Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვის უფლებათა კოდექსი - მიზანი, მოსალოდნელი შედეგები და შეფასება

04 თებერვალი, 2019 16:23

დღეს ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კოდექსი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური მხარდაჭერით პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა. 

პროექტის წარდგენისას მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განაცხადა, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, საქართველოს ჰქონოდა სპეციალური კანონი ბავშვის უფლებათა შესახებ.

„2017 წელს UNICEF-მა ჩაატარა ეროვნული კანონმდებლობის ყოვლისმომცველი ანალიზი ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა 30-ზე მეტი კანონის ცვლილებისა და ბავშვის უფლებების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის შექმნის საჭიროება. ჩვენ განვაგრძობთ პარლამენტის მხარდაჭერას კოდექსის პროექტის სრულყოფის და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით კოდექსის საბოლოო მიღებამდე“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.

ვინ იყო ჩართული ბავშვის უფლებათა კოდექსის მომზადებაში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივით, 2018 წლის გაზაფხულზე „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ მუშაობა დაიწყო. კომიტეტის მიწვევით კოდექსზე იურისტი პაატა ტურავა მუშაობდა.

სოფო კილაძის შეფასებით, კოდექსზე მუშაობის პროცესი იყო რთული, მაგრამ ინკლუზიური, რადგან მონაწილეობდა ყველა კომპეტენტური სახელმწიფო უწყება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. 

„უფლებების ასე შეზღუდვა ბავშვისთვის საზიანო იქნება “ - რას გულისხმობს „ბავშვთა კოდექსი“

„თითქოს ბავშვის უფლებები იზღუდება, არ არის სწორი“ - კომიტეტის განმარტება „ბავშვთა კოდექსზე“​

კოდექსის შინაარსობრივ ნაწილზე საუბრისას სოფო კილაძემ რამდენიმე საკითხი გამოყო, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

„პირველ რიგში ეს არის სახალხო დამცველის მექანიზმის გაძლიერება. ის იქნება  ორგანო, რომელიც კონკრეტულ დარღვევებს მოიძიებს  და ამ დარღვევებზე ექნება რეაგირება, მათ შორის - სასამართლოს მეშვეობითაც. 

ასევე, მნიშვნელოვანია ამ კოდექსში თვითმმართველობების როლი. კოდექსის შემნისას თვითმმართველობის თემას მოჰყვა ყველაზე მეტი დისკუსია. ჩვენი პრინციპული მოსაზრება იყო, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს გადასცემოდა გარკვეული უფლებამოსილებები, რა თქმა უნდა, შესაბამისი ფინანსური რესურსების მიყოლებით და ადამიანური რესურსების მოძიებაში დახმარებით. ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, რადგან სწორედ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა იციან კონკრეტული ოჯახისა და ბავშვების გასაჭირი", - ამბობს სოფო კილაძე. 

კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო 

პროექტის წარდგენისას კოდექსის ავტორმა, პაატა ტურავამ კანონპროექტის სტრუქტურაზე ისაუბრა. კოდექსი 15 თავისა და 102 მუხლისგან შედგება. მისი პრინციპია - აღიარება, დაცვა, უზრუნველყოფა.

კოდექსის ავტორის თქმით, ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზანია: 

  • ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, საუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
  • ბავშვის უფლებათა  დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნული  სისტემის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
  • პროფესიონალთა, საჯარო და კერძო დაწესებულებათა მიერ ბავშვის უფლებებზე  ორიენტირებული მიდგომის დანერგვა (სპეციალიზაცია, კოორდინაცია, თანამშრომლობა);
  • გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმებისა  და სხვა საერთაშორისო კონვენციების ეფექტიანი აღსრულება საქართველოს  კონსტიტუციის შესაბამისად;

კანონის მოსალოდნელი შედეგები

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის, ბავშვის უფლებათა კონსულტანტმა, ნანა ჩაფიძემ პროექტის წარდგენისას კოდექსის მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ამ კოდექსის შედეგი იქნება ბავშვის აღიარება უფლებების მქონე სუბიექტად, რომელმაც იცის, ესმის და შეუძლია უფლებებით სარგებლობა. 

ასევე, როგორც აღნიშნა, კოდექსის მიღების შედეგად ბავშვის დაცვისა და მხარდაჭრის სისტემა უკეთ დაინახავს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებს და მოწყვლადობას, იმოქმედებს დროულად და ეფექტიანად.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პარლამენტი, მთავრობა, მუნიციპალიტეტები და პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ ბავშვთან, გადაწყვეტილებებს მიიღებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესი გათვალისწინებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ის  რომ სასამართლოები და ადმინისტრაციული ორგანოები ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპებზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს, ბავშვის წვდომას ინფორმაციასა და კონსულტაციაზე, ბავშვის წვდომას შესაბამის მიუკერძოებელ წარმომადგენლობაზე, იურიდიულ დახმარებაზე და ასევე გადაწყვეტილების დასაბუთებას ამ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,", - განაცხადა ნანა ჩაფიძემ. 

როგორ აფასებენ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტს 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა აბაშიძე ამბობს, რომ კოდექსის შემოთავაზებული პროექტი აბსოლუტურად სხვა ვერსიაა, ვიდრე პირველი იყო. მისი თქმით, კოდექსი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გვთავაზობს. 

„კოდექსის პირველი ვერსია იყო კატასტროფა, ამაზე ჩვენ საჯაროდაც ვისაუბრეთ და ვთქვით ჩვენი მოსაზრება. გვიხარია, რომ ახლა ეს ვერსიაა შემოთავაზებული. რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელსაც მხარს ვუჭერთ, მაგალითად, ერთ-ერთია სპეციალიზაცია  იმ პროფესიონალების, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან.  ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ხარისხს.

მაგრამ არის გამოწვევა იმ დეკლარაციულ დებულებებში,  რომელიც ეხება ბავშვთა სოციალურ გაძლიერებას და  ოჯახების მხარდაჭრას. ანუ დეკლარაციულად ჩავწერეთ, რომ გაძლიერდება ოჯახები, ადგილობრივი თვითმმართველობა რაღაცას გააკეთებს და მითითებულია გარდამავალ დებულებებში, რომ მერე გადავწყვეტთ, რას გააკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს არ არის სწორი სტანდარტი იმ თვალსაზრისით რომ აძლევ ძალიან მაღალ თავისუფლებას სხვადასხა უწყებებს, რომ იმოქმედოს ისე, როგორც თვითონ მიიჩნევენ საჭიროდ. კოდექსი პირიქით უნდა აკეთებდეს, ის ძირითად პრინციპს უნდა კარნახობდეს ამ ორგანოებს. ამგვარ მითითებებს თითქმის არ აკეთებს კოდექსი და პრინციპში მთელი ტვირთი გადადის იმ აღმასრულებლებზე, ვისაც დაევალება. კანონი მკაფიო კრიტერიუმს არ გვთავაზობს", - ამბობს ანა აბაშიძე. 

მისი თქმით, არავინ საუბრობს რესურსებზე, რადგან ეს იდეები და სიახლეები მოითხოვს გარკვეულ რესურსს და დანახარჯს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა ეს რესურსები, რომ დავიჯეროთ, რამდენად შესრულებადია კოდექსით გათალისწინებული ცვლილებები ბავშვთა ზრუნვის სისტემაში. 

უშუალოდ შინაარსის ნაწილში, ანა აბაშიძე აღნიშანვს, რომ გარკვეულ საკითხებში კოდექსი ბევრად დაბალ სტანდარტს გვთავაზობს, ვიდრე ბავშვის უფლებათა კონვენცია.

„მაგალითად, რელიგიის ნაწილში უფლებას აძლევს მშობელს, გადაწყვიტოს მორალური, რელიგიური თუ მსოფლმხედველობითი განვითარება მისი შეხედეულების მიხედვით, ბავშვის კი არა, არამედ მშობლის შეხედულების მიხედვით. კონვენციის სტანდარტი როლს ანიჭებს მშობელს, მაგრამ არ ანაცვლებს ბავშვის სურვილებს, მაგალითად, არ აძლევს ამხელა უფლებას მშობელს. ეუბნება, რომ შენ, როგორც მშობელს, გაქვს უფლება, მითითებები, მიმართულებები მისცე, მაგრამ არ მიიღო განაწყვეტილება მის მაგივრად. 

ასევე, დისკრიმინაციაზეა საუბარი და არ არის ნახსენები სქესის ნიშნით დისკრიმინაცია, რაც იმედი მაქვს, რომ ტექნიკური ხარვეზია. იქნება გენდერული იდენტობა თუ სექსუალური ორიენტაცია, ვიცით ბულინგის მაღალი მონაცემები,  მწვავე დისკრიმინაციის ფაქტები იმავე სკოლაში და სხვა ადგილებში. სრულწლოვანებმადე ადამიანი სხვადასხვა ეტაპს გადის შეხედულებების ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ ჩვენი მთავარი პრინციპია, ამ ჩამოყალიბების პროცესში უხეშად არავინ ჩაერიოს, "- ამბობს ანა აბაშიძე. 

შეხვედრაზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კომენტარების მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტზე მუშაობა დასრულდება და ის ინიცირებული იქნება პარლამენტში. კოდექსის მიღებას პარლამენტი 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^