Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალი ნარკომომხმარებელი - რა პრობლემებს აწყდებიან ისინი საქართველოში

31 დეკემბერი, 2018 11:28

საქართველოში ნარკომომხმარებელი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული, სტიგმატიზებული და „უხილავი“ ჯგუფია. საზოგადოების დამოკიდებულების გამო ისინი იმალებიან, არ ამხელენ საკუთარ სტატუსს, ვერ იღებენ ვერც თანაგრძნობას, ვერც სრულფასოვან სამედიცინო თუ ნარკოლოგიურ სერვისებს. იციან, რომ თუ მათ შესახებ სხვები გაიგებენ, გულგრილ, აგდებულ და უპატივცემულო დამოკიდებულებას მიიღებენ, დაკარგავენ მეგობრებსა და ახლობლებს.

ქალი ნარკომომხმარებლების ისტორიების გაზიარებით შევეცდებით, გაჩვენოთ მათი ყოველდღიურობა, პრობლემები და გამოწვევები.

ქეთი, 36 წლის

„2008 წელს 0.00081 გრამ სუბუტექსისთვის დამიჭირეს, 10 წელი მომცეს, 5 წელი ვიჯექი. იქიდან კი ძალიან შემართებით გამოვედი, მაგრამ რეალურად თავიდან რომ შევეხე ამ პრობლემებს და რომ ვნახე, თუ რა რთული იყო ციხის მერე ცხოვრება, ძალიან გამიჭირდა. სამსახურს ვერ ვშოულობდი და ა.შ. ახლა დავდივარ და ბინებს ვალაგებ. 20 წლის არის ჩემი შვილი, უნივერსიტეტის ფულს ძლივს ვიხდი, დედა წნევიანი, მამაც ავადმყოფი, არავინ დამხმარე არ მყავს საერთოდ.

ბოლო ერთი წელია, ისევ დავიწყე მოხმარება. რომ გითხრა, რომ ეს პრობლემებს მიგვარობსო, არა. შემდეგ მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში ჩავერთე, ჩუმად ჩავჯექი, ბევრმა არ იცის, ძალიან დავიღალე რა, ყოველდღე იმის ფიქრით, რომ საჭმელი, კომუნალურები, პლუს კიდევ ის, რომ ეს თანხა რომ გამოვიმუშავო და ვიღაცის უნიტაზები ვხეხო, მჭირდება შინაგანი ძალა. აღარ მინდა ვიზრუნო ნარკოტიკის შოვნაზე და აღარ გადავაწყდე ათას სისულელეს.... მე რომ კიდევ დამიჭირონ, ჩათვალეთ, რომ ჩემ იმედს ვკარგავ, ჩემი შვილი არ მაპატიებს, ის სიყვარული და პატივისცემა აღარ ექნება, თვალებში შემომციცინებს, ის ყველაფერი მაპატია. პროგრამაში რომ ვარ, არავინ არ იცის, არც ჩემმა შვილმა, არც დამ. აქედანაც მინდა რომ მალე გამოვიდე, და  აღარ გავიკეთებ არასოდეს... პროგრამაში მთელი თბილისი დადის, არ გაიგოს ვინმემ-მეთქი, მეშინია, ვუფრთხილდები ისევ ჩემებს“, - ამბობს ქეთი „ლიბერალთან“ საუბრისას (სახელი შეცვლილია).

მარიამი, 33 წლის

„18 წლიდან მომხმარებელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ დამაკარგინა წამალმა, დამიჭირეს, დედამ სახლი გაყიდა, მშობლები ამას გადაყვნენ, 2012 წელს გავთავისუფლდი, იმის მერე ვეცადე, რომ ამეწყო ჩემი ცხოვრება...

2015 წელს ხელმეორედ შევქმენი ოჯახი. დავიწყეთ ერთად ცხოვრება. სასტიკი წინააღმდეგი იყო მისი ოჯახი ჩემზე, იმდენი პრობლემა გადავლახეთ და ძალიან ბევრი ბარიერი. ნაციხარი, განათხოვარი - არავის არ სჭირდებოდა ასეთი რძალი. მეტადონის პროგრამიდან უნდა გამოხვიდეო, - ასე მითხრა მეუღლემ, იმისთვის, რომ ოფიციალურად დაერქვა სახელი. მე არ ვიყავი წინააღმდეგი, იმისთვის, რომ ჩემ საყვარელ ადამიანთან ვყოფილიყავი. გამოვედი პროგრამიდან და დავწექი ნარკოლოგიურში. ეს ძალიან გაუხარდა და  ესიამოვნა მის ოჯახს.

ნინო

„ორსულობის დროს, მივედი ექიმთან, აღრიცხვაზე რომ ავეყვანე. მისვლისთანავე შემექმნა პრობლემა, იმის გამო, რომ ნარკომომხმარებელი ვიყავი. ექიმმა მითხრა, რომ აბორტი უნდა გამეკეთებინა, რადგან ბავშვი ავადმყოფი იქნებოდა, მილიონი მიზეზი მოიყვანა. ჩემი მიღებაც არ უნდოდა, რომ გაიგო ნარკომომხმარებელი ვიყავი. ერთ კვირაში რომ მივედი, გაკვირვებულმა მკითხა, გადაწყვიტე, რომ იტოვებ ნაყოფსო? ვუთხარი, ვიტოვებ-მეთქი. შევხედოთ, თუ დარჩება, დარჩებაო“, - ამბობს ნარკომომხმარებელი ქალი ნინო (სახელი შეცვლილია);

როგორც ნინო ნარკოტიკების მომხმარებელ/ყოფილ მომხმარებელ ქალთა თვითორგანიზაცია „აკესოს“ მიერ მომზადებულ ვიდეოში ჰყვება, ექიმების გულგრილი დამოკიდებულების გამო პრობლემები მშობიარობის დროსაც შეექმნა. 

„მშობიარობის დრო რომ მოვიდა, საკეისრო გამიკეთეს. გაუტკივარებამ არ იმოქმედა. მიზეზად დამისახელეს, რომ ვინაიდან ნარკომომხმარებელი ვიყავი, ამის გამო არ იმოქმედა გამაყუჩებელმა. ჩვეულებრივ გადავიტანე გაჭრა. არანაირი შემოწმება არ ყოფილა. გამიკეთეს 3 ნემსი და გამჭრეს. გაუყუჩებლად გადავიტანე საკეისრო და ამოიყვანეს ბავშვი. ტკივილისგან რომ ვითიშებოდი, შემდეგ უკვე სრული ნარკოზი გამიკეთეს.

პალატაში რომ გადავყავდი, მესმოდა ექიმი როგორ ეუბნებოდა ანესთეზიოლოგს, რომ იცოდე, ჩვენთან „ნარკამანკა“ წევს, მაგიტომაც არ იმოქმედა გამაყუჩებელმაო. ეს ყველას ესმოდა, მთელმა საავადმყოფომ გაიგო, რომ ნარკომომხმარებელი ვიყავი. არანაირი კონფიდენციალობა... ქედმაღლური დამოკიდებულება... ძალიან გაუკვირდა, ბავშვი ჯანმრთელი რომ იყო.

რამდენიმე საათში დედაჩემი მოვიდა. ძალიან ცუდად ვიყავი, ძლივს ავდექი და ექიმთან გავედი. ვუთხარი, რომ დედაჩემი მოდის და ისე ქენით, რომ რომელიმეს დედაჩემთან არ წამოსცდეს-მეთქი. დედაჩემისთვის არ უთქვამთ, მაგრამ მე ვგრძნობდი ჩემ მიმართ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, ნაკლები ყურადღება და ა.შ. ძალიან ძნელი იყო ამის ატანა“, - ამბობს ნინო.

მომდევნო გმირის შესახებ კი  ნარკოტიკების მომხმარებელ/ყოფილ მომხმარებელ ქალთა თვითორგანიზაცია „აკესოს“ კვლევაში - ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ - ვკითხულობთ.

„ოპერაციამდე თავად ვუთხარი ექიმს, რასაც მოვიხმარდი. თავიდან გაიცინა, შენ არაფერი გეტყობა ნარკომანისო... ამის მერე ყველა სათითაოდ შემოდიოდა პალატაში... აი, ესაა... მაიმუნივით მათვალიერებდნენ, საშინლად ვიგრძენი თავი“…

 „მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ყველაფერი მე გავუკეთე, განათლება მივეცი, ბინა ვუყიდე, ფინანსურად ვინახავ მასაც და მის ქმარსაც, მაინც ნებისმიერი პირადი, თუნდაც პატარა წარუმატებლობის დროს, მე მადანაშაულებს, რომ ცხოვრება დავუნგრიე, და მე რომ ასეთი არ ვიყო, მის ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ახლაც ცრემლები მაწვება... რატომ უნდა იყოს ასე, რამდენმა დედამ შეძლო იგივე გაეკეთებინა შვილისთვის ამ ასაკში?... სიკვდილი მინდა ხანდახან, მერე ყველა დაისვენებს“…

რას ამბობენ ანგარიშები?

„აკესოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ნარკომომხმარებელი ქალები სამედიცინო სერვისით სარგებლობის დროს, ძირითადად, თავს იკავებენ სტატუსის გამხელისგან, ხოლო თუ სამედიცინო პერსონალი მიხვდება, რომ საქმე ნარკომომხმარებელ ქალთან აქვს, დამოკიდებულება მაშინვე ხდება გულგრილი, მატულობს დამცინავი, შეურაცხმყოფელი კომენტარები („აკესოს“ კვლევაში მონაწილეობდა 27-54 წლის 46 ქალი რესპონდენტი, მათ შორის მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამის, შპრიცების პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე, ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ქალები).

კვლევაში ვკითხულობთ, რომ უხეში ან ღირსების შემლახველი დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან პირდაპირ აისახება მიმართვიანობის მაჩვენებელზე. ნარკომოხმარების სტატუსის გაუმჟღავნებლობა კი რიგ შემთხვევაში პირდაპირ კავშირშია მკურნალობის ხარისხთან.

რაც შეეხება ზიანის შემცირების პროგრამებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარობა ავტომატურად ნიშნავს, რომ მოიხმარდი/მოიხმარ ნარკოტიკს, შესაბამისად, ოჯახის წევრებს ურჩევნიათ, საზოგადოებისათვის ეს ფაქტი უცნობი დარჩეს, ვიდრე „მათმა დედამ, დამ, მეუღლემ, შვილმა იგრძნოს შვება“ - „შვილმა მითხრა, იმ პროგრამაში მისული რომ დაგინახო, თავს მოვიკლავო“.

„საქართველოში ქალი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, ამოვარდნილია, ჩვენი გაგებით, ნორმალური გენდერული ნორმის აღქმიდან, რომ ავტომატურად სტიგმა და დისკრიმინაცია და ნეგატიური დამოკიდებულება მოდის ამ ქალის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ, გარემოცვის მიმართ და ამის გამო ეს ქალები ერიდებიან ამ სერვისებში ჩართვას იმიტომ, რომ ავტომატურად მათი სტატუსი გახსნილია“, - ვკითხულობთ კვლევაში.

„აკესოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის პრობლემა მძაფრდება, როდესაც ოჯახში ძალადობა ციკლურ სახეს იძენს. ამ შემთხვევაში მათი მომხმარებლის სტატუსი ართულებს თავდაცვის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას. ამ მხრივ მომხმარებელი და სექსმუშაკი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. როგორც წესი, ძალადობის შემთხვევების დროს არცერთ რესპონდენტს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებებისთვის, რადგან, მაღალი სტიგმის გამო, მათ არ აქვთ პრობლემაზე ადეკვატური რეაგირების მოლოდინი; ეშინიათ, თავად არ აღმოჩნდნენ დევნის ობიექტი.

სტატუსის გაუმჟღავნებლობა ნარკომომხმარებელი ქალების მთავარი დაცვის მექანიზმია, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და განსაკუთრებით სოციო-კულტურულად ქალების მიერ ნარკოტიკების მოხმარების მიუღებლობა ოჯახში ძალადობის შემთხვევაშიც არ აყენებს მათ თანაბარ პირობებში არამომხმარებელ ქალებთან. „ჩვენ არავის შევეცოდებით. ჩვენ საზოგადოებისთვის ქალები არ ვართ“, - ნათქვამია კვლევაში.

მიმდინარე წელს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასების დოკუმენტი მოამზადა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ქალებზე ორიენტირებული ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის შესწავლისას გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პრობლემა, რაც ქალებისთვის ეფექტიანი და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას აბრკოლებს. ესენია:

  • არსებული ნარკოპოლიტიკა - მკაცრი კანონმდებლობა, ნარკოდამოკიდებულების გამჟღავნების შიში და შესაბამისი სასჯელი;
  • სოციოკულტურული ბარიერები - საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებები ქალის როლის შესახებ, ღირებულებები, სტიგმატიზაციის და გარიყვის შიში;
  • სტრუქტურული ბარიერები - სერვისის მიმწოდებელთა დაბალი კვალიფიკაცია, გენდერულად არასენსიტიური სერვისები,
  • პირადი/ინტერპერსონალური ასპექტები - ოჯახში კონფლიქტის შიში, შვილებთან განშორება, ინფორმაციის ნაკლებობა, ოჯახში ძალადობა და ა.შ

ყოველწლიურ ანგარიშებში ნარკომომხმარებელი ქალების მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას სახალხო დამცველიც.

ომბუდსმენი წერს, რომ ნარკომომხმარებელი ქალებისთვის ორმაგ ბარიერს წარმოადგენს მკურნალობის ან ზიანის შემცირების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა. ამას ემატება მთელი რიგი სისტემური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ტიპის ბარიერები.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაბრკოლებას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ორმაგი სტანდარტი ნარკოდამოკიდებული ქალებისა და კაცების შესახებ, რომლის მიხედვითაც კაცების შემთხვევაში დიდია ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა. ნარკომომხმარებელი ქალები კი სრულიად დაუცველნი და სტიგმატიზებულნი არიან ოჯახებისა და, ზოგადად, საზოგადოებისგან.

ომბუდსმენის რეკომენდაციით, საჭიროა „ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით შემუშავდეს და დაინერგოს გენდერულ საჭიროებებზე მორგებული სამკურნალო სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება ზიანის შემცირებაზე და გაზრდის ქალთა ხელმისაწვდომობას, რათა განხორციელდეს ეროვნული კვლევა და დადგინდეს ნარკომომხმარებელ ქალთა რაოდენობა, მათ შორის დადგინდეს რამდენი ქალი საჭიროებს მკურნალობას, ასევე ზიანის შემცირების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს, გაითვალისწინოს გენდერული ასპექტები და ქალთა საჭიროებები ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაში".

ნარკომომხმარებელი ქალები სტიგმისა და ძალადობის უწყვეტ ციკლში

ფრაგმენტები ნარკომომხმარებელი ქალების ცხოვრებიდან

რეფორმას შეუძლია ნარკოპოლიტიკის სფეროში გენდერული უთანასწორობის შემცირება - დოკუმენტი

სამედიცინო მომსახურება წამალდამოკილებული ქალებისთვის - ზრუნვის პლატფორმის შეფასება

მოშარდვა კამერების წინ - წამალდამოკიდებული ქალი ნარკომანიის ცენტრის წინააღმდეგ

ომბუდსმენის ანგარიში - ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივი მდგომარეობა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^