Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაბრუნდება თუ არა „ბიზნესკონტაქტი“ ეთერში - გუნდის 32 წევრი პასუხის მოლოდინში

09 ივნისი, 2016 18:07

„ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს შიდა მოკვლევა, ან რის გამო ჩატარდა. ერთადერთი დარღვევა, რაც წერილში აღნიშნეს, იყო მენეჯმენტთან შეთანხმების გარეშე კონკურენტ არხზე მისვლა. იმ მომენტისათვის გიორგი ისაკაძე კვლავ ჩვენი მენეჯერი იყო, მას მეორე დღეს უჩერდებოდა უფლებამოსილება და ჩვენ მანამდეც, იმ 2 წლის განმავლობაში ყოველთვის მასთან და მხოლოდ მასთან ვათანხმებდით მსგავს საკითხებს. თან სიტყვაც არ გვითქვამს იმ გადაცემაში“, - „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტი თელარა გელანტია „ლიბერალთან“ საუბარში ქრონოლოგიურად იხსენებს არხის ხელმძღვანელობასა და გადაცემების გუნდს შორის განვითარებულ მოვლენებს, რამაც საბოლოოდ 32-ვე თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების შეჩერება გამოიწვია. „ბიზნესკონტაქტი“ და „საქმიანი დილა“ კი „მაესტროს“ გადაცემების ჩამონათვალიდან ამოიღეს.

ჟურნალისტის თქმით, ამ ეტაპზე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური მათ პირადად აღარ ესაუბრება და მხოლოდ იურისტების საშუალებით აქვთ კონტაქტი.

„31 მაისს ჩვენ ვიყავით გადაცემა „არჩევანში“, სადაც ერთ-ერთი თემა იყო მედიაგარემო და ბრძოლა „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. იქ იყვნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი, „კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მედიაექსპერტი ნინო დანელია, „ქრონიკა პლუსის" რედაქტორი ელისო კილაძე. მათ შორის დაპატიჟეს გიორგი ისაკაძე, რომელიც არის ჩვენი პროექტების მენეჯერი. გიორგის გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე გამოქვეყნებული იყო და ეს ბრძანება  1 ივნისიდან ამოქმედდებოდა. გიორგი როცა დაპატიჟეს, „არჩევანის“ პროდუსერმა დაურეკა ჩვენს პროდუსერს და უთხრა, რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ, მოხვიდეთ გადაცემაში. ჩვენ გამოვთქვით სურვილი. უფრო მეტსაც უნდოდა წამოსვლა, მაგრამ მეორე დღისთვის გადაცემისთვისაც ვემზადებოდით და ვინც მოვახერხეთ - მეც ვიყავი ერთ-ერთი, ჩემი პროდუსერი თამუნა ქემერტელიძე, საქმიანი დილის წამყვანი ბექა ბაციკაძე და ბიზნესკონტაქტის წამყვანი ელენე კვანჭილაშვილი - წავედით. წინასწარ ვიცოდით, რომ ჩვენ უბრალოდ ვიქნებოდით სტუდიაში და კომენტარს არ ვაკეთებდით. ეს იყო უბრალოდ გიორგი ისაკაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. ეს კარგად იცოდა ჩვენმა დირექტორმაც - თუ გიორგი ისაკაძე არ იქნებოდა ჩვენი ხელმძღვანელი, ჩვენ მზად ვიყავით, კანონით დადგენილ ვადებში დაგვეტოვებინა „მაესტრო“.  გადაცემაში გიორგიმ თქვა, რომ, რადგანაც იყო ჩვენთვის დამოუკიდებლობის გარანტი, იმუშავებდა 1 ლარად პროექტების ხელმძღვანელად. ანუ უარი თქვა როგორც იმ 5000 ლარზე, რომელიც ჰქონდა, როგორც პროექტების მენეჯერს, ასევე იმ 3000 ლარზე, რომელიც გიორგიმ მოითხოვა, საკმაოდ კანონიერადაც გადაცემის წამყვანობისთვის - უფასოდ არავინ მუშაობს“, - ამბობს თელარა გელანტია.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, გაუგებარია „მაესტროს“ ხელმძღვანელობის მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობა, იმით რომ ისაკაძემ ხელფასის 8000 ლარამდე გაზრდა მოითხოვა. გელანტიას განმარტებით, ისაკაძე ოქტომბრიდან ყოველ პარასკევს იყო ბიზნესკონტაქტის წამყვანი, საათნახევრიანი გადაცემის და ლოგიკურია, რომ ამაში ხელფასი  მოეთხოვა.

„სიტყვიერი შეთანხმება „მაესტროს“ მაშინდელ ხელმძღვანელობასა და გიორგის შორის იყო. შემდეგ სულ პრობლემები იყო „მაესტროზე“, დამფუძნებლების დავა, ჩვენ ისედაც ხელფასი ძალიან ცუდად გვირიგდებოდა და ამიტომ ეს გაიწელა და გაიწელა. ახლა, როცა უკვე დალაგდა ფინანსური სიტუაცია „მაესტროზე“, ბუნებრივია, გიორგიმ მიმართა ხელმძღვანელობას წერილობით და არამარტო საკუთარი ხელფასის შესახებ - აქ იყო საუბარი მოტივაციის გაზრდის მიზნით დანარჩენ გუნდზეც. მიიღო უარი. გიორგიმ თქვა, რომ კარგი, მე არ წავიყვან გადაცემას, მე დავრჩები პროექტების მენეჯერად, რაზეც მენეჯმენტისგან მიიღო უკვე საერთოდ უარი არხზე დარჩენაზე“, - ამბობს გელანტია.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს ამის შემდეგ გუნდის სახელით მათ წერილობით მიმართეს ზურაბ ნაყეურს.

„ჩვენ მივწერეთ ხელმძღვანელობას ამ შინაარსის წერილი, გვითხარით, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ისაკაძესთან დაკავშირებით, დატოვებთ თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გიტოვებთ უფლებას, გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება და გაგვიშვათ სამსახურიდან. ამაზე პასუხი მივიღეთ, რომ „მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი უფლება და არ ვაპირებ, რომ ასე მოვიქცე“. 1 ივნისს ჩვენ კიდევ ერთხელ მივწერეთ იმავე შინაარსის წერილი, სადაც დავამატეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიყავით მზად კონტრაქტით განსაზღვრულ ვადაში, ანუ 30 დღის შემდეგ მთელი გუნდი წავსულიყავით სამსახურიდან. მენეჯმენტმა ითხოვა 2-3 დღე. 2 დღეში მოგვივიდა პასუხი, სადაც ეწერა, რომ გამომდინარე ჩვენი მისვლიდან გადაცემა „არჩევანში“, კონკრეტულ 4 ჟურნალისტს შეუჩერდა უფლებამოსილება“, - ამბობს თელარა გელანტია.

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მათი უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება დაემთხვა გუნდის მიერ მომზადებულ გადაცემას, რომელიც მთლიანად „ბიზნესკონტაქტის“ არსებობის მნიშვნელობას მიუძღვნეს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ერთი გადაცემა გაგვეკეთებინა მთლიანად ჩვენზე. მე პირადად ჩავწერე ყველაზე მეტად ვისაც ვაკრიტიკებ ხოლმე - ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, ფინანსტა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკური პროფილის თითქმის ყველა წარმომადგენელი. ასევე ჩაწერილი გვყავდა ჩვენი ყველაზე ხშირი რესპოდენტები, ბიზნესმენები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდიაში გვყავდა საქართველოს ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობა, ასევე სარა უილიამსონი, ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ბეირუთიდან ჩაგვერთო ფადი ასლი. გადაცემა იყო იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტის არსებობა მედიასივრცეში, თან ყველამ იცის, რომ ჩვენი მედიაგარემო ასეთი ყოველდღიური ერთსაათიანი გადაცემებით ეკონომიკა-ბიზნესზე განებივრებული არ არის. ეს გადაცემა გავიდა და მისი დასრულების შემდეგ მოვიდა ბრძანება“, - იხსენებს გელანტია.

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ამის შემდეგ, გუნდის დანარჩენმა წევრებმა, 28 ადამიანმა წერილობით მიმართეს დირექტორს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინიც იზიარებდნენ კოლეგების მოსაზრებებს, ისინიც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მათ ადგილზე „არჩევანში“ და მაშინ, ისინიც იმსახურებდნენ გაშვებას.

„1 საათიც არ იყო გასული, ნაყეურმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და მოვიდა ახალი ბრძანება, ოღონდ იმ 28 ადამიანის გარდა იყო ჩვენი, უკვე სტატუსშეჩერებული 4 ჟურნალისტის გვარებიც. გამოდის, „მაესტროს“ იურისტებმა 2-ჯერ შეგვიჩერეს უფლებამოსილება, ალბათ მეტი სიმყარისთვის. ბრძანებაში ჩაწერეს „შრომითი კონტრაქტის დროებითი შეჩერება შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა პუნქტით“, რაც გულისხმობს გაფიცვას. ესეც ძალიან ბუნდოვანია, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ გაფიცვა არის დასაქმებულის უფლება, თან ამასაც აქვს თავისი წესები. დასაქმებულმა 3 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს მენეჯმენტი, რომ აპირებს გაფიცვას, უნდა მისცეს ვადა, რამდენ ხანში იფიცება და მოთხოვნა - რის გამო. მსგავსი რამ ჩვენ არათუ წერილობით, სიტყვიერადაც არ გვიხსენებია. ერთადერთი, წამყვანმა სანდრო ვეფხვაძემ თქვა, რომ იმის გამო, რომ „ბიზნესკონტაქტის“ პროდუსერს თამუნა ქემერტელიძეს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება, ჩვენ ვიხსნიდით პასუხისმგებლობას გადაცემების უწყვეტობაზე. ეს სრულიად ლოგიკურია, რადგან როცა გადაცემას არ ჰყავს პროდუსერი ტელევიზიაში, რთულია, თუ წარმოუდგენელია არა, ამ გადაცემების მომზადება. ეს უნდა სცოდნოდა ზურაბ ნაყეურს, როცა მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას აწერდა ხელს, რომ თამუნას არ ჰყავდა არც შემცვლელი და არც თანაშემწე, რომელიც მის ფუნქციებს შეითავსებდა. თან რა შუაშია გაფიცვის მუხლი. ჩაეწერათ, რომ რადგან ითხოვთ, გიკმაყოფილებთ მოთხოვნას. ეს სრულიად გაუგებარია ჩვენთვისაც და იმ იურისტებისთვისაც, ვისაც ჩვენ კონსულტაციებისთვის მივმართავთ“, - ამბობს გელანტია.

ჟურნალისტი ჰყვება, რომ ამის შემდეგ მათ წერილით მიმართეს ხელმძღვანელობას იმის გასარკვევად, რა ვადით შეუჩერდათ უფლებამოსილება, რის საფუძველზე და როდის აღუდგენდნენ. გელანტიას თქმით, წერილი მიიტანეს, მაგრამ დირექტორმა არ ჩაიბარა და მისი DHL-ით გამოგზავნა მოითხოვა.

„ორშაბათს ეს წერილი უკვე DHL-ით მიიღო ზურაბ ნაყეურმა და მას შემდეგ ველოდებით პასუხს. ერთხელ დავურეკეთ ამ დღეების განმავლობაში და მან თქვა, რომ მხოლოდ იურისტების საშუალებით უნდა ვისაუბროთ. ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ჩვენი უფლებამოსილების შეჩერებას გაუგებარი მიზეზით. არამგონია რთული იყოს იმის მოკვლევა, რა ზიანი მივაყენე მე „მაესტროს“ „რუსთავი 2-ზე“ რამდენიმეწამიანი გამოჩენით. ვფიქრობ, იმაზე მეტი არა, რაც მიაყენა ზურაბ ნაყეურმა, რომ დღეს „მაესტროზე“ აღარ გადის „ბიზნესკონტაქტი“, - ამბობს გელანტია.

ჟურნალისტი ეხმაურება ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ნაყეურის კომენტარს, სადაც „მაესტროს“ ხელმძღვანელი ამბობს „დაბრუნდნენ და გააგრძელონ მუშაობა, ჯაჭვით ხომ არ წამოვათრევო“.

„ეს იმ ფონზე, როცა მე პირადი ნივთების წამოსაღებად მისულს დაცვის თანხლება დამჭირდა შენობაში შესასვლელად, რადგან ჩემი საშვი გაუქმებულია. „მაესტროს“ ვებგვერდზე კი გადაცემების ჩამონათვალიდან ნაყეურის გადაწყვეტილებით ამოიღეს „ბიზნესკონტაქტი“ და „საქმიანი დილა“. თანაც ის არგუმენტი, რომ მოკვლევა მიდის ჩვენს შესახებ, ჩვენთვის უფლებამოსილების შეჩერების აუცილებლობას არ მოითხოვდა. როგორც ჩვენ იურისტებმა აგვიხსნეს, შესაძლებელი იყო ჩვენთვის მხოლოდ ეცნობებინათ  ამ მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ და ამის პარალელურად ჩვენ შეგვძლებოდა საქმიანობის გაგრძელება მოკვლევის დასრულებამდე. ეს გადაწყვეტილება ამ სახით თავად ნაყეურმა მიიღო“, - ამბობს გელანტია.

მისი თქმით, სასამართლოში რომ არ გაგრძელდეს ეს დავა, ამისთვის ნაყეურმა პირველ რიგში მაისის თვის ხელფასი უნდა აუნაზღაუროს „ბიზნესკონტაქტის“ გუნდს, გააგებინოს მათ დასრულდა თუ არა მოკვლევა და რა შედეგით; მიაყენეს თუ არა ზიანი „მაესტროს“ ამ ჟურნალისტებმა და საერთოდ, სურთ თუ არა ამ გადაცემის გაშვება, რომელიც ყოველ დღე ბადის 4 საათს ავსებდა.

თელარა გელანტია „აუთსორსთან" დაკავშირებითაც საუბრობს.

„თებერვალში, მას შემდეგ, რაც საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა გიორგი გაჩეჩილაძე და იყო საუბარი, რომ არხი ორად გაიყოფოდა, თათბირებზე გიორგი ისაკაძემ მაკა ასათიანის წინაშეც თქვა, რომ რადგან ბიზნესგადაცემებს ვაკეთებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთან მოდიოდეს ყველა, მოდიოდეს მთავრობა, მოდიოდეს ოპოზიცია. ყველამ კარგად იცის, ბიზნესი როგორი ფრთხილია ხოლმე ასეთ დროს. ჩვენ გვქონდა ჩვენი რეპუტაცია, ბიზნესი გვენდობოდა, იცოდნენ სად მოდიოდნენ. ამიტომ გიორგიმ თქვა, რომ ჩვენ „მაესტროსთან“ თანამშრომლობა მიუხედავად იმისა, ვინ მოვიდოდა მენეჯმენტში წარმოგვედგინა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიქნებოდით „აუთსორსზე". ამაზე მან მაკა ასათიანისგან სიტყვიერი თანხმობა მიიღო. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა, შეიცვალა მენეჯმენტი. ნაყეურის მოსვლის შემდეგ, ისაკაძეს მასთან ჰქონდა ამ თემაზე კომუნიკაცია და მიიღო პასუხი, რომ განიხილავდნენ ამ თემას, უარი არ უთქვამს. შემდეგ შეხვედრაზე უკვე ნაყეურის პასუხი მივიღეთ, რომ რადგან „მაესტროს“ სარეკლამო დრო მთლიანად ნაყიდი აქვს „იმედს“ ერთი წლით, ეს შეუძლებელი იყო. ჩვენ წავედით კომპრომისზე და შევთავაზეთ ეს 2017 წლის იანვარიდან განგვეხილა, როცა „იმედთან“ კონტრაქტს ვადა გაუვიდოდა. ამაზე ისაკაძემ ნაყეურისგან მაშინ სიტყვიერი დასტური მიიღო“, - ამბობს თელარა გელანტია, - „ჩვენ ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, ბურთი არის ნაყეურის მოედანზე“.

არხის დირექტორი ზურაბ ნაყეური 32 თანამშრომლის საკითხს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: „ვინაიდან „მაესტროს“ ღია ეთერით გაკეთდა განცხადება, სადაც გადაცემების წამყვანებმა მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მიმართეს „მაესტროს“ დირექციას ულტიმატუმით, სადაც ისინი მოითხოვდნენ ყოფილი თანამშრომლის გიორგი ისაკაძის სამსახურში აღდგენას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებდნენ უფლებას მთელი გუნდით ტელევიზიის დატოვებისა; ასევე ვინაიდან გაკეთდა სტუდია „მაესტროს“ დირექტორის განცხადება, სადაც ის უარით პასუხობს გიორგი ისაკაძის შეთავაზებას და ვინაიდან ამ დრომდე გაურკვეველი რჩება ამ გუნდის წევრების პოზიცია სტუდია „მაესტროსთან“ შრომითი უფლებების გაგრძელების შესახებ, ვბრძანებ: საქმის ვითარების სრულ გარკვევამდე დროებით შეუწყდეთ შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 2 ივნისიდან თანამშრომლებს".

„ბიზნესკონტაქტი“ „მაესტროს“ ხელმძღვანელობას: უფლებას გიტოვებთ დაგვითხოვოთ სამსახურიდან

გიორგი ისაკაძე „მაესტროდან“ გაუშვეს - „მე ეს პროექტები დახურვისთვის არ შემიქმნია“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^