„კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა" - ამის შესახებ განცხადებას კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" ავრცელებს.
კოალიცია აღნიშნავს, რომ „რეალური სივრცე“ თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი წარმატებული ტოქშოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს.
ნინო ზაუტაშვილი: მეც, როგორც ყველა თანამშრომელი, ველოდები ორშაბათ
„კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს, თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში.
კოალიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება პროცესების ამგვარ განვითარებას და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს გენერალური დირექტორის გეგმებს" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.