ჯანდაცვის სამინისტროსთან სამედიცინო დაწესებულება „ურანტის" თანამშრომლების აქცია გაიმართა. ისინი ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მეთადონის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას მხოლოდ ცენტრი განახორციელებს და „ურანტი", როგორც ქვეკონტრაქტორი სერვისის მიწოდებაში ჩართული აღარ იქნება.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას „ურანტის" თანამშრომელი ზაზა შენგელია ამბობს, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წინადადება, რომ „ურანტის" თანამშრომლები უმუშევრები არ დარჩებიან და რომ ცენტრი მათ თანამშრომლობას შესთავაზებს, „არა შეთავაზება, არამედ იძულებაა".
„ეს არის ხელის გადაგრეხის მეთოდით მოქმედება და კონკურენტის ფიზიკურად განადგურება", - ამბობს შენგელია.
მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე სამედინიცო დაწესებულება „ურანტის" ხელმძღვანელსა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის დირექტორს შეხვდა.
სოფრომაძე აცხადებს, რომ დავა პირველ რიგში ცენტრსა და „ურანტს" შორის უნდა დარეგულირდეს, თუმცა „ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტრო ვერ ან არ ჩაერევა გარკვეული ტიპის რეგულაციებში". მისი თქმით, სამინისტრო თვალს მიადევნებს საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
როგორც „ურანტის" ხელმძღვანელი ზურა სიხარულიძე ამბობს, მან შეხვედრაზე მხარეებს შესთავზა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მოდელის დახვეწაზე იმუშავებს.
სიხარულიძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამის რეფორმირებას დრო სჭირდება, მან შესთავაზა, არსებული მოდელი არჩევნების დასრულებამდე შენარჩუნდეს, თუმცა, მისივე თქმით, ამ წინადადებაზე დღევანდელ შეხვედრაზე პასუხი არ მიუღია.