საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების, ქეთევან მსხილაძის და სულხან სალაძის ინფორმაციით, ორშაბათს სამეურვეო საბჭოსთან დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა გენერალურმა დირექტორმა გააუქმა. მათ ამის შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
„სამეურვეო საბჭოს აპარატიდან მივიღე წერილი რომ ორშაბათის სამუშაო შეხვედრა გაუქმებულია, მიზეზის შესახებ არაფერი მოუწერიათ. იმის ნაცვლად რომ ჩაეტარებინათ ღია შეხვედრა და საჯარო გაეხადათ თავიანთი გეგმა რომ საზოგადოებას, საბჭოს წევრებს და მე პირადად მიმეღო სრული ინფორმაცია, გააუქმეს შეხვედრა და დატოვეს ისევ გაუგებრობა.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ქეთევან მსხილაძემ.
„ლიბერალი" დაუკავშირდა დირექტორის მრჩეველს, ია ანთაძეს. მან დაადასტურა, რომ ბორდთან სამუშაო შეხვედრა ორშაბათს აღარ გაიმართება და დირექტორი თავის ხედვას მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით მედიის საშუალებით საზოგადოებას ორშაბათს 12 საათზე წარუდგენს.
„ბორდს გადასცემენ დოკუმენტებს. ამის შემდეგ ჩატარდება პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან და საზოგადოებას წარედგინება ხედვა. რაც შეეხება იმას, რა ფორმატში გადასცემენ ბორდს ამ დოკუმენტებს, კანცელარიას დაუტოვებენ, თუ როგორ იქნება, ამას ამ წუთას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამის შემდეგ ბორდმა მსჯელობა უნდა დაიწყოს“.- განუცხადა "ლიბერალს" ია ანთაძემ.