საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აჭარის ტელევიზია ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის განცხადების სრულ ვერსიას აქვეყნებს. გენერალური კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა განაცხადა, რომ ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან.
კონსული მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მოარიდონ. იასინ თემისქანი განმარტავს, რომ სკოლა-ლიცეუმი, ტერორისტული დაჯგუფებების ქოლგის ქვეშ იმართება და ამავე იდეოლოგიით იზრდებიან. კონსულის ინფორმაციით, სკოლა, ტერორისტ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.
საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. „ამ დროისთვის ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს", - აცხადებს ჯეჯელავა.
ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად საქართველოში მოქმედმა სკოლებმა – რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სკოლა–ლიცეუმი „სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრება“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში, განსაკუთრებით ერთ–ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.