განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც სამინისტრო და გამომცემლები შეთანხმდნენ, ასევე იმ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა.
რა საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ სამინისტრო და გამომცემლები
თეიმურაზ მურღულიას განმარტებით, შეთანხმება ორ პრინციპულ საკითხზე ვერ შედგა. პირველი, - გამომცემლების მოთხოვნას, რომ თავიანთი მომზადებული წიგნები თავადვე დაბეჭდონ, სამინისტრო არ ეთანხმება.
„დღეს წიგნების წარმოება და მათი ბეჭდვა ორი განსხვავებული სეგმენტია. ამის დასტურია გამომცემლები, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სტამბა და პირიქით, არის სტამბები, რომლებიც არ არის გამომცემლობის ნაწილი. ამის დასტურია ელექტრონული წიგნებიც, რომლებიც საერთოდ არ იბეჭდება. ამ ფონზე, აუცილებელი არ არის, საუკეთესო წიგნის შემქმნელმა ყველაზე კარგად დაბეჭდვაც შეძლოს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვხედავთ გამომცემელთა ნაწილის სურვილს, არ დაუშვას ბაზარზე კონკურენცია და ახალი მოთამაშეები, რომელთა გამოჩენის პროცესს სამინისტრო ინტენსიურად შეუწყობს ხელს, რადგან წიგნებს ავტორები ქმნიან და არა გამომცემლები“,- განაცხადა მან.
მეორე საკითხი, რომელზეც გამომცემლები და სამინისტრო ვერ შეთანხმდნენ, გრიფირებულ სახელმძღვანელოებზე ტენდერის გამოცხადებაა. მურღულიას განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, საბიუჯეტო სახსრებით რამის შეძენა, მით უმეტეს, თუ საქმე რამდენიმე მილიონს ეხება, უნდა განხორციელდეს ტენდერით.
იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც უკვე გრიფირებას გაივლიან, სახელმწიფო ტენდერის მეშვეობით შეისყიდის. ანუ გრიფის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმძღვანელო სკოლაში შევა.
მისივე თქმით, სამინისტროსთვის მიუღებელია პოზიცია, თითქოს ინტელექტუალურ საკუთრებაზე ტენდერის გამართვა დაუშვებელია. „ნებისმიერი პროდუქტის გამომტანი ბაზარზე არ არის გარანტირებული, რომ მისი პროდუქტი გაიყიდება, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე პროდუქტი, მათ შორის ინტელექტუალური, გარანტირებულად უნდა შეიძინოს სახელმწიფომ“,- განაცხადა მან.
მისივე თქმით, გრიფირების ახალი წესის თანახმად, გრიფირებისთვის დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა და ფიქსირებული თანხა 100 ლარი იქნება. გარდა ამისა, გამომცემლებს შეუძლიათ, გრიფირებული სახელმძღვანელოები კერძო სკოლებს შესთავაზონ.
„არავინ არ ზღუდავს არავის, რომ კერძო სკოლებში წარადგინოს ნებისმიერი გრიფირებული წიგნი. რაც შეეხება საჯარო სკოლას, ჩვენ გვაქვს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომ არ გავწიოთ ზედმეტი ხარჯი, ამიტომ ჩვენ შევარჩევთ გრიფირებულ, ანუ ხარისხიან წიგნებს შორის ყველაზე ოპტიმალურ ფასს. ჩვენ აბსოლუტურად დაბალი ფასით არ ვიხელმძღვანელებთ; ვიხელმძღვანელებთ ხარისხისა და ფასის შეწონილი კომპონენტით, სადაც ფასის კომპონენტი არის ძალიან დაბალი.“
რა საკითხებზე შეთანხმდნენ გამომცემლები და სამინისტრო
თეიმურაზ მურღულიას თქმით, აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმება შედგა სამინისტროსა და იმ გამომცემლებს შორის, რომლებიც „არ გაემიჯნენ პროცესს და არ შეუშინდნენ კოლეგების ზეწოლას.“
მისი თქმით, შემუშავდა გრიფირების ახალი ფორმატი, რომელიც აპელაციის ახალ ინსტრუმენტებს, თანასწორობასა და მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს.
შემუშავდა საავტორო უფლებების დაცვის მოდელი ჰოლოგრამის გამოყენებით - უფრო კონკრეტულად კი გამომცემელი სამინისტროს გადასცემს ჰოლოგრამას, რომელსაც აკრავენ წიგნს, იმის ნიშნად, რომ წიგნი ავტორის ნებართვით იბეჭდება. მისივე თქმით, მაგალითისთვის მსგავსი მოდელი გამოყენებულია აქციზურ მარკებში.
გაუქმდა შინაარსობრივი გრიფირების საფასური - რაც აქამდე თითო კლასის სახელმძღვანელოს შემთხვევაში ღირდა 1600 ლარი, მომავალში იქნება არაუმეტეს 100 ლარისა. მისი თქმით, გრიფირების მაღალი საფასური ახალ ავტორებს უქმნიდა რისკს, რომ წინასწარ გადაეხადათ თანხა, მაგრამ ვერ გაევლოთ გრიფირება, ამ ბარიერის გაუქმებით კი მათ მეტი შესაძლებლობა ეძლევათ.
შემუშავდა ტენდერის გამარტივებული მოდელი. გარდა ამისა, გაუქმდა წინა გრიფირების ფარგლებში არსებული ჯარიმები. მაგალითად თუ გამომცემელი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ვერსიიდან განსხვავებულს დაბეჭდავდა, ჯარიმდებოდა 50 000 ლარით. მურღულიას თქმით ჯარიმა არარეალისტური იყო, ამიტომ სამუშაო შეხვედრებისას შეჯერდნენ, რომ გამომცემელი მხოლოდ გამოვლენილ ზარალს აანაზრაურებს.
და ბოლოს, საზღვარგარეთულ გამომცემლობებს უცხოენოვანი სახელმძღვანელოების მომზადებისას პრიორიტეტი აღარ მიენიჭებათ. ანუ ქართულ გამომცემლობებს შეეძლებათ უცხოენოვანი სახელმძღვანელოების მომზადება, თუ ისინი გაივლიან გრიფირებას. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მურღულიას თქმით, სამინისტრო ავტორებს ტრენინგებს სთავაზობს, ხარისხიანი სახელმძღვანელოების მოსამზადებლად.
რაც შეეხება ბიუჯეტს, წინა გრიფირებისთვის გამოყოფილ თანხასთან შედარებით, მურღულიას თქმით, ის დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი და საპროგნოზო ღირებულება (ბეჭდვის გარეშე) 7.5 მილიონი ლარია, თუმცა კონკურენცია ამ თანხას შეამცირებს.
მისივე თქმით, იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც გამომცემლები და სამინისტრო შეთანხმდნენ, სატენდერო პირობები 31 მარტამდე გამოქვეყნდება, ტენდერი კი მოგვიანებით გამოცხადდება. რაც შეეხება გრიფირების წესს, წესი მინისტრის ბრძანებით 16 თებერვალს დამტკიცდა.
28 თებერვალს გამომცემლებისა და ავტორთა ნაწილმა სამინისტროში გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი განმარტებით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის მიხედვით, გამომცემლები და ავტორები სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციასა და შრომის სამართლიან ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.
გრიფირება I-VI კლასების სახელმძღვანელოებისთვის ცხადდება. როგორც დაგეგმილი იყო, 2017-2018 სასწავლო წელს I-VI კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭვდა ვერ მოესწრება, ამიტომ ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან შევა. როგორც მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, ახალი სახელმძღვანელოები 2017- 2018 სასწავლო წლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გასაცნობად, მაგრამ სკოლებისთვის არ დაიბეჭდება.