Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ აფასებენ რელიგიის სააგენტოს საქმიანობას მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები

27 დეკემბერი, 2016 21:01

მას შემდეგ, რაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა, მისი პოზიციების დასაცავად რამდენიმე რელიგიური კონფესიის სასულიერო ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს.

სააგენტოს რელიგიური უმცირესობების უფლებების უგულებელყოფაში, დომინანტი რელიგიური ჯგუფის ინტერესების გატარებასა და უმცირესობათა მართვაში ადანაშაულებენ, რასაც სააგენტოსთან ერთად რიგი რელიგიური გაერთიანებები არ ეთანხმებიან.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს სააგენტოს საქმიანობას აკადემიური წრე, რომელიც სააგენტოს ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში იყო.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში 2014 წლის მიწურულს შექმნილი მრჩეველთა საბჭო დროთა განმავლობაში რამდენიმე წევრმა დატოვა. საბჭოს, რომელიც სააგენტოს ფარგლებში ნებაყოფლობით, არაოფიციალურ გაერთიანებას წარმოადგენდა, რამდენჯერმე შეიკრიბა, თუმცა მას ოფიციალური სახე არ ჰქონია. წევრებს სააგენტოსთან არც ხელშეკრულება გაუფორმებიათ და არც ანაზღაურება მიუღიათ, ამდენად მას სათათბიროს ფუნქცია აქვს, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებს სხვადასხვა საკითხებზე კომპეტენტურ აზრს ეკითხებიან.

რა მიზეზით დატოვეს მრჩეველთა საბჭო უკვე ყოფილმა წევრებმა

ვლადიმერ ნარსიამ საბჭო ორი წლის წინ დატოვა. იგი სააგენტოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსიც იყო. ნარსია ამბობს, რომ როგორც საბჭოს, ასევე სააგენტოში დაკავებული თანამდებობის დატოვების მიზეზი მასსა და სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს შორის რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმოებაზე ხედვების შეუთავსებლობა გახდა.

„ზაზა ვაშაყმაძის ხედვა არის საბჭოური, ნომენკლატურული ხედვა, - როგორ ჩავკეტოთ დავაშინოთ და ვმართოთ რელიგიები. ჩემი ხედვა არის დასავლური, ცივილიზებული, პროგრესული საზოგადოების ხედვა, რომელიც რელიგიათა გახსნილობას, მათ შორის თანამშრომლობის ხეშეწყობასთან არის დაკავშრებული. ეს არის პრინციპული განსხვავება, რომელმაც განაპირობა ჩემსა და ვაშაყმაძეს შორის კონფლიქტი და ამის ნიადაგზე სამსახურის დატოვება“ - ამბობს ნარსია.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, გაამართლა თუ არა სააგენტომ მიზანი, რომლისთვისაც შეიქმნა, ნარსია პასუხობს, რომ ამაზე საპასუხოდ, უნდა დავადგინოთ, იგი რელიგიათა საკონტროლებლად შეიქმნა თუ რელიგიათაშორისო მშვიდობიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

„თუ სააგენტო იმის გამო შექმნეს, რომ რელიგიები აკონტროლონ, მაშინ ძალიან კარგადაც გაამართლა. ზაზა ვაშაყმაძე ამისთვის შეუდარებელი და უბადლო კანდიდატია. მაგრამ, თუ სააგენტო იმისთვის შექმნეს, რაც თავიდან უთხრეს საზოგადოებას, მაშინ არ გაამართლა“ - ამბობს ნარსია.

მისი თქმით, საბჭო დატოვა ყველა იმ ადამიანმა, ვისაც სწორი ცოდნა აქვს, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ რელიგიის პოლიტიკა.

„მრჩეველთა საბჭო საერთოდ არ ფუნქციონირებს, რამდენადაც მე ვიცი. საბჭო აღარ არსებობს პრაქტიკულად, ამიტომ მასში ყოფნა არყოფნას ან დატოვებასა აზრი ეკარგება“ - ამბობს ნარსია.  

საბჭოს წევრი უნდა ყოფილიყო გიორგი ლობჟანიძეც, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრებს სულ რამდენჯერმე დაესწრო, მეტჯერ კი აღარ მისულა, რადგან მიხვდა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო.

„სხვა კუთხით სჭირდებოდათ კონსულტაციები, რამაც მე არ დამაინტერესა. მოლოდინი მქონდა, რომ სააგენტო ძირეულ საკითხებზე იმუშავებდა, რომლებიც საქართველოში ყველა კონფესიის მდგომარეობას. მოლოდინი მქონდა, რომ ამ საკითხებს დაამუშავბდა, როგორც ეს წესიერ ქვეყნებში ხდება ხოლმე და რეკომენდაციებს შეიმუშავებდა“ - ამბობს ლობჟანიძე.

შეკითხვაზე, თუ რამდენად იზიარებს გამოთქმულ კრიტიკას, რომ სააგენტო საპატრიარქოს გავლენის ქვეშაა, ლობჟანიძე პასუხობს, რომ კრიტიკა ალბათ გასაზიარებელია იმ თვალსაზრისით, რომ სააგენტოს სხვა „დატვირთვა და წონა“ უნდა ჰქონოდა.

„სხვანაირად ქმედითი უნდა ყოფილიყო. შეიძლება მე არ მაქვს ინფორმაცია და მართლა აკეთებენ რაღაცას, მაგრამ მათი გაკეთებული საქმე მე არ დამინახავს“ - ამბობს ლობჟანიძე.

საპატრიარქოს გავლენის ქვეშ მოქცევის შესახებ კრიტიკას იზიარებს ზურაბ კიკნაძეც, რომელიც ამბობს, რომ „სააგენტო საპატრიარქოს კოჭს უგორებს“.

საბჭოს ფორმატში დღის წესრიგში მან ისტორიულად კათოლიკური ეკლესიების საკითხი დააყენა, რომლებშიც დღეს ღვთისმსახურებას მართლმადიდებელი ეკლესია აღავლენს, თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია.

ლევან აბაშიძე, რომელიც სააგენტოსთან დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით თანამშრომლობს, სააგენტოს „დადებით მოვლენად“ აფასებს.

იგი ამბობს, რომ საბჭო არ დაუტოვებია და ზოგადად, სააგენტოს მიერ გაჟღერებულ კრიტიკას არ იზიარებს, რადგან „შესაძლოა, იგი იდეალურად არ მუშაობს, მაგრამ სასარგებლო საქმეს აკეთებს“.

„ამ კრიტიკას არ ვიზიარებ. ზოგიერთი არგუმენტი აშკარად დაუსაბუთებელია, მაგალითად ის, რომ მუსლიმი თემისთვის მეჩეთების გადაცემის თვალსაზრისით არაფერი გაუკეთებიათ. შეიძლება მეჩეთი იქამდეც გამოიყენებოდა, მაგრამ ოფიციალურად არ იყო გადაცემული. ოფიციალურად რომ გადასცეს, ესეც დიდი საქმეა. რაღაცები კეთდება. კრიტიკა შეიძლება, მაგრამ საბოლოო ჯამში სააგენტო მაინც დადებითი მოვლენაა. თორემ მეც ხომ წამოვიდოდი, აქ არაფერი მაკავებს. არც ხელფასს ვიღებ და არც არაფერს“ - ამბობს აბაშიძე.

მისი თქმით, საბჭო უფრო ვირტუალურად არსებობს, რადგან მას აქტიური ფუნქცია არ აქვს და ექსპერტთა შეხვედრები რეგულარულად არ გამართულა.

მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო ზაზა ფირალიშვილიც, თუმცა წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

მისი თქმით, სააგენტოს საქმიანობა საუკეთესო პრაქტიკა არ ყოფილა, თუმცა მისი არსებობა მნიშვნელოვანია.

იგი კათოლიკური ეკლესიების პრობლემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კათოლიკე თემი უსამართლობის პირისპირ ხშირად დგება.

„კათოლიკური ეკლესიების საკითხი სერიოზული პრობლემაა და სააგენტო ადრე თუ გვიან დადგება ამ საკითხის წინაშე“ - ამბობს ფირალიშვილი.

ორი კვირის წინ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრმა (EMC) „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის კრიტიკული ანალიზი" გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ „უწყებამ ვერ შეძლო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დავებისა და პრობლემების გადაწყვეტა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების არარსებობაზე უნდა მიუთითებდეს. სააგენტოს მიდგომა რელიგიის თავისუფლების საკითხების მიმართ,  როგორც წესი, არაპროგრესულია და მის მიერ მომზადებული ანალიტიკური და სტრატეგიის დოკუმენტები თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის. მათ შორის, უწყების საქმიანობაში იკვეთება რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების,  უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების მცდელობა". 

ანგარიშის წარდგენიდან რამდენიმე დღეში რიგი რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა, მათ შორის საპატრირქოსი, ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ სააგენტოს მიმართ EMC-ის კრიტიკას არ იზიარებენ და მის საქმიანობას დადებითად აფასებენ. 

მტვრით დაფარული ღვთისმშობელი

მოხის საჯილდაო ქვები

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

ზაზა ვაშაყმაძე: ის, რომ მუსლიმები დისკრიმინაციას განიცდიან, ტყუილი და არასწორია

ლოცვა ღია ცის ქვეშ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^