Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შურისძიება / რეცენზია

21 აპრილი, 2021 12:09

ავტორი: ვანესა სპრინგორა
წიგნის სათაური: „თანხმობა"
ფრანგულიდან თარგმნა თამარ ლომიძემ.
რედაქტორი: ლალი ქადაგიძე
გამომცემელი: „სეზან ფაბლიშინგი“
გამოსვლის თარიღი: 2021 წლის ივნისი

ვანესა სპრინგორა 14 წლის იყო, როცა 50 წლის ცნობილმა ფრანგმა მწერალმა გაბრიელ მაცნეფმა მასთან რომანი გააბა. წლების შემდეგ სპრინგორა აქვეყნებს ავტობიოგრაფიულ რომანს სახელწოდებით „თანხმობა“, რომელიც მაცნეფის მტაცებლობის სამ - „სექსუალურ, ლიტერატურულ და ფსიქიკურ“ - განზომილებაზე მოგვითხრობს.

გაბრიელ მაცნეფი თითქმის ყოველდღე, ნაშუადღევს, სკოლასთან იდგა და ვანესას ელოდებოდა. ზამთარში ოქროსფერღილებიანი ფარაჯა ეცვა, გაზაფხულზე - ქამრიანი სამხედრო პიჯაკი. მზის სათვალე ყველა დროსა და ამინდში ეკეთა. ცნობილი მწერალი იყო და ამის დასამტკიცებლად ჯიბით საფრანგეთის პრეზიდენტის წერილს დაატარებდა. მისი საყვარელი სკოლაში სწავლობდა. 1986 წელს თავად ორმოცდაათი წლის უნდა გამხდარიყო, ვანესა კი  - თოთხმეტის. ეს ყველაფერი თეატრალურ დადგმას ჰგავდა და შესაძლოა, მისი კოსტიუმებიც ხაზს უსვამდა ფარულ მგზნებარებას, რადგან ეს რომანი შემზარავად საჯაროდ გათამაშდა და არავინ აღმოჩნდა მათ გარემოცვაში, ვინც საჭიროდ ჩათვლიდა, ამ ურთიერთობას წინ აღდგომოდა. ვანესას დედა შვილის საყვარელს ვახშამზე ეპატიჟებოდა; ვანესას მასწავლებლები ზედმეტ კითხვებს არ სვამდნენ; პოლიციას არაფერი უღონია, როცა განყოფილებაში ამ ურთიერთობის შესახებ ანონიმური წერილი შევიდა; მაცნეფის გამომცემლები ყოველწლიურად აქვეყნებდნენ წიგნებს, სადაც ის „მესამე სქესისადმი“ თავის ლტოლვაზე ჰყვებოდა - „მესამე სქესი“ მაცნეფის ტერმინია და ნიშნავს „პატარა გოგო-ბიჭებს, 10-იდან 16 წლამდე“. ამავდროულად, ექიმმა, რომელსაც ვანესამ თავის შიში გაუმხილა სექსის დროს პენეტრაციის შესახებ (აქამდე მაცნეფს მასთან სოდომური ურთიერთობა ჰქონდა), როცა ის ბავშვთა საავადმყოფოში მწვავე ინფექციურ დაავადებაზე მკურნალობდა, საქალწულე აპკი ჩაუჭრა, რომ ამ შიშისგან გათავისუფლებულიყო და „სექსისგან მიღებული სიამოვნებით დამტკბარიყო“.

გასულ წელს ვანესა სპრინგორამ გამოაქვეყნა მემუარები „Le Consentement“ („თანხმობა“), მისი სამგზის მონადირების შესახებ - „სექსუალურად, ლიტერატურულად და ფსიქიკურად“. როგორც თავად ავტორი ამბობს: „ეს წიგნი ბოთლში ჩადებული წერილია“, თუმცა მისმა გამოქვეყნებამ ისეთი ტალღები გამოიწვია, რომ მთლიანად წალეკა რაციონალიზაციისა და თვითტკბობის ის მცდელობები, რასაც წლები აფარებდნენ თავს სექსუალური მოძალადეები. საფრანგეთში წიგნის 200,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე 25-ზე მეტ ენაზე ითარგმნება. როგორც სოციოლოგი პიერ ვერდაგერი ამბობს, წიგნის წარმატება ნიშნავს, რომ მთლიანად იცვლება პედოფილიის აღქმა საფრანგეთში. „გმადლობთ, ვანესა სპრინგორა!“ - ეწერა ფემინისტური ჯგუფის მიერ აღმართულ ტრანსპარანტებზე, რომლებიც წიგნის გამოცემას მიეძღვნა.

„სექსუალური ძალადობა, განსაკუთრებით არასრულწლოვანებზე, საუბედუროდ, საყოველთაოდაა გავრცელებული, მაგრამ ამ ამბავში საფრანგეთს ის გამოარჩევს, რომ აქ ეს ყველაფერი სრული დაუსჯელობისა და დუმილის ფონზე ხდებოდა. ის კი არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ოჯახი ან ინსტიტუცია დაეცვათ, არამედ იცავდნენ ლიტერატურულ ფიგურას, რომელიც კულტურული პირამიდის თავში მოაქციეს“, - ამბობს სპრინგორა.

პროკურატურამ დაიწყო მაცნეფის საქმის გამოძიება, რაც სპრინგორასა და სხვა ბავშვებს უკავშირდება. მისი სასამართლო მალე, სექტემბერში, შედგება, სადაც სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ. მაცნეფი 84 წლის ასაკშიც აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მისმა რომანმა სპრინგორასთან „დროს გაუძლო და საუცხოო იყო“. არადა, ზრდასრულ ასაკშიც უმწარებდა ვანესას ცხოვრებას მისი ადრეული წერილების გამოქვეყნებით და სამსახურში თავზე დადგომით. მაგრამ, როგორც იქნა, სახელმწიფომ მაცნეფს შეუჩერა საკმაოდ მსუყე პენსია, რაც, ზოგადად, ხანში შესულ ხელოვანებზე ვრცელდება. 2002 წლიდან მოყოლებული ამ დაფინანსებამ 160,000 ევროზე მეტი შეადგინა.

„ვფიქრობ, ჩემი წიგნი შესაფერის დროს გამოვიდა. 5 წლის წინ მას, ალბათ, თაროზე შემოდებდნენ“, - აღნიშნავს ვანესა.

სპრინგორა მაცნეფს წვეულებაზე შეხვდა, სადაც ის დედასთან ერთად იყო. როცა დესერტის დრო დადგა და ყველის ჩამოტარება დაიწყეს, მან მთელი ყურადღება სპრინგორაზე გადაიტანა, რომელიც კუთხეში მოწყენილი იჯდა და ბალზაკს კითხულობდა. მოგვიანებით ის სახლში ვანესას დედამ წაიყვანა. „ხელი ჩემს ხელზე ჰქონდა მობჯენილი, თვალები - ჩემკენ მოპყრობილი და სახეზე დიდი, ოქროსფერი, გარეული კატის ღიმილი დასთამაშებდა“, - წერს სპრინგორა. ამის მერე იყო წერილები, ფირუზისფერი მელნით დაწერილი. წიგნის წერა რომ დაიწყო, სპრინგორა, რომელიც გამომცემლობა „ჯულიარდის“ (Julliard) ხელმძღვანელია, ნერვიულობდა, რომ მისი ამბავი დროში სრულიად აცდენილი იქნებოდა - სამოციანი წლების მშობლები, დედის მეთვალყურეობის გარეშე გატარებული შუადღეები და სექსუალური რევოლუციის შემდგომი მიშვებულობა (ერთადერთი წესი ის იყო, რომ აკრძალული იყო აკრძალვები). 

უძილობის გამო, როგორც წესი, ღამღამობით წერდა, ინიშნავდა ფრაგმენტებს ბლოკნოტში, რომელიც საწოლთან ედო. „მინდოდა, ლიტერატურის ისტორიაში ჩემი კვალი დამეტოვებინა. ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ განზრახვა ის იყო, რომ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის ფონზე დაბადებულიყო ეს წიგნიც, რომელიც სულ სხვა რამეს მოჰყვებოდა“, - ამბობს სპრინგორა.

„Le Consentement“-ის სოციალურმა აფეთქებამ თითქოს გადაფარა წიგნის ლიტერატურული მიღწევები, თუმცა, როგორც ამ წიგნის ფურცლებიდან ირკვევა, სპრინგორა მწერალია, თან კარგი. რა თქმა უნდა, მწერლობა სულ უნდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაცნეფმა საშინაო დავალება გადაუკეთა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სულ სხვა თემა დაუწერა, სადაც ვანესა ვითომ ჩემპიონი იყო ცხენოსნობაში, თუმცა ის ცხენზე ერთადერთხელ იჯდა, ვანესამ სიტყვების სამყარო შეიძულა. „ასე დაიწყო ჩემი გაუცხოება“, - აღნიშნავს ავტორი. დაკარგულ დროსა და არდაწერილ წიგნებზე ფიქრი გამანადგურებელია, მაშინ როცა მაცნეფმა ყველა ჯილდო მოიპოვა, პრაქტიკულად, მისი ცხოვრებისა და სასიცოცხლო ენერგიის მითვისებით. ვანესა წლების მანძილზე გაურბოდა წიგნებს, რადგან უკვე იაზრებდა მათ შესაძლო ტოქსიკურ შინაარსს.

„მერე გამოსავალი თითქოს თავისით გამოჩნდა. რატომაც არ გავაბათ მონადირე მისსავე დაგებულ ხაფანგში? რატომ არ დავესხათ თავს მისსავე მოედანზე - წიგნის ფურცლებიდან?“ - წერს სპრინგორა. 

მისი ფრაზები ლითონივით ელავს; თითოეული თავის ბოლოს ელვის უსწრაფესად ჩარაზული ურდულის სასტიკი ჯახუნი ისმის. და რაც უფრო უკეთ წერს, მით მეტად თავისუფლდება თვითონაც.

გამოყენებულია ფრაგმენტები ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებული წერილიდან.

აქვე გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან.

„თავიდან დედას სულ არ ხიბლავდა ეს ვითარება. პირველი გაოგნებისა და შოკის შემდეგ ნაცნობებს ჰკითხა აზრი. სავარაუდოდ, განსაკუთრებული შეშფოთება არავის გამოუთქვამს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სიმტკიცის შემხედვარე, შეეგუა ამ ამბავს. შეიძლება, იმაზე ძლიერი და მომწიფებული ვეგონე, ვიდრე ვიყავი. შეიძლება, მეტისმეტად მარტო იყო იმისათვის, რომ სხვაგვარად მოქცეულიყო. შეიძლება, მის გვერდით მამაკაცი უნდა ყოფილიყო, რომელიც მის ქალიშვილს მამობას გაუწევდა და ამბოხდებოდა ამ ანომალიის, ამ აბსურდის, ამ... რაღაცის წინააღმდეგ. ვიღაც, ვინც ამ საქმეს მიხედავდა.

სხვა კულტურული გარემო და ნაკლებად ხელის შემწყობი ეპოქაც გადამწყვეტი იქნებოდა.

გ.-სთან შეხვედრამდე ათიოდე წლით ადრე, სამოცდაათიანი წლების ბოლოს, უამრავი მემარცხენე გაზეთი და ინტელექტუალი გამოესარჩლა საჯაროდ რამდენიმე ზრდასრულს, რომლებსაც მოზარდებთან „დანაშაულებრივ“ ურთიერთობაში დასდეს ბრალი. 1977 წელს „ლე მონდში“ დაიბეჭდა არასრულწლოვანებსა და ზრდასრულებს შორის სექსუალური ურთიერთობის დეკრიმინალიზაციის მხარდამჭერი ღია წერილი „ერთი პროცესის შესახებ“, რომელსაც ხელს აწერდნენ გამოჩენილი ინტელექტუალები, ცნობილი ფსიქოანალიტიკოსები და ფილოსოფოსები, დიდების მწვერვალზე მყოფი მწერლები, ძირითადად მემარცხენეები. მასში ამოიკითხავდით ისეთ სახელებს, როგორებიცაა: როლან ბარტი, ჟილ დელეზი, სიმონ დე ბოვუარი, ჟან-პოლ სარტრი, ანდრე გლუკსმანი, ლუი არაგონი... ღია წერილი აპროტესტებდა სასამართლო პროცესამდე იმ სამი მამაკაცის წინასწარ პატიმრობას, რომლებმაც სექსუალური კავშირი დაამყარეს ცამეტი და თოთხმეტი წლის არასრულწლოვანებთან (და ფოტოსურათები გადაიღეს). „სკანდალურად მიგვაჩნია ასეთი ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა „ზნეობრიობასთან“ დაკავშირებულ საქმეზე, სადაც ბავშვები არანაირი ძალადობის მსხვერპლნი არ ყოფილან, პირიქით, გამომძიებლებს აუხსნეს, რომ ისინი თანახმა იყვნენ (მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულება ამჟამად სავსებით უარყოფს მათ უფლებას თანხმობაზე)“, - შეგვიძლია, ამოვიკითხოთ ამ ტექსტში.

პეტიციას გ. მ.-ც აწერს ხელს. მხოლოდ 2013 წელს გაირკვა, რომ პეტიციის ინიციატორი (და ავტორიც) იგი გახლდათ და რომ იმ დროს ძალიან ცოტამ უთხრა უარი ხელმოწერაზე (ყველაზე ნიშანდობლივნი აღმოჩნდნენ მარგერიტ დიურასი, ელენ სიქსუ და... მიშელ ფუკო, რომელიც ზოგადად აკრძალვის ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგი იყო). იმავე წელს „ლე მონდში“ კიდევ ერთი პეტიცია გამოქვეყნდა სათაურით „მოწოდება სისხლის სამართლის კოდექსში არასრულწლოვანებისა და სრულწლოვანების ურთიერთობების საკითხის გადასახედად“. ამ პეტიციას კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი (ზემოთ ჩამოთვლილ პიროვნებებს დაემატნენ ფრანსუაზ დოლტო, ლუი ალტუსერი, ჟაკ დერიდა. ალბათ, მათი დასახელებაც იკმარებს, თუმცა ღია წერილს სულ ოთხმოცი ხელმომწერი ჰყავდა იმ დროის ყველაზე ცნობილი ინტელექტუალებიდან). 1979 წელს „ლიბერასიონმა“ ლიტერატურული სამყაროს გამოჩენილი პიროვნებების ერთი პეტიციაც გამოაქვეყნა მავანი ჟერარ რ.-ს მხარდასაჭერად, რომელსაც ბრალად ექვსიდან თორმეტ წლამდე ასაკის გოგონებთან თანაცხოვრება ედებოდა.

ასეთი საეჭვო შინაარსის ტექსტების გამოქვეყნებიდან ოცდაათი წლის თავზე ყველა გაზეთი ერთმანეთის მიყოლებით წერილობით მოიხდის ბოდიშს. მედია თავისი ეპოქის უბრალო ანარეკლიაო, იტყვიან თავის გასამართლებლად.

რატომ იცავდნენ მემარცხენე ინტელექტუალები თავგამოდებით პოზიციას, რომელიც დღეს ესოდენ შოკისმომგვრელად გვეჩვენება? კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის შემსუბუქებას ზრდასრულთა და არასრულწლოვანთა სექსუალური ურთიერთობების თვალსაზრისით, აგრეთვე სექსუალური ზრდასრულობის გაუქმებას?

საქმე ისაა, რომ სამოცდაათიან წლებში სექსუალური რევოლუციისა და სქესობრივი თავისუფლების სახელით ადამიანები თავს ვალდებულად თვლიდნენ, ნებისმიერი სხეულის თავისუფალი სიამოვნების უფლება დაეცვათ. უწლოვანთა სექსუალობის ჩახშობა სოციალურ ჩაგვრად აღიქმებოდა, ხოლო სექსუალური ურთიერთობების შემოსაზღვრა ერთი ასაკის ინდივიდებით სეგრეგაციის ერთგვარ ფორმად მიიჩნეოდა. ამ პერიოდის მოწოდებად, შეიძლება, ჩაითვალოს სურვილების დატყვევებისა და ჩახშობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლა. ამას არავინ ეწინააღმდეგებოდა, გადამკვდარი მორწმუნეებისა და რეაქციონერული სასამართლოების გარდა.

სწორი გზიდან გადახვევა და თავის დაბრმავება - ამ პეტიციების ხელმომწერთა უმრავლესობა მოგვიანებით ამისთვის ბოდიშს მოიხდის.

ოთხმოციანი წლების შუაში ის გარემო, რომელშიც გავიზარდე, სამყაროს ჯერ კიდევ ასეთი ხედვით იყო დაღდასმული. დედა გამომიტყდა, რომ მისი მოზარდობისას სხეული და მისი სურვილები ტაბუდადებული თემები იყო და მშობლებს მასთან სექსუალობაზე არასოდეს უსაუბრიათ. 1968 წელს მხოლოდ თვრამეტი წლისა იყო, როდესაც ჯერ ასეთი აღზრდის მარწუხებისგან მოუწია თავის დაღწევა, მერე კი - სიყმაწვილეში გათხოვილს - აუტანელი ქმრის ბატონობისგან. გოდარისა და სოტეს ფილმების გმირების მსგავსად, ყველაზე მეტად ის უნდოდა, საკუთარი ცხოვრებით ეცხოვრა. „აკრძალულია აკრძალვა“, უდავოდ, დედაჩემის უმთავრეს მანტრად დარჩა. დროის გავლენისთვის თავის დაღწევა იოლი როდია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^