„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, NDI-ს კვლევებში დავით ბაქრაძის რეიტინგი პარტიის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შედეგია.
„დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით, როგორც სამსახურებრივი საქმიანობის მოწონებით, ასევე პირადი სიმპატიით პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგია. ეს დათოს პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა. ის მუდმივ შეხებაშია ხალხთან, დადის შეხვედრებზე, ისმენს მათ პრობლემებს, ცდილობს, გადაწყვიტოს ეს პრობლემები და ხშირად წარმატებითაც. ასე, რომ, მისი პიროვნული მონაცემების, მუშაობისა და, რა თქმა უნდა, პარტიის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შედეგია ეს რეიტინგი" - ამბობს ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო ხალხთან, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.
„ვიცით, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ელექტორატი გვყავს, მაგრამ ამის მიღმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თვალი გავუსწოროთ იმ პრობლემებს, შეცდომებს, რაც წარსულში გვქონდა, ხალხს დავანახოთ, რომ ვისწავლეთ ამ შეცდომებზე და ამავდროულად დავანახოთ ჩვენი სამომავლო ხედვა - რა ტიპის რეფორმებს გავატარებთ იმისთვის, რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა. რაც შეეხება მონაცემებს, ეს შუალედურია, გასაგებია, რომ ოცნების რეიტინგი კატასტროფულად იკლებს, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიმატოთ ამომრჩეველი“ - თქვა ცისკარიშვილმა.
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15%-ს ქართველი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მეტად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით ბაქრაძე მოსწონს; 7%-ს - ირაკლი ალასანია, 6%-ს - შალვა ნათელაშვილი; 5%-ს - გიორგი კვირიკაშვილი, 3-3%-ს კი - დავით სერგეენკო და ნინო ბურჯანაძე.
კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ყველა რესპონდენტის პასუხის მიხედვით, მოსახლეობის 15% კოალიცია „ქართულ ოცნებას" ასახელებს, შემდეგ მოდის „ნაციონალური მოძრაობა" - 13%; თავისუფალი დემოკრატები - 6%; მოსახლეობის 36%-მა არ იცის, თუ ვის მისცემს ხმას.
NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან 4 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/-1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.