Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ვიცით ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებზე მომხდარი თავდასხმის შესახებ

26 ნოემბერი, 2018 14:02

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ გემებს. საომარი მდგომარეობის გამოცხადებას უკრაინის რადა დღეს განიხილავს. დღესვე საგანგებოდ შეიკრიბება გაეროს უშიშროების საბჭო და უკრაინასთან ერთად მომხდარ შემთხვევას განიხილავს.

რა მოხდა?

კვირას, 25 ნოემბერს უკრაინის სამი სამხედრო გემი ოდესიდან შავ ზღვაში გავიდა. გემებს კურსი აზოვის ზღვაში მარიუპოლის პორტისკენ ჰქონდათ აღებული, მაგრამ ქერჩის სრუტესთან ისინი რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს. უკრაინულმა ხომალდებმა მარიუპოლისკენ გზა განაგრძეს, მაგრამ რუსეთმა სრუტე ტანკერით გადაკეტა, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა.

ვიდეოკადრებშიც ჩანს, რომ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ორ პატარა საარტილერიო გემს Berdiansk-სა და Nikopol-ს ცეცხლი გაუხსნა და დააზიანა. ბუქსირ Yany Kapu-ს კი სპეციალურად შეეჯახნენ, რომ შეეჩერებინათ.

ქერჩის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები Su-25-ები და Ka-52 ტიპის ვერტმფრენები გამოჩნდნენ. უკრაინული სამხედრო ხომალდები რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა (FSB) აიღო. დაიჭრა რამდენიმე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ფოტო: BBC

რა განაცხადა უკრაინის ხელისუფლებამ?

უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ინფორმირებული იყო სამხედრო ხომალდების გადაადგილების შესახებ. რუსმა სამხედროებმა გემებს ცეცხლი საერთაშორისო საზღვაოსნო კანონების დარღვევით გაუხსნეს, რის შედეგადაც რუსებმა დაიკავეს სამი უკრაინული გემი და დაჭრეს 6 უკრაინელი სამხედრო.

ქერჩის სრუტესთან მომხდარი შემთხვევიდან მალე უკრაინის უშიშროების საბჭო შეიკრიბა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ალეკსანდრ ტურჩინოვმა აღნიშნული ფაქტი სამხედრო აგრესიად შეაფასა.

უშიშროების საბჭოსთან შეთანხმებით პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის თქმით, ეს იყო რუსეთის „გიჟური და პროვოკაციული ქმედება“. საომარი მდგომარეობის გამოცხადებას დღეს უკრაინის რადა უყრის კენჭს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. შესაბამისი განკარგულება უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გასცა.

როგორია რუსეთის პოზიცია?

უკრაინული გემების დაკავების შესახებ ამბავი პირველად რუსულ მედიაში გავრცელდა. მოგვიანებით ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა დაადასტურა. რუსეთის ხელისუფლება მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.

უშიშროების სამსახურის განცხადებით, უკრაინულისამხედრო ხომალდები უკანონოდ შეიჭრნენ რუსეთის საზღვაო წყლებში და რუსეთმა მათ შესაჩერებლად საჭირო ზომებს მიმართა. რუსეთმა დაადასტურა იარაღის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ სამი სამხედროს დაჭრა აღიარა და განაცხადა, რომ მათ მძიმე დაზიანებები არ მიუღიათ.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინა ქერჩის სრუტეში „მოხეტიალე მძარცველივით“ იქცევა და რომ პროვოკაცია, ძალადობა და აგრესია სწორედ უკრაინამ დაიწყო.

ფოტო: Tass

რატომ კეტავს რუსეთი ქერჩის სრუტეს?

2003 წლის შეთანხმებით, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა რუსეთსა და უკრაინას შორის საზიარო წყლებია. ორივე ქვეყანა აქ თავისუფლად მოქმედებდა. მაგრამ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აზოვის ზღვის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობს.

ქერჩის სრუტეზე რუსეთის ხელისუფლებამ სამანქანო გადასასვლელით ჩაკეტა. რაშიც მილიარდობით დოლარი დახარჯა. გემებს ახლა გასვლა მხოლოდ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი ხიდით შეუძლიათ, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის 16 მაისს გახსნა.

ამით რუსეთმა აზოვის ზღვა ფაქტობრივად ჩაკეტა. უკრაინული გემები ზღვაში მარიუპოლის პორტთან მისასვლელად ამ ხიდს და რუსულ შემოწმებას გადიან. გემების შემოწმებას საერთაშორისო საწყლოსნო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს უკრაინა და ევროკავშირი.

2014 წლის შემდეგ აზოვის ზღვაში უკრაინას დარჩა მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი მარიუპოლი. ქალაქის აღება დონეცკის რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს გარკვეული ხნით რუსეთმა სეპარატისტების ხელით შეძლო, მაგრამ მოგვიანებით უკრაინამ გაათავისუფლა.

როგორც BBC წერს, აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეზე კონტროლით რუსეთი მარიუპოლს მნიშვნელოვნად ზღუდავს.

როგორი იყო საერთაშორისო გამოხმაურება?

ქერჩის სრუტეში მომხდარ შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა. „ჩვენ ველით, რომ რუსეთი დაუშვებს უკრაინულ გემებს აზოვის ზღვაში. მოვუწოდებთ ყველას, რომ იმოქმედონ ვითარების დეესკალაციისა და გამოსწორებისთვის.

ევროკავშირი მოელის, რომ რუსეთი შეწყვეტს აზოვის ზღვაში შემავალი გემების შემოწმებას. ევროკავშირი არ აპირებს აღიაროს ყირიმის ანექსია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს ქერჩის სრუტეში ხიდის მშენებლობასაც.

„NATO მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“ - ალიანსის წარმომადგენელი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის ლუნგესკუს განცხადებით, NATO ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, მხარეებს მოუწოდებს ვითარების დეესკალაციისკენ და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს.

„NATO ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში. ჩვენ კავშირში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან. მხარეებს მოვუწოდებთ ვითარების დეესკალაციისკენ. NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის სანაოსნო უფლებებს მის ტერიტორიულ წყლებში“, - განაცხადა ლუნგესკუმ და მოუწოდა რუსეთს, არ შეუზღუდოს უკრაინულ გემებს აზოვის ზღვაში მიმოსვლა.

ლუნგესკუმ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მხარდაჭერა და დაგმო რუსეთის მიერ აზოვის ზღვის მილიტარიზაცია.

ქერჩის სრუტეში რუსეთის მოქმედებები დაგმო სხვადასხვა ქვეყანამაც. პოლონეთისა ხელისუფლებისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს უნდა შეფასდეს, როგორც სამხედრო აგრესია და საერთაშორისო საზღვაოსნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა.

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას გამართავს

რას მოუტანს ეს შემთხვევა უკრაინას?

BBC თავის კორესპონდენტზე კრისტოფერ მილერზე დაყრდნობით წერს, რომ თუ უკრაინა ამ ხომალდებს დაკარგავს, ეს მისი სამხედრო საზღვაო პოტენციალისთვის დიდი დანაკარგი იქნება. რუსეთმა ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიის დროს მიისაკუთრა უკრაინული ხომალდების ნაწილი და შეასუსტა მეტოქე. უკრაინული ხომალდები ამ დროისთვის რუსეთს თავის კონტროლირებად ქერჩის პორტში ჰყავს გაჩერებული.

უკრაინის პრეზიდენტი საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს. მაგრამ მისი თქმით, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ომს დაიწყებს. ბოლოს საომარ მდგომარეობაზე საუბარი უკრაინაში ყირიმის ანექსიის დროს, 2014 წელს იყო, თუმცა მაშინ არ გამოცხადდა.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტს ეს მოცემულობა შეიძლება პოლიტიკურად წაადგეს. საომარი მდგომარეობის გამო შეიძლება 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს. პოროშენკოს კი მიეცეს მეტი დრო, რათა რეიტინგი გამოისწოროს. კვლევებით, როგორც BBC წერს, მოქმედ პრეზიდენტს არც თუ ისე დიდი მხარდაჭერა აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^