
„ჩვენ ნამდვილად გვქონდა JUST TAXI-ის პროექტი, რომელიც სრულიად სხვა რამეს გულისხმობდა - ტაქსებში უნდა ყოფილიყო სპეციალური მონიტორი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ტაქსიდან შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა მომსახურების შეკვეთა “, - აცხადებს „ლიბერალთან" საუბარში იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძე.
„თავიდან სათაური რომ ვნახე - JUST TAXI, მეგონა, ის კონცეფცია იქნებოდა რეალიზებული, რაც ჩვენ გვქონდა ჩადებული, . ჩვენი კონცეფცია იყო ასეთი, რომ ჯდებოდი ტაქსიში, უკან იქნებოდა მონიტორები, ამ მონიტორზე შეიძლებოდა სხვადასხვა მომსახურების მიღება, მაგალითად, ამონაწერის განახლება, ფოტოს გადაღება პასპორტისთვის, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ კერძო კომპანიები დაინტერესდებოდნენ და თავად დაიმატებდნენ ამას თავიანთ ტაქსიში. ეს იყო სტიმულირებისთვის გადადგმული ნაბიჯი, კერძო სექტორის დასაინტერესებლად“, - ამბობს ვაშაძე.
მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ სახელმწიფო სექტორმა დაიწყოს ტაქსით მომსახურება.
„თუ იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს რაც გააკეთეს, ინოვაციაა, ძალიან ცდება, იმიტომ, რომ შედის ისეთ ბიზნესში, რომელიც მისი საქმე არაა; მეორე ის, რომ კონკურენციას უწევს კერძო სექტორს. ინოვაცია და ტაქსის მომსახურება არაფერ კავშირში არაა ერთმანეთთან. ლოგიკაში არ ჯდება, სად იუსტიციის სამინისტრო და სად ტაქსით მომსახურება?! ინოვაციურობას თუ ფიქრობენ, ეს ინოვაცია კი არ არის, ეს არის საბჭოთა კავშირი, როდესაც ტაქსებს უშვებდა სახელმწიფო, სახელმწიფო სვამდა მძღოლებს ამ ტაქსზე, მარტო ის არეგულირებდა, რომელი მანქანა უნდა ყოფილიყო ტაქსი და რომელი არა. კერძო ტაქსოპარკები არ არსებობდა. ეს არის საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირი ინოვაცია რომ არ არის, ეს ცხადია“, - ამბობს ვაშაძე.
მისი შეფასებით, უწყება უნდა ზრუნავდეს კონკურენტული გარემოს შექმნაზე.
მისი თქმით, ამგვარი პროექტი კარგი იქნებოდა მაგალითად ქალაქგარეთ, სავაჭრო ცენტრებისთვის, რაც მოქალაქეებისთვის დამატებითი კომფორტი იქნებოდა.
„ყველა უწყებამ თავისი ტაქსი რომ გააკეთოს, ცოტა სასაცილო იქნება, სხვა თუ არაფერი. რაც ახლა ვნახეთ, შოკირებული ვიყავი, ოპერატორთან მიდიხარ და ტაქს გამოიძახებ, რა ვიცი, გარეთ ტაქსებიც დგანან, ძალიან ბევრი ტაქსის კომპანიის ნომერიც არსებობს, რომელსაც შეგიძლია, დაურეკო. სახელმწიფო რომ ტაქსის ბიზნესს არ უნდა ეწეოდეს, ესაც ცალსახაა“, - ამბობს ვაშაძე.
Just Taxi-ის მძღოლმა ასაკით უფროს მომხმარებელს უნდა მიმართოს - „ბატონო", „ქალბატონო"
თბილისის იუსტიციის სახლმა პროექტის - „JUSTtaxi-ის“ ფარგლებში, იუსტიციის სახლის მომხმარებელთა ტაქსით მომსახურების უზრუნველსაყოფად, ტაქსების სადგომის მოწყობისთვის იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული, 84,8 კვ.მ. (თბილისში, სანაპიროს ქ. N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი) ფართი 2 წლით იჯარით გასცა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს „სენა მოტორსი“ გამოვლინდა.
აუქციონის პირობების შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ იუსტიციის სახლმა მიაწოდა.
იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირა 4 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 100 ლარით.