Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბუბა კუდავა: სამინისტრომ გადაწყვიტა, ამჯერადაც წაართვას ინტელექტუალური საკუთრება გამომცემლებს

28 მარტი, 2017 17:53

გამომცემლობების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციასა და  შრომის სამართლიან ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.

როგორც გამომცემლობა „არტანუჯის“ ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტრომ გადაწყვიტა, ამჯერადაც ძალადობრივი გზით წაართვას ინტელექტუალური საკუთრება გამომცემლებს. მისივე თქმით, ინტელექტუალური საკუთრება არ ნიშნავს მხოლოდ შექმნის უფლებას, ეს ნიშნავს განკარგვის უფლებასაც, ამდენად სახელმძღვანელოს შექმნისა და ბეჭდვის უფლება არის განუყოფელი.

კუდავას განმარტებით, სწორედ ამიტომ გამომცემლობის გადასაწყვეტია, თავის შექმნილ წიგნს თავადვე დაბეჭდავს, თუ ბეჭდვის უფლებას სხვას გადაცემს.

„ერთმა გამომცემლობამ თუ შექმნა მაღალი დონის სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 90% და მეორემ შექმნა სახელმძღვანელო, რომელსაც ირჩევს სკოლების 10%, თუკი ეს უკანასკნელი იქნება უფრო იაფი, სახელმწიფო შეისყიდის ნაკლებად ხარისხიან სახელმძღვანელოს, რომელიც პრაქტიკაში ცუდად იმუშავებს. სახელმძღვანელოს შექმნისა და განკარგვის, ანუ ბეჭდვის უფლება არის განუყოფელი. თუკი გამომცემლობა გადაწყვეტს, რომ მისი წიგნი უნდა დაბეჭდოს სხვამ, ეს მისი გადასაწყვეტია, შეიძლება ეს უფლება სხვას გადასცეს”, - განაცხადა ბუბა კუდავამ. 

მისივე თქმით, ქართული და უცხოური გამოცემები არათანაბარ პირობებში არიან.

„თუ ქართული გამომცემლობის მიერ შექმნილმა უცხოენოვანმა წიგნმა გაიმარჯვა სკოლაში, სამინისტრო შინაარსს ყიდულობს გამომცემლობისგან დაბალ ფასად და შემდგომ ბეჭდავს. თუ უცხოურმა გამომცემლობამ გაიმარჯვა ყიდულობენ არა შინაარსს, არამედ გამზადებულ წიგნს მათგან. არც ერთი უცხოური გამომცემლობა იმ პირობებზე არ დათანხმდება სამინისტროს, რა პირობებზეც უნდათ რომ ჩვენ დავთანხმდეთ“,- განაცხადა ბუბა კუდავამ.

გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, გვანცა ჯობავას განცხადებით, არსებული პირობებით ტენდერში მონაწილეობა გამომცემლებისთვის მიუღებელია, თუმცა ისინი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, გამომცემლების მოთხოვნას, რომ თავიანთი მომზადებული წიგნები თავადვე დაბეჭდონ, სამინისტრო არ ეთანხმება.

„დღეს წიგნების წარმოება და მათი ბეჭდვა ორი განსხვავებული სეგმენტია. ამის დასტურია გამომცემლები, რომლებსაც არა აქვთ საკუთარი სტამბა და პირიქით, არის სტამბები, რომლებიც არ არის გამომცემლობის ნაწილი. ამის დასტურია ელექტრონული წიგნებიც, რომლებიც საერთოდ არ იბეჭდება. ამ ფონზე, აუცილებელი არ არის, საუკეთესო წიგნის შემქმნელმა ყველაზე კარგად დაბეჭდვაც შეძლოს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვხედავთ გამომცემელთა ნაწილის სურვილს, არ დაუშვას ბაზარზე კონკურენცია და ახალი მოთამაშეები, რომელთა გამოჩენის პროცესს სამინისტრო ინტენსიურად შეუწყობს ხელს, რადგან წიგნებს ავტორები ქმნიან და არა გამომცემლები“,- განაცხადა მან.

28 თებერვალს გამომცემლებისა და ავტორთა ნაწილმა სამინისტროში გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი განმარტებით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესის მიხედვით, გამომცემლები და ავტორები სურვილისა და მზადყოფნის მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციასა და  შრომის სამართლიან ანაზღაურებას არ უზრუნველყოფს.

გრიფირება I-VI კლასების სახელმძღვანელოებისთვის ცხადდება. როგორც დაგეგმილი იყო, 2017-2018 სასწავლო წელს I-VI კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, განახლებული სახელმძღვანელოების დაბეჭვდა ვერ მოესწრება, ამიტომ ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 2018-2019 სასწავლო წლიდან შევა. როგორც მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, ახალი სახელმძღვანელოები 2017- 2018 სასწავლო წლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გასაცნობად, მაგრამ სკოლებისთვის არ დაიბეჭდება.

რაზე შეთანხმდნენ/ვერ შეთანხმდნენ სამინისტრო და გამომცემლები

წიგნის გამომცემლები: გრიფირების პირობები თანაბარ კონკურენციას არ უზრუნველყოფს

სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დამტკიცდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^