წამოიწყო. მამაჩემმა ქიროპრაქტიკის მედიცინის კლინიკა გახსნა, დედაჩემმა კი - ცეკვის სკოლა. შემონახული მაქვს მაშინდელი ადგილობრივი გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიები და ფოტოებიც,  რომელზეც დედა ხან ცეკვის დროს არის გადაღებული, ხან თავისი სკოლის მოწაფეებთან.

ერთ მშვენიერ დღეს, მამაჩემი საცეკვაო დარბაზში სამეჯლისო ცეკვის გაკვეთილზე მივიდა. მასწავლებელი ძალიან მოეწონა და სადილზე დაპატიჟა. 

„კლიენტებთან პაემანზე არ დავდივარ“ - უპასუხა დედამ. მამაჩემმა მაშინვე გააუქმა ცეკვის გაკვეთილები და დედა პაემანზე ხელახლა დაპატიჟა. ამჯერად ისიც დათანხმდა. 

ქორწილის ფოტოზე დედ-მამა უღიმღამოდ გამოიუყურებიან, ფული საერთოდ არ ჰქონდათ. დედას უბრალო ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, მამაც კოსტიუმში იყო. ტანსაცმელს დედა თვითონ იკერავდა, საქორწილო სამოსიც ალბათ მისი შეკერილი იყო. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი მუდამ ბედნიერად გრძნობდნენ თავს, მუდამ იღიმოდნენ. 

• • •

რიჯაინაში, ჩემს მშობლებს ოთხი შვილი ეყოლათ. მამას უკვე ჰყავდა ერთი შვილი წინა ქორწინებიდან - ბიჭი, სახელად ჯერი, რომელიც მამის ალი-კვალია. მერე დაიბადა ჩემი უფროსი ძმა სკოტი, უფროსი და ლინი, 1948 წელს კი დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და ქეი. 

„ბელანკას“ თვითმფრინავი სწორედ ამ წელს იყიდეს. მათთვის ეს რიგით მეორე თვითმფრინავი იყო. პირველი -  „ლუსკომბი“ - მაშინ შეიძინეს, როცა რიჯაინადან კალგარიში მიდიოდნენ. მამაჩემმა შემთხვევით თვალი მოჰკრა თვითმფრინავს, რომელიც ერთი ფერმის ეზოში იდგა წარწერით „იყიდება“. ფული არ ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ ჰყავდა მანქანა, რომელშიც ისხდნენ. მოკლედ, მანქანა თვითმფრინავში გაცვალა, დედაჩემი რიჯაინაში მატარებლით დააბრუნა, თვითონ კი დაიქირავა პილოტი, რომელიც მას თვითმფრინავთან ერთად რიჯაინაში ჩაიყვანდა.

სამწუხაროდ, მამა ფრენას ვერ იტანდა და სული რომ მოეთქვა, პილოტს ბევრჯერ მოუწია გზაზე დაშვება. დიდი ალბათობით, მას შუა ყურის ტრამვამ შეახსენა თავი, დიდი დეპრესიის დროს ცხენების გახედნისას რომ მიიღო. მამაჩემი არასდროს ხდებოდა ცუდად, როცა თვითმფრინავს თვითონ მართავდა. მგზავრის როლში კი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

იმ დროს მამა ორმოცდაოთხი წლის იყო. 

ის ხშირად დაფრინავდა სასკაჩევანისა და ალბერტას პროვინციებს შორის. ერთხელ ლოს-ანჯელესშიც კი გაფრინდა, მაგრამ ნისლის გამო დასაფრენი ბილიკი ვერ დაინახა. იმდროინდელი სანავიგაციო სისტემები დღევანდელივით კი არ მუშაობდნენ! ერთხელ, დამხმარე პილოტის გამოძახებაც კი დასჭირდათ, მთაგრეხილზე რომ გადაეფრინათ. 

სამი თვის ვყოფილვარ, პირველად თვითმფრინავით რომ წაგვიყვანეს მშობლებმა მე და ჩემი ტყუპისცალი და ქეი აიოვაში, კონფერენციაზე. გზად ედმონტონში გავჩერდით და ეს მხოლოდ იმიტომ ვიცი, რომ ჩვენზე ადგილობრივ გაზეთებში დაწერეს და „მფრინავი ტყუპები“ შეგვარქვეს. 

• • •

მამაჩემი შესანიშნავი ადამიანი იყო: უშიშარი და გაბედული. ჩვენ მას უპირობოდ ვენდობოდით. 

ღირსეული კაცი იყო, პირადი მაგალითით გვასწავლიდა. გვიანობამდე მუშაობდა. გულისხმიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა. მორიდებულ გოლიათს ჰგავდა, რომელიც ბევრს არ ლაპარაკობდა. ჩემს შვილებს მამა არ ახსოვთ, ის მაშინ გარდაიცვალა, როცა ბიჭები სულ პატარები იყვნენ და მე ტოსკაზე ვიყავი ფეხმძიმედ. სამივე ხშირად ღიღინებს და ეს უზომოდ მახარებს. მამაჩემს მაგონებენ, რომელიც სულ ღიღინებდა. მიხარია იმიტომ, რომ მგონია - სტვენა ადამიანს მარტო მაშინ შეუძლია, როცა ბედნიერია.  

1950-იანებში ჩემმა მშობლებმა კანადიდან გამგზავრება გადაწყვიტეს. სამხრეთ აფრიკაში ნამოგზაურები მისიონერები გაიცნეს. მათ უთხრეს, რომ საოცრად თვალწარმტაცი ქვეყანა იყო სამხრეთი აფრიკა. ჩემებმაც არ დააყოვნეს, დაშალეს თვითმფრინავი, 1948 წლის „კადილაკი“, ჩაალაგეს მთელი ბარგი-ბარხანა, და მასთან ერთად ჩვენც, და აფრიკისაკენ მიმავალ სატვირთო გემზე ამოგვაყოფინეს თავი, ორი თვით. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ გაართვა დედაჩემმა თავი გემით მოგზაურობას ორი წლის ტყუპებთან და კიდევ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომლებიც მაშინ ექვსი და რვა წლისები იყვნენ. მაგრამ მან ეს მოახერხა.

მამაჩემმა თვითმფრინავს ფრთები მოხსნა, ყუთში ჩაალაგა და კეიპტაუნში გაგზავნა. თვითმფრინავს ის თვითონ უვლიდა. ჩასვლისას, აეროპორტში დავბანაკდით იქამდე, ვიდრე მამაჩემი თვითმფრინავს ხელახლა ააწყობდა, ცაში ავფრინდებოდით და გარემოს თვალს შევავლებდით. ის ყუთები, რაშიც ფრთები ეწყო, მამამ მერე ხის მასალად გამოიყენა და თავისი კლინიკისთვის ავეჯი ამით ააწყო. ამ წიგნის კარადებმა ათწლეულებს გაუძლო. 

მამაჩემს ქალაქში უნდოდა ცხოვრება და გვირჩიეს, იოჰანესბურგში წავსულიყავით, რადგან იქ ინგლისურად ლაპარაკობდნენ. ახლომდებარე პრეტორიაში აფრიკაანსზე საუბრობდნენ და ახალ გარემოსთან შეჩვევას ეს უფრო გაგვირთულებდა. 

პრეტორიას რომ გადავუფრინეთ, ჟაკარანდას ყვავილობის სეზონი იყო და მთელი ქალაქი იისფერ ყვავილებს დაეფარა. 

ასეთი სილამაზე მამას არასოდეს ენახა და ესღა აღმოხდა: “აი, სწორედ აქ დავსახლდებით”. 

• • •

ჩვენ პრეტორიაში გავიზარდეთ, უზარმაზარი ხეებით (რაც უცხოა სასკაჩევანის პრერიებისთვის) დაბურულ სახლში და გულთბილი ხალხის გარემოცვეში. აფრიკანერები უფროსებს “უუმს” და “ტენის”, ანუ ბიძას და დეიდას უწოდებდნენ იმის მიუხედავად, იცნობდნენ თუ არა მათ. ჩვენ ეს ძალიან გვხიბლავდა. 

კანადაში შერეკილები ვეგონეთ - აბა ვის გაუგონია, ტილოგადაკრული პროპელერიანი თვითმფრინავით ფრენა, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად?! მერე სამხრეთ აფრიკაში რომ გადავედით საცხოვრებლად, იქ საერთოდ შეშლილებად შეგვრაცხეს. ერთი კაცი „შეშლილ ამერიკელებს“ გვეძახდა. ჩვენ კანადელები ვიყავით, ცხადია, მაგრამ მათთვის ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? 

ხალხს უცნაურები იმიტომ ვეგონეთ, რომ ყველაფერს ჩვენებურად ვაკეთებდით. და არა იმიტომ, რომ საიდანღაც ვიყავით ჩამოსულები. კანადაშიც ისე ვცხოვრობდით, როგორც გვინდოდა. სხვებისგან ჩვენი მოგზაურობებით გამოვირჩეოდით; იმითაც, რომ სკოლის ფორმას დედა გვიკერავდა, მაშინ როცა სხვა ბავშვებისთვის ფორმებს ყიდულობდნენ; ჩაის მაგივრად ყავას ვსვამდით; ჩვენი უკანაკარი მუდამ ღია იყო ყველასთვის, სხვა მშობლები კი წინასწარ გეგმავდნენ თავიანთ შვილებთან სტუმრების მიღებას; სკოლაში, სადილის დროს, ყველას თეთრი პურის სენდვიჩები ჰქონდა, ჩვენ კი ჭვავის პურის სენდვიჩებს ვჭამდით. სკოლის სასადილოსთვის ფულს არასდროს გვაძლევდნენ. ნერწყვებს ვყლაპავდი სოსისის ხვეულებსა და ფუნთუშებზე, მაგრამ მათ საყიდლად ჯიბის ფულს ვერ ვიმეტებდი. ჩვენ „კადილაკიც“ გვყავდა, ერთადერთი იმპორტირებული მანქანა შემოგარენში, იმ „კადილაკს“ თუ არ ჩავთვლით, მამაჩემის მეგობარმა უცხოეთიდან რომ ჩამოიყვანა. და რაც მთავარია, გვყავდა თვითმფრინავი. სხვას ასეთს არავის ვიცნობდი, ისევ და ისევ, მამაჩემის მეგობრის გარდა.

მამაჩემი სხვებს არ ჰგავდა. საქმის გადადება არ უყვარდა, თუკი რამეს მოისურვებდა, უმალ მის კეთებას იწყებდა. დედაჩემიც ასეთი იყო, კარიერა ჯერ კიდევ მამას გაცნობამდე ააწყო, თავისი გზაც მანამდე ჰქონდა ნაპოვნი.

ხუთი წლის ვიყავი, ჩემი მშობლები პრეტორიიდან ოსლოში რომ გაფრინდნენ, ქიროპრაქტიკის კონფერენციაზე დასასწრებად. გზად აფრიკის სხვა მხარეები, ესპანეთი და საფრანგეთი მოინახულეს. ერთხანს ლონდონშიც გაჩერდნენ, მამაჩემი თავის ნაცნობ კოლეგებს რომ შეხვედროდა.  

ექვსი წლის ვიყავი, ავსტრალიაში მოგზაურობის დაგეგმვა რომ დაიწყეს, რაც ჯამში 30 ათას მილზე მეტი გამოდიოდა, ცხადია, უკანა გზის ჩათვლით. უკანაც ხომ უნდა დაბრუნებულიყვნენ. ასეთი ცხოვრება მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ჩვენი მეზობლებისთვის კი - არა. ამას გარდა, ნავიგაციისთვის კომპასს იყენებდნენ - მოგეხსენებათ, არც GPS სისტემა ჰქონდათ და არც  რადიოგადამცემები. მოგზაურობისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ და ყოველთვის წინასწარ გეგმავდნენ. იცოდნენ, რომ  ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო და ამისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ.  GPS-ის არქონა ნიშნავდა იმას, რომ რუკები დეტალურად უნდა შეესწავლათ. რადიოგადამცემის გარეშე კი მხოლოდ თავის იმედი უნდა ჰქონოდათ. ასეთ შორ მანძილზე ფრენისთვის ბევრი საწვავია საჭირო, ამიტომაც თვითმფრინავიდან უკანა სავარძლები ამოიღეს და  საწვავის ავზებით ჩაანაცვლეს - ავტრალიამდე, ოკეანის გადასალახად, დამატებითი საწვავი აუცილებლად დასჭირდებოდათ. ხელსაწყოებიც მოიმარაგეს იმ შემთხვევისთვის, რამე რომ გაფუჭებულიყო. მამაჩემმა თვითმფრინავის შეკეთება იცოდა, ხელსაწყოებიც მუდამ ხელთან ახლოს ჰქონდა.

ამ მოგზაურობებში ჩემი მშობლები სიფრთხილემ გადაარჩინა. ამინდს თვითმფრინავიდან ამოწმებდნენ, კომპასს იყენებდნენ, ორიენტაციისთვის რუკა ჰქონდათ, ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდნენ და საგზაო ნიშნებს აკვირდებოდნენ იმის გასარკვევად, მათთვის სასურველ ქალაქში ეშვებოდნენ თუ არა. აეროპორტი ყველგან არ იყო და მათაც ხან სპორტულ მოედანზე უწევდათ დაფრენა, ხანაც - ქუჩაში. ისინი ჩემზე ბევრად გაბედულები იყვნენ. ახლა რომ მახსენდება, რას სჩადიოდნენ,  მიკვირს, რომ საერთოდ გადარჩნენ. 

დაგეგმვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც დაგეგმე, სხვა გეგმას დასახავ. 

მოგზაურობისას მათ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, აზიასა და წყნარ ოკეანეს გადაუფრინეს და იმავე მარშრუტით დაბრუნდნენ შინ. დღესაც შენახული გვაქვს რუკები, რომლებზეც მონიშნული მარშრუტით, მამამ, დედამ და ჩვენმა თვითმფრინავმა ვინიმ, ახალი სამყაროს აღმოსაჩენად წყნარ ოკეანეს გადაუფრინეს. 

ამ დროს მათ უკვე სამოცი ქვეყანა ჰქონდათ მოვლილი. თითოეულ გაჩერებას, სიმბოლურად, თვითმფრინავის ფრთებზე აღნიშნავდნენ. 

• • •

ბავშვობიდანვე გვეკისრებოდა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რაც იმ დროშიც კი უჩვეულო იყო. 

ოთხი წლის რომ ვიყავით, მე და ჩემი ტყუპისცალი და ბაღში ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით. დაგვყვებოდა უფროსი და, შვიდი წლის ლინიც, რომელიც ნახევარი მილის მანძილზე, სამ ქუჩაზე გადასვლაში გვეხმარებოდა. ჩვენი ბაღი ლინის სკოლის შემდეგ იყო, ასე სამასი იარდის მოშორებით და ამ გზის გავლა მე და ქეის უკვე მარტოებს გვიწევდა. ბაღიდან, ისევ ლინის სკოლისკენ მივდიოდით და იქ ველოდებოდით. სახლშიც მას მოვყავდით. 

ჩვენ დამოუკიდებელ ადამიანებად გვზრდიდნენ. 

ჩემი ძმა სკოტი მშობლებთან ერთ მოგზაურობას იხსენებს, როცა მათ ცენტრალური აფრიკის ქვეყნები - უგანდა, კენია, ზანზიბარი და ნაირობი მოინახულეს. როგორც სკოტი გვიამბობს, ზანზიბარსა და ნაირობიში მარტო სახეტიალოდაც უშვებდნენ. ახლა კი ამბობს, დღეს ამას ბავშვის უფლებების შელახვად შერაცხავდნენო! ჩვენთვის კი ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. 

მოგზაურობისას ჩვენგან ამტანობას ითხოვდნენ. ცხენზე პირველად იმ ტერიტორიაზე დამსვეს, ახლა ლესოთო რომ ჰქვია. ეს მეტად მთაგორიანი ადგილია. სამოცი მილი უნდა გაგვევლო რამდენიმე დღეში. ჩემი უმცროსი ძმა ლი, რომელიც პრეტორიაში დაიბადა, იმ დროს მხოლოდ ხუთი წლის იყო და დედასთან ერთად შინ დარჩა. სკოტი მაშინ ჩვიდმეტისა იყო. 

უნაგირზე დიდ დროს ვატარებდით და საერთოდ, ეს დამღლელი მოგზაურობა აღმოჩნდა, თან როგორ გავილუმპეთ! ცეცხლი ერთხელაც არ დაგვინთია, მხოლოდ კონსერვებითა და პურით ვიკვებებოდით. ძილითაც ცოტა გვეძინა, რადგან ღამით ცხენები ჩვენსკენ იწევდნენ, სახეს გვილოკავდნენ და საბნებს გვართმევდნენ. 

იქნებ, ამიტომაც არ გამჭირვებია შვილებთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრება. დივანი არც ისე კომფორტულია დასაძინებლად, თუმცა, რაც არ უნდა იყოს, გამოძინება ჭერქვეშ უფრო ადვილია, ვიდრე ღია ცის ქვეშ, როცა ცხენი მარილიან სახეს გილოკავს.

• • •

სულაც არ არის აუცილებელი აკეთო ის, რასაც შენგან ელიან. შენი გზა თავად უნდა აირჩიო. ეს ბავშვობაშივე ვისწავლე და უკვე მოწიფულ ასაკში გამოვიყენე. დიეტოლოგიაში აკადემიური ხარისხი რომ მივიღე, სწორედ ამ დროს დავორსულდი, სამსახურის ძებნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ კერძო პრაქტიკა დავიწყე. კოლეგები წარბშეკრული მიყურებდნენ, მათი თქმით, კერძო პრაქტიკის დაწყებამდე, სულ მცირე, ხუთი წელი საავადმყოფოში უნდა მემუშავა. ჩემთვის ეს შეუძლებელი იყო, არადა, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ჩემს კლიენტებს სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში რომ ვეხმარებოდი. 

სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ სადაც არ უნდა გადავსულიყავი საცხოვრებლად, დიეტოლოგიის პრაქტიკას ყველგან თავიდან ვიწყებდი. გადაბარგება ნამდვილი ჯოჯოხეთია, მაგრამ, როგორც ჩანს, მუდამ მზად ვარ, ვცადო ისეთი რამ, რაც საბოლოოდ, შეიძლება საინტერესო და სახალისო აღმოჩნდეს. 

თუკი ყოველ დღე ერთსა და იმავეს აკეთებ, ერთსა და იმავე სამსახურში დადიხარ, ერთსა და იმავე სახლში ცხოვრობ და თავს ბედნიერად გრძნობ, შეგიძლია ასეც გააგრძელო. 

მაგრამ თუ ადგილს ვერ პოულობ და უბედური ხარ, და გინდა შენი ცხოვრება შეცვალო, დაფიქრდი: რა გამოგდის, სად გინდა იცხოვრო, ან როგორი სამსახური დაგაკმაყოფილებდა. ახალი ადგილების შეცნობას და ახალ ხალხთან ურთიერთობას შენი თვალსაწიერის გაფართოება შეუძლია და გაგაბედნიერებთ კიდეც. 

• • •

მამაჩემი გამუდმებით იმეორებდა: „არ არსებობს ისეთი რამ, რაც ჰალდემანისთვის შეუძლებელია“. მე და ჩემი და-ძმა ამ რწმენით გავიზარდეთ. სავარაუდოდ, ჩემი რწმენა შვილებსაც გადავდე. ახლა კი, უკვე არ არსებობს ისეთი რამ, რაც მასკს არ შეუძლია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^