Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიქტატურის გემო

28 იანვარი, 2022 15:52
„არ შეიძლება დიქტატურის გაუბრალოება და შეუფასებლად დატოვება, რადგან დიქტატურა, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დროსა და სივრცეზე მიჯაჭვული ფენომენი, ის შეიძლება ნებისმიერ საუკუნესა და ნებისმიერ ქვეყანაში წარმოიშვას“, - ასე ამთავრებს რუსუდან გორგილაძე თავის წიგნს, „დიქტატურის გემოს“.  

„როცა ამ წიგნზე მუშაობას შევუდექი, უკვე შერჩეული მქონდა მისი სათაური - „დიქტატურის გემო". თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, წიგნის მთავარი და ერთადერთი თემა უნდა ყოფილიყო კვებისა და საკვების როლი და მნიშვნელობა მეოცე საუკუნის დიქტატურებისა და დიქტატორებისათვის. თუმცა, მასალის შეკრების პროცესში გამოირკვა, რომ რაც უფრო მეტს ვიგებდი მომავალი წიგნის მთავარი მოქმედი პირების პირადი და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ის, ვინც დიქტატურას, როგორც დიქტატორი, გემოს გაუსინჯავს, მას ვეღარასოდეს დათმობს. სწორედ ამიტომ სათაურმა ორმაგი მნიშვნელობა შეიძინა და წიგნის თემატიკაც უნებურად გაფართოვდა. შევეცადე დიქტატურის  „დაგემოვნების" სხვადასხვა ასპექტი შემეთავაზებინა მკითხველისთვის" - ამბობს ავტორი.

არანაკლებ მნიშველოვანია ის ფაქტი, რომ ხშირად, მიმდინარე მოვლენებს ვერ ვაფასებთ სწორად და დროულად ვერ გამოგვაგქვს გონივრული დასკვნები. რუსუდან გორგილაძის ბოლოთქმას რომ დავესესხოთ: „როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, იმ დროის მსოფლიოს ბევრმა ჰუმანისტმა მოაზროვნემ და პოლიტიკოსმა ვერ გამოიჩინა დიდი გამჭრიახობა ამ წიგნის გმირების ობიექტურად შესაფასებლად. რატომღაც ითვლება, რომ ნგრევისადმი მიდრეკილი ბიწიერი ადამიანი უნდა გამოიყურებოდეს როგორც საფრთხობელა, რომ მას არავითარი ღირსება არ უნდა გააჩნდეს და რომ კაენის ბეჭედი მას შუბლზე უნდა ემჩნეოდეს. ეს ხელს გვიშლის გამოვიცნოთ უზნეობა, სანამ ის ნგრევას შეუდგებოდეს".

როგორც ფაშისტური იტალიის ოცდაერთწლიანი, ასევე ნაცისტური გერმანიის თორმეტწლიანი ისტორია თავიდან ბოლომდე იწყება და მთავრდება მათი შემქმნელების, ბენიტო მუსოლინისა და ადოლფ ჰიტლერის, ხელისუფლებაში მოსვლითა და სიკვდილით. საბჭოთა კავშირი კი, რომელმაც თითქმის სამოცდაათ წელს იარსება, არც სტალინით დაწყებულა და არც მისით დამთავრებულა. ამიტომ წიგნის საბჭოთა ნაწილი სტალინამდელ (უფრო ზუსტად პრესტალინისტურ) და სტალინისშემდგომ პერიოდსაც ეხება, თუმცა მთავარი ყურადღება, ცხადია, სტალინის მმართველობის პერიოდს ეთმობა.

გთავაზობთ ფრაგმენტებს წიგნიდან

ამ წიგნის გმირები - იოსებ სტალინი, ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი - სამივენი უბრალო ოჯახის შვილები იყვნენ. მათგან თითოეულს ჰყავდა მზრუნველი, მოსიყვარულე და მორწმუნე დედა და მკაცრი, უხეში მამა, რომელიც გამეტებით სცემდა ვაჟს (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ცემა იმხანად აღზრდის საუკეთესო საშუალებად იყო აღიარებული). თითოეულის დედა ცდილობდა ეკლესიასთან დაეახლოვებინა თავისი ვაჟი და განათლება მიეცა მისთვის, მაგრამ, რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, სამივე უღმერთო ადამიანად ჩამოყალიბდა.

სამივემ იწვნია სხვადასხვა მიზეზითა და სხვადასხვა ვადით ციხე და უკიდურესი გაჭირვება. სამივეს უყვარდა ხელოვნება: მუსოლინი ვიოლინოზე უკრავდა, ჰიტლერი ხატავდა და ფორტეპიანოზე უკრავდა, სტალინი ლექსებს წერდა და მღეროდა. სამივეს სჭირდა მეგალომანია, რომელიც ფსიქოლოგიაში ნარცისისტულ პიროვნულ აშლილობას ნიშნავს.

გუსტავ ლე ბონის აზრით, ჭეშმარიტი ბელადები განსაკუთრებული ყაიდის ხალხია.

***

იოსებ სტალინის 1935 წლის დირექტივას საერთო-სახალხო მხიარულებისა და სიუხვის შესახებ, ისევე როგორც მის ნებისმიერ ნება-სურვილს, არა მხოლოდ განხორციელება, არამედ პროპაგანდისტული მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ამაში კი მიქოიანსა და მის გარემოცვას ბადალი არ ჰყავდა.

სოციალისტური მშენებლობის ცენტრში ხელოვანი უნდა იმყოფებოდეს. რას უნდა უმღეროს საბჭოთა ხელოვანმა და მწერალმა, თუ არა განვითარების გზაზე შემდგარ კვების მრეწველობას? იგი სულიერადაც მისით უნდა საზრდოობდეს. სწორედ ამაში მდგომარეობდა სოციალისტური რეალიზმის იდეა.

ჰოდა, საბჭოთა კავშირის ხორცისა და რძის მრეწველობის ნარკომმა, ამხანაგმა სმირნოვმა, საგანგებო თათბირი მოიწვია. მწერლებთან ერთად განიხილეს საკითხი, თუ როგორ ჯობდა დაწერილიყო სტალინის ბრძნული ხელმძღვანელობით შექმნილი ხორცისა და რძის მრეწველობის ისტორია. რომელი ჟანრი აჯობებდა - ნარკვევი, მოთხრობა, თუ სულაც რომანი? იქნებ ჯობდა ტომებად გამოსულიყო სხვადასხვა მწერლის მიერ შექმნილი ნაწარმოებები ხორცის წარმოებისა და მეფრინველეობის შესახებ? ან იქნებ უმჯობესი იყო სხვადასხვა ხორცკომბინატის ცხოვრება აღეწერათ მხატვრულად მწერლებს.

ამ შეხვედრის სტენოგრაფიული ანგარიშიდან ირკვევა, თუ რა ცხარე კამათი გამართულა მწერლებსა და ხორცისა და რძის მრეწველობის წარჩინებულ მუშაკებს შორის. 

***

„ფაშისტებს არ უნდა ჰყვარებოდათ ჭამა. იყო რაღაც არაფაშისტური ჭამაში, საკვების ფუნქციური და სწრაფი გამოყენების შემთხვევების გარდა“, აღნიშნავს ჯ. დიკი. 1930-იანი წლების ფაშისტური პროპაგანდა აქტიურად დასცინოდა მტრების სიხარბესა და გაუმაძღრობას: ამერიკელებს „ბიფშტექსის ცივილიზაციას“, ხოლო ინგლისელებს „დღეში ხუთჯერ მჭამელ ერს“ უწოდებდნენ.

იტალიაში ხმა გავრცელდა, ბენიტო მუსოლინი ამბობს, კაცმა ჭამაზე ათ წუთზე მეტი არ უნდა დაკარგოსო. ზოგი საქმეში ჩახედული ამას დუჩეს შერყეული ჯანმრთელობით ხსნიდა. დიქტატორს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აწუხებდა და მისი დღიური რაციონიც შესაბამისად იყო შეზღუდული. ეს ამბავი საგულდაგულოდ იმალებოდა, რადგან პროპაგანდისტული მანქანა სწორედ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა: ილ დუჩე, ეს დაკუნთული ათლეტი, ჯან-ღონით სავსე დევგმირს განასახიერებდა.

***

ჰიტლერის ვეგეტარიანელობასთან დაკავშირებით ჰაინც ლინგე იხსენებს, რომ ფიურერს განსაკუთრებით ამხიარულებდა ტაციტუსის ერთი გამონათქვამი, რომელსაც თურმე ხშირად იმეორებდა: “მეომრებმა ხორცის ჭამაც კი დაიწყესო“. საქმე ისაა, რომ ტაციტუსი, რომელიც რომაელთა მიერ ახ. წ. 59 წელს პართელთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობას აღწერს, ასეთ ამბავს ჰყვება: “მიუხედავად იმისა, რომ კორბულოს და მის არმიას ბრძოლისას დანაკარგები არ ჰქონიათ, დაძაბულობამ და სიძნელეებმა ისინი ისე დაღალა და დაამშია, რომ იძულებულნი შეიქნენ საქონლის ხორცი ეჭამათ.” ამ ციტატიდან მრავალ ისტორიკოსს გამოჰქონდა დასკვნა, რომ რომაელი მეომრებისთვის ხორცის ჭამა მიუღებელი და სათაკილო იყო.  

მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერისთვის სწორედ “ასეთი მეომრული სული” იქნებოდა ყველაზე ახლობელი და გასაგები, მას “მშვენივრად უნდა სცოდნოდა, რომ ჯარის რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდებოდა ხორცის წარმოების საჭიროებაც. 1941 წლის ოქტომბერში აქტიურად დაიწყო მსჯელობა ცხვრის ხორცის წარმოების თაობაზე. 

----

ავტორის შესახებ

წიგნის ავტორი, რუსუდან გორგილაძე განათლებით ფსიქოლოგია. 1993-1996 წწ. ის იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატისა და სახელმწიფო კანცელარიის მთავარი მრჩეველი. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ. იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი. მონაწილეობდა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში მსოფლიო ბანკთან საქართველოს განათლების სისტემისათვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე.

1996–98 წწ. მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად.

1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ჰარვარდის კლუბი საქართველოში, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

2000–2004 წწ. იყო საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.

2012 წელს გამოიცა მისი წიგნი „კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში“ (წიგნი შერჩეულ იქნა „საბას“ ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ფინალისტად), 2013 წელს გამოქვეყნდა ამ წიგნის ინგლისური ვერსია Savoring Georgia – A Personal Journey through Time and Taste, ხოლო 2018 წელს გერმანულმა გამომცემლობამ Conte Verlag გამოსცა წიგნის გერმანული ვერსია Georgien – Eine kulinarische Entdeckungsreise.

2004 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

გამომცემელი: სეზან ფაბლიშინგი, 2022
რედაქტორი: ცისანა თოდუა-კარტოზია
გრაფიკული დიზაინი: მარიამ ზალდასტანიშვილი
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^