Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობის ინიცირებულ მარიხუანის კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი

11 აპრილი, 2017 17:32

მარიხუანასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის. 

გუშინ, 10 აპრილს ამ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც დაუჭირა მხარი.

გუშინ გამართულ სხდომაზე კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. მისი თქმით, მცირე ოდენობით კანაფის კულტივირებაზე საპატიმრო სასჯელის გაუქმება შინაარსს მოკლებულია, რადგან დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ისევ რჩება.

როგორც ზურა ჯაფარიძე განმარტავს, მცირე ოდენობით კულტივირების შემთხვევაში აზრი არ აქვს საპატიმრო სასჯელის გაუქმებას, ვინაიდან მცენარეს ისე ვერ გაზრდი, რომ დიდ ოდენობაში არ გადავიდეს და ის ყველა შემთხვევაში  გადასცდება იმ ოდენობებს, რომელიც კანონპროექტშია მოცემული.

„მე არ ვიცი, რამხელა შეიძლება გაზარდო მარიხუანა, რომ დიდ ოდენობაში არ გავიდეს. უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გაზარდე მცენარე და მიიყვანე იმ კონდიციამდე, როცა ადამიანს შეეძლება, მოიხმაროს, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მოხვდება დიდ ოდენობაში, ამიტომ ამ ცვლილებას დიდი შინაარსი არ აქვს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ასევე  გამოთქვა მოსაზრება ნედლი და გამომშრალი მარიხუანის ოდენობების განსაზღვრაზე.

მისი თქმით, განმარტებით ბარათში მოცემული  წინადადება, რომ  რაოდენობრივი მაჩვენებლები გრამებში ნედლ მარიხუანასთან მიმართებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამომშრალთან, სინამდვილეში ასე არაა. ნედლი მარიხუანა გამომშრალ მარიხუანაზე არა 2-ჯერ, 5-ჯერ და 6-ჯერ უფრო მძიმეა.

„ნედლი მარიხუანა არის 5-ჯერ , 6-ჯერ უფრო მძიმე ვიდრე მშრალი. საღ აზრთან ახლოს რომ იყოს, ეს რაოდენობები მშრალსა და ნედლს შორის ცხრილში გადასასწორებელია, გამომშრალის შემთხვევაში თუ არის 70 გრამი, ნედლის შემთხვევაში 350 გრამი მაინც უნდა იყოს. როგორც მინიმუმ. აღარაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ ზოგადად ამ წონას არ აქვს დიდი მნიშნველობა და დათვლა უნდა ხდებოდეს THC-ის შემცველობით... ნედლი მარიხუანა რომ აიღოთ და გააშროთ, 5-ჯერ უფრო მეტად მცირდება წონაში, სანამ მივა იმ კონდიციამდე, რასაც მშრალი მარიხუანა ჰქვია. .. შესაბამისად, მშრალსა და ნედლს შორის უნდა იყოს ხუთმაგი განსხვავება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ბუკია: ნარკოტიკის მოხმარების შეთავაზება, გადაცემა ბევრად მკაცრად უნდა ისჯებოდეს

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთი თვიდან ექვს თვემდე ვადით.

აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლით ყველა სხვა სახის ნარკოტიკის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის გათვალისწინებულია 500 ლარიანი ჯარიმა ან გამონაკლის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ კანაფსა და მარიხუანასთან დაკავშირებული ცვლილებები არ გაავრცელა კანაფის სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა: კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებულ ცვლილებებს, კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით კოდექსს ემატება 273 პრიმა მუხლი და მცირე ოდენობით მცენარე კანაფის, მარიხუანას უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 160 საათამდე ვადით. 

რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, პროექტში აღნიშნულია, რომ ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით კი, როგორც აღვნიშნეთ, ჯარიმა 300 ლარია გათვალისწინებული, შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დაჯარიმების შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა იყოს 900 ლარზე ნაკლები.

ასევე, მცენარე კანაფის და  მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე ვადით. (ჯარიმის ოდენობა არ უნდა იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები).

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 300-400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

აღნიშნული ქმედების (მცენარე კანაფის და  მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) ჩადენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ექვს წლამდე ვადით.

კულტივირება

კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი  მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან  220 საათამდე.

დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, იგივე ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე.

სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შენარჩუნებულია, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დიდი ოდენობით და დაისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენის შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე იქნება.

„თეთრი ხმაური": სამინისტროს პროექტი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებასაც კი არ ახდენს

„გირჩი": მარიხუანაზე სამინისტროს კანონპროექტი თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობაა

300-ლარიანი ჯარიმა და გამასწორებელი სამუშაო მარიხუანის მოწევისთვის - სამინისტროს პროექტი

მთავრობის კანონპროექტით, კანაფის მცირე ოდენობით მოყვანაზე პატიმრობა უქმდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^