საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, პატრიარქ ილია II-ს განხადება მისთვის პატიმრების შეწყალების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ პატიმართა თანადგომისა და სოლიდარობის ნიშნად ნათქვამი იყო და ამ წინადადების საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ მოუთხოვია.
„ა.წ. 5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
ილია II-მ გუშინ განაცხადა, რომ პატრიარქს პატიმრებისა და ბრალდებულების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.
„ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს",- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, მას არ ახსენდება შემთხვევა, როცა „ეს მძიმე ტვირთი სახელმწიფოს მეთაურის გარდა ვინმეს ჰქონდეს". მისი თქმით, „შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის".
თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივაზე მთავრობამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს.